მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ღვთისშემეცნება და ღვთისთაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არის ღმერთის სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არის ღვთის განდიდება მისი ჭეშმარიტი შეცნობითა და მისდამი თაყვანისცემით, მართლმადიდებლობა არის ღვთის მიერ ადამიანის განდიდება, ჭეშმარიტი, ღვთის - მსახურისა, ყოვლადწმიდა სულის მინიჭებით. სულიწმიდა არის ქრისტიანთა დიდება, სადაც არ არის სულიწმიდა, იქ არ არის მართლმადიდებლობა.
მართლმადიდებლობა - სულიწმიდის სწავლებაა. ღვთისგან მონიჭებული ადამიანთა საცხოვნებლად. „ვისაც ცხონება სურს, უპირველესად უნდა ეპყრას კათოლიკე (საყოველთაო) სარწმუნეობა, ხოლო ვინც მას მთლიანად და უცვლელად არ იცავს, საუკუნოდ დაიღუპება“ - ამბობს ათანასე დიდი (წმ. ეგნატე ბრიანჩნინოვი.) წმ. მართლმადიდებელი ეკლესია არის მაცხოვნებელ ნიჭთა საგანძური. ყოველივეს, რაც ცხონებისთვის გჭირდება - მხოლოდ მართლმადიდებლობაში იპოვი. თვით უფალი მის გარეშე მადლს არ გვანიჭებს. ღმერთმა ინება ამგვარად მოწყობა. გახდა რა თავი ეკლესიისა, იგი მოქმედებს ჩვენს საცხოვნებლად მხოლოდ მისი სხეულის საშუალებით. და ნუ ეძებ ცხონების საგანძურთან სხვა მიმყვანებელ გზას. იგი არ არსებობს.
|
|
ერთ-ერთი სამეცნიერო ცრურწმენა, რომელიც, შეიძლება ითქვას, სკოლის მერხიდან შევითვისეთ, არის შეხედულება, რომ იულიანური კალენდარი დროის ზუსტ ათვლას წელიწადში 11 წუთით ჩამორჩება. იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი აზროვნების შტამპად ქცეულ ამ მეცნიერულ სილოგიზმს ცრუ საფუძველი აქვს, მივმართავთ იულიანური კალენდრის სტრუქტურასა და რიცხობრივ მახასიათებლებს.
კალენდარული სისტემების ქრონოლოგიისა და ისტორიის მკვლევარები გაკვრით მიანიშნებდნენ, რომ იულიანური კალენდრის წელი წარმოადგენს თითქმის საშუალო სიდიდეს მზისა და ვარსკვლავურ წლებს შორის. თუმცაღა ჩვენთვის ცნობილ ქრონოლოგიურ ნაშრომებში ამ ფაქტებისათვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია. ეს მით უფროა უცნაური, რომ იულიანურ კალენდრამდე კარგა ხნით ადრე მზისა და ვარსკვლავური წლები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებთან დიდი სიზუსტით განისაზღვრა (ჰიპარქეს ცხრილი, ყუმრანული კალენდარი და სხვ.). ნიშანდობლივია, რომ ბევრ კალენდარს წლის ისეთივე ხანგრძლივობა ჰქონდა, როგორიც იულიანურ კალენდარს. ნუთუ ეს მხოლოდ დამთხვევაა? დამთხვევის, შემთხვევითობისა და შეცდომის დამოწმება - ეს არის საშუალება ინტელექტუალური უსუსურობისა და ასევე - გაჩენილ პრობლემაში გაურკვევლობის სურვილისა. ეს არის ისტორიული ფაქტების იგივე დისკრედიტაცია, რითაც რაციონალისტური მეცნიერება, ან გნებავთ, ბოლო ასწლეულის ანტიმეცნიერული პანკრიტიციზმი იყო დაკავებული.
|
გულსა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებლად - თქვა მოციქულმა (რომ. 10,10). საჭიროა სიმართლის აღიარება პირით და, როცა შესაძლებელია, თავად საქმეებითაც. სიტყვითა და საქმით აღიარებული სიმართლე თითქოს არსებობას იძენს და ადამიანის კუთვნილება ხდება. ის არსებითია, ამიტომაც არის ცხონების საიმედო საწინდარი. თქვენ დარწმუნდით, რომ ცხონებისკენ მიმავალი ერთადერთი შეუმცდარი გზა - განუხრელად დაიცვა წმინდა მამათა სწავლებანი, თანაც გადაჭრით განუდგე ყოველგვარ უცხო მოძღვრებას, უარი თქვა საკუთარ შეხედულებებზე, სანამ გონება არ განიკურნება და ხორციელ-მშვინვიერის ნაცვლად არ გახდება სულიერი. გონებითა და გულით ამ სიმართლის აღიარების შემდეგ ის პირითაც აღიარეთ: აღუთქვით ღმერთს, რომ იხელმძღვანელებთ წმ. მამათა სწავლებით, განუდგებით ყოველგვარ მოძღვრებას, რომელიც არ დაუმოწმებია სულიწმიდას და არ მიუღია აღმოსავლეთის წმინდა ეკლესიას. პირით საღვთო სიმართლის აღიარების შემდგომ ის საქმითაც აღიარეთ: დადეთ აღთქმა და აღასრულეთ იგი. ნუ შეგეშინდებათ ამ აღთქმისა! მისი დადება ჰმართებს ეკლესიის ყოველ მართლმადიდებელ შვილს; მას ეს უნდა მოსთხოვოს სულიერმა მამამ აღსარების საიდუმლოს აღსრულებისას (შეკითხვათაგან, რომელბიც უნდა დაესვასს აღმსარებელს, პირველ ადგილზეა: 1. მითხარ მე შვილო: გწამს, რომ ეკლესია არის კათოლიკე, სამოციქულო, აღმოსავლეთში დამკვიდრებული და აღორძინებული, აღმოსავლეთიდან მთელ მსოფლიოზე განფენილი და ღმოსავლეთში აქამომდე შეუძვრელად და უცვალებელად მყოფი? 2. ხომ არდაეჭვებულხარ გადმოცემაში? 3. მითხარ, შვილო, ხომ არ ყოფილხარ ერეტიკოსი ან განდგომილი? 4. ხომ არ მიმხრობიხარ მათ, ყოფილხარ მათ სამსხვერპლოებში, მოგისმენია მათი სწავლება ან წაგიკითხავს მათი წიგნები?)
|
კვლავაც გთავაზობთ, აღმოსავლეთის ეკლესიის ერთგულო შვილო, გულწრფელ, კეთილ რჩევას. ეს რჩევა მე კი არა წმინდა მამებს ეკუთვნის - ყველა ჩემი რჩევაც მათგან მოდის.
დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები ქრისტიანობაზე ცრუ აზრებით დაავადებულ ადამიანებს, ნურც ცრუმოძღვართა დაწერილ წიგნებს წაიკითხავ.
ჭეშმარიტებას სული წმინდა ახლავს თან: იგია სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეს კი თან ახლავს და შეეწევა სატანისტური სული, რომელიც არის ტყუილი და მამა ტყუილისა.
ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ ეზიარება ტყუილის უკეთურ, ბნელ სულს. ნათქვამი უცნაურად არ მოგეჩვნოს: ამას ერთხმად ღაღადებენ ეკლესიის მნათობი - წმინდა მამები. თუკი შენს გულს და გონებაში ჯერ არაფერი აღბეჭდილა, დაე სული წმინდამ და ჭეშმარიტებამ ჩაწერონ მათში ღმრთის მცნებები და მისი სულიერი სწავლება.
ხოლო თუ გულისფიცარი ათასნაირი მცნებებითა და შეხედულებებით გაქვს აჭრელებული, ისე რომ ფრთხილად და გონივრულად არ გაგირჩევია - ვინ არის მწერალი და რას წერს, მაშინ ამოშალე უცხო მწერალთა მიერ დაწერილი, სინანულითა და უარყოფით წარხოცე ყოველივე ღმრთის წინააღმდგომი.
დაე მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი.
|
“ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვევლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაჲ“ (იოანე, 18,37)
ჩვენთვის ფრიად ყურადსაღები და საწურთელია, რომ დიდი მარხვის პირველი კვირიაკე წმინდა მართმადიდებლობის დღესასწაულით მთავრდება; და ძალზე სამწუხროა, რომ ჩვენი მოუცლელობის ხანაში ეს დიდებული დღესასწაული ხშირად ისეთი შესაფერი პატივით არ აღესრულება, როგორსაც სამართლიანად იმსახურებს. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ჩვენს დროში ბევრს, მათ შორის მღვდელთმსახურთაც, და თვით უმაღლესი სამღვდელო ხარისხის მქონეთაც კი ნათლად არა აქვთ წარმოდგენილი, თუ რა არის მართმადიდებლობა – რატომაა ის ჩვენთვის ასე უსაზღვროდ ძვირფასი, რატომ უნდა დავაფასოდ და დავიცვათ იგი, როგორც უსაჩინოესი საუნჯე ჩვენი, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი საუნჯე ამა სოფლისა.
ჩვენს დროში ფართოდ გავრცელებული, „მოარული“ აზრია, რომ მართმადიდებლობა მხოლოდდამხოლოდ ერთ–ერთ რიგით მოძღვრებას წარმოადგენს ქრისტიანობის მრავალ სხვა სახეობათაგან, არსებობის სრული უფლების მქონეთა და მეტნაკლებად ტოლფასთაგან.
|
|
|