ავტორიზაცია



Facebook Image






წმიდა მამათა სწავლება
რათა ისწავლო, რომ კურნებაც კი არაა მისაღები ეშმაკისაგან - წმიდა იოანე ოქროპირი

 

ღმრთის საწინააღმდეგოს ვინცა ჰყოფს, განა ეშმაკებს არ მსახურებენ ისინი? და შენ კურნებას ეძიებ ეშმაკთაგან? თუკი ეშმაკთა ღორები შთასთხიეს ზღვასა, როდესაც ქრისტემ მათში შესვლის უფლება მისცა, ნუთუ ადამიანის სხეულს დაინდობენ? ჰოი, ნეტავი ისინი არ კლავდნენ ადამიანს, ნეტავ ისინი არ უგებდნენ მათ ხაფანგს! მათ გამოდევნეს ადამიანი სამოთხიდან, მოსტაცეს ზეციური პატივი. ნუთუ მის სხეულს უმკურნაელებენ? განა დაცინვა არ არის ეს? ეშმაკებმა მხოლოდ მახის დაგება და ზიანის მოტანა იციან და არა კურნება. ისინი სულს არ ინდობენ და მითხარ, სხეულს დაინდობენ? ცდილობენ სასუფეველი დააკარგვინონ ადამიანს, და განა ისურვებენ სნეულებისგან გაათავისუფლონ? ნუთუ შენ არ გსმენია, რომ წინასწარმეტყველი, უფრო სწორად, თვით ღმერთი წინასწარმეტყველის მიერ იტყვის, მათ არ შეუძლიათო არცა კეთილის, არცა ბოროტის ქმნა? მაგრამ რომ შეძლებოდათ კიდეც და სურვებოდათ კურნება, რაც თუმცა შეუძლებელია, მაინც არ ღირს კნინი და მსწრაფლმავალი სარგებლისათვის საუკუნოდ წარიწყმიდო თავი. ნუთუ გსურს კურნება ხორცისა სულის წარწყმედის წილ? ფუჭია შენი მონაგები. შენს ბოროტისმზრახველს სთხოვ კურნებას სხეულისას და არისხებ ღმერთს, რომელმაც სხეული შეგიქმნა? განა გაუძნელდება რომელიმე უღმერთო კაცს, თავისი სამკურნალო ხელოვნების წყალობით მიგდრიკოს შენ თაყვანისცემად წარმართთა ღმერთებისა? და წარმართებსაც თავიანთი ოსტატობით მრავალგზის განუკურნავთ უძლურნი სენთაგან და დაუბრუნებიათ მათთვის ჯანმრთელობა. ნუთუ ამისთვის უნდა ვეზიაროთ მათ უღმერთობას? არა.
 
შინაგანი აფორიაქების მიზეზი - წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

(წერილი სულიერ შვილს)

მივედით იმ დასკვნამდე, - რომ ადამიანს ცხოვრების სამი შრე, სამი სფერო გააჩნია. ესენია: სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი. თვითეული მათგანი მოიცავს ადამიანისათვის დამახასიათებელ, ბუნებრივ მოთხოვნილებათა ჯამს. ეს მოთხოვნილებანი როდია ერთნაირი ღირსებისა და ფასეულობის, არსებობს მათი მკაფიო იერარქია. ამ მოთხოვნილებათა სწორი, თანამიმდევრული დაკმაყოფილება ადამიანს სიმშვიდეს ანიჭებს. სულიერი მოთხოვნილებანი უაღმატებულესია მათში და თუკი პირველ რიგში მათი დაკმაყოფილება ხდება, თუნდაც დანარჩენი მოთხოვნილებანი არ იყოს დაკმაყოფილებული, ადამიანი მშვიდადაა. იმ შემთხვევაში კი, როცა სულიერი დაუკმაყოფილებელია, ადამიანი სიმშვიდეს ჰკარგავს, თუნდაც სავსებით იკმაყოფილებდეს მშვინვიერსა და ხორციელ მოთხოვნილებებს.

 
ნუ დავუჯერებთ მისნებს - წმიდა იოანე ოქროპირი

 

ნუ დავიჯერებთ სისულელეებს, მისნები რომ გვიწინასწარმეტყველებენ ხოლმე. მეტყვით, მაშ რატომაა, რომ რასაც გვეუბნებიან ყველაფერი გვიხდებაო? იმიტომაც გიხდებათ, რომ გჯერათ, თუმცა ისიც საკითხავია, მართლა გიხდებათ თუ არა. მისანი გიმონებს, მთელი შენი ცხოვრების ბატონ-პატრონად იქცევა და როგორც უნდა ისე გათამაშებს. მითხარი, ავაზაკთა წინამძღოლმა რომ უფლისწული ჩაიგდოს ხელში, რომელიც მასთან მივიდა და შეიყვარა ტყე და იქაური ცხოვრება, შეუძლია თუ არა უწინასწარმეტყველოს, მოკვდება თუ იცოცხლებს? რა თქმა უნდა შეუძლია. რატომ? იმიტომ კი არა, რომ მომავალს ჭვრეტს, არამედ იმიტომ რომ მის ხელთაა დაღუპვაცა და ხსნაც ამ უფლისწულისა, რომელმაც ბატონად გაიხადა იგი. თუ ეტყვის მდიდარი იქნებიო ან თუ ეტყვის ღარიბი იქნებიო, ესეც მასზე ჰკიდია. ასეა ამ სოფელშიც: ადამიანთა უმეტესობა ხომ ეშმაკს დაემონა.

მეორე მხრივ, ამ მატყუარებს ისიც ძალიან შველის, რომ კაცი მათ დაჯერებას ეჩვევა, მცდარ წინასწარმეტყველებას არავინ აქცევს ყურადღებას, ახდენილზე კი ბევრს ლაპარაკობენ. თუ მართლა აქვთ რაიმე ძალი წინასწარმეტყველებისა, მიჩვენე მე, მორწმუნეს. ამას ქადილით როდი ვამბობ. არ ღირს იმით თავის მოწონება, რომ მათი არ მჯერა. ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ მათ კი არ დავემორჩილები, სასაცილოდაც ავიგდებ. მომგვარე რომელიმე თქვენი მისანი, დე მითხრას, რა მომელის ანდა ხვალ რა მომივა. მაგრამ ვერ მეტყვის, რამეთუ უფლის ხელმწიფების ქვეშე ვარ და მისანს ჩემზე არავითარი ძალა და გავლენა არ გააჩნია. მე შორსა ვარ მისი ქსელებისა და ორმოებისგან, მე მეუფეს ვემსახურები.

 
მსოფლიო კრიზისის შესახებ - წმიდა ნიკოლოზ სერბი

 

მღვდელ კ-ს - მსოფლიო კრიზისის შესახებ
 
მე მეკითხები, კაცო ღვთისა, ამჟამინდელი კრიზისის მიზეზსა და მნიშვნელობაზე. ვინ ვარ მე, რომ ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ მეკითხები? „ილაპარაკე, თუ დუმილზე უმეტესი რამე გაქვს“. - ამბობს მღვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი. და თუმცაღა მე ვთვლი, რომ ეხლა მდუმარება ყველა სიტყვაზე უმეტესია, მაინც, შენდამი სიყვარულის გამო მოგწერ, რას ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით.
 
„კრიზისი“ - ბერძნული სიტყვაა, თარგმანში იგი „სასჯელს“ ნიშნავს. წმიდა წერილში სიტყვა „სასჯელი“ მრავალგზის გამოიყენება. ასე, მაგალითად მეფსალმუნესთან ვკითხულობთ: „ამისთვის არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა“ (ფს. 1,5). შემდეგ ისევ: „წყალობასა და სამართალსა გქებდე შენ, უფალო“ (ფს. 100,1). ბრძენი მეფე სოლომონი წერს, რომ თითოეულს უფლისგან მოელის საშჯელი (იხ. იგავ. 29,26). თვით მაცხოვარმა თქვა: „არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (იოან. 5,22). პეტრე მოციქული კი წერს: „ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს“ (1 პეტრ. 4,17).
 
ახალ მოსულთა წეს-განგებისა და იმის შესახებ, თუ რა შეჰფერის მათ - წმინდა ისააკ ასური

 

უბიწო და ღმრთისათვის სათნო ქცევა ესაა: აქეთ-იქით თვალების ცეცებას მოერიდე და მუდამ წინ იყურე, ამაოსმეტყველებას გაექეცი და მხოლოდ ისა თქვი რაც აუცილებელია, უბრალო სამოსი იკმარე, უბრალო საზრდელი მიიღე, შიმშილის დასაოკებლად და არა გემოთმოყვარეობის დასაცხრობად. ყველაფერი ცოტ-ცოტა ჭამე, ერთს ნუ შეიძულებ და მეორეს ნუ შეიყვარებ, და რაც გიყვარს, იმით ნუ ამოიყორავ მუცელს. ყოველ სათნოებაზე მაღლა დგას განსჯის უნარი. ღვინოს კი, თუ მეგობრები არ გწვევიან, ან თუ ავად არა ხარ, ან ძალიან სუსტად თუ არა გრძნობ თავს, საერთოდ ნუ დალევ. კაცი რომ ლაპარაკობს, სიტყვას ნუ გააწყვეტინებ, და რაიმეს თუ გკითხავენ, უმეცარივით  ნუკი  უპასუხებ, ბრძენთა სიმტკიცეს მოუხმე. სადაც არ უნდა იყო, უმცირესად შერაცხე თავი და სხვა ძმათა მსახურად. ნურასოდეს გაიშიშვლებ სხეულის რომელიმე ნაწილს, ნურავის სხეულს ნუ შეეხები რაიმე აუცილებლობის გარეშე და ნურც ნურავის მისცემ ნებას, ასეთივე მიზეზის გარეშე შეგეხონ. სიკვდილივით ერიდე კადნიერ ლაპარაკს. ძილშიაც უბიწოება დაიმარხე, რათა მფარველი ანგელოზი არ განგეშოროს, და თუ ეს შესაძლებელია, ეცადე ვერავინ გნახოს მძინარე. კარგი იქნება, თუ ვერც შენს ნახველს დაინახავს ვინმე. თუ ტრაპეზზე მჯდომს ხველება აგიტყდა, თავი უკან მიაბრუნე და ისე დაახველე. სმა-ჭამაც მორიდებული შეგფერის, როგორც შვილს ღმრთისას.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 2 5-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge