ნუ ვიფიქრებთ, რომ დიდ ვინმეს წარმოადგენენ ისინი, რომლებიც ხალხს შიშს ჰგვრიან. მშვიდ და კეთილ კაცს არავინ უფრთხის, პირიქით, ნებისმიერი პატივს სცემს მას, უჯერებს და უყვარს. ხოლო ვინც აშინებს ადამიანებს, ვერ ხედავთ, ყველას როგორ სძულს და ეზიზღება იგი? ნუ გავხდებით ქედმაღალნი, თუკი ხალხი ჩვენ გვიფრთხის, რადგან, ჯერ-ერთი, ნამდვილ მამაკაცთაგან ჩვენი არავის შეეშინდება, მეორეც, რა ბედენაა, თუ ვინმეს ჩვენი ეშინია კიდეც. უდიდესი სიკეთეა სათნოება - დააკვირდი მის სიდიადეს: გარემოებებს, რომელთა დროსაც იგი შეიძინება, ჩვენ უბედურებებს ვუწოდებთ, თავად სათნოებას კი აღფრთოვანებულნი ვაქებთ. ვინ არ შეასხამს ხოტბას ბრძენკაცს, თუნდაც სიღატაკესა და უბედურებაში ჩავარდნილს?
ხედავ, რაოდენ დიდია სათნოების უპირატესობა, თუკი იგი ბრწყინავს იქაც, რაც უბედურებად არის შერაცხული. ადამიანო, შენ ძალაუფლებით ქედმაღლობ?!... მითხარი, მაინც ასეთი რა მოგეცა?! ერისგან მიიღე ძალაუფლება - მაშ, შინაგანადაც გაითავისე იგი. მთავარი ის კი არ არის, ვისაც ამ სახელს უწოდებენ - სინამდვილეში უნდა იყო ასეთი. მეფეც კი უძლურია, კაცი მკურნალად ან რიტორად აქციოს, არც მთავრად ვინმეს გახდომა ხელეწიფება, რადგან მთავრობისთვის განათლება და წოდება არ არის საკმარისი.
|
|
ვიფიქროთ ცოდვებზე, ზოგიერთები მსუბუქს რომ უწოდებენ, რომლებიც, მართალია, მომაკვდინებელი არაა, მაგრამ მაინც დიდი სიმძიმე აქვს და რომელშიც ჩვენ ნებისყოფის ნაკლებობის და სისუსტის გამო ვვარდებით: ცოდვა, რომელიც მსუბუქად გვეჩვენება, ასეთი არაა არც თავისთავად, არც მომაკვდინებელ ცოდვასთან შედარებით. მაგალითად, რომელიმე ტბას მცირე მაშინ ეწოდება, როდესაც მას დიდ ზღვას ვადარებთ, თუმცა სინამდვილეში იგი პატარა სულაც არაა, რადგან ბევრ წყალს შეიცავს. ასევე მცირე ცოდვა მხოლოდ მომაკვდინებელთან შედარებით გვეჩვენება მცირედ, თავისთავად აღებული, იგი დიდი ბოროტებაა. იმიტომ, რომ ცოდვა მცირეც და დიდიც - ერთი წყაროდან იღებს სათავეს - საღვთო კანონის დარღვევიდან, როგორც იოანე მახარებელი ბრძანებს: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მან უსჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვაი იგი არს უსჯულოებაი“ (1 იოანე 3, 4). იაკობ მოციქული კი ბრძანებს, რომ „რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ“ (იაკ. 2, 10).
ასე რომ, საყვარელნო, როგორ შეგვიძლია, მცირე ვუწოდოთ ჩვენს ჩვეულებრივ ცოდვებს, მაგალითად, სიცრუეს, ანდა იმას, როდესაც ვამბობთ: „ავირჩიოთ პატარა ბოროტება, რათა დიდი არ მოხდეს“. მრისხენება, საეკლესიო სათნოებების შესუსტება, შური, მწუხარება, რომელსაც ვგრძნობთ მაშინ, როდესაც ჩვენი მოყვასი წარმატებას აღწევს. ამაოდმეტყველება, დაუფიქრებელი საუბარი, ნაყროვანება, გემოთმოყვარება და სხვა მსგავსი?! როგორ შეიძლება ცოდვა იყოს მცირე, როდესაც ის დიდი ბოროტებისაკენ გვიბიძგებს?!
|
ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.
ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.
ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.
სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გავთავისუფლდე საკუთარი ბორკილებიდან, ყოველდღიურად სულთქმითა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ კვლავაც იმავე ბადეში ვიხლართები.
|
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი კანონები არ არსებობს, სამყაროში ყველაფერი მოწესრიგებულია. წმიდა წერილში, სადაც ბუნებრივ კანონებზე სიტყვაც არა არის ნათქვამი, ხშირად გვხვდება საუბარი შექმნილი სამყაროს ღვთაებრივ წესრიგზე.
კანონი ერთია, წესრიგი - მეორე. ლამაზად მოწყობილ სახლში შესვლისას ავეჯის კანონზე კი არა, მისი განლაგების წესრიგზე საუბრობენ, იგივე შეიძლება ითქვას სავაჭრო რიგებზე, საყვავილე დახლებზე, სკამზე, მოკლედ ყველაფერზე, სადაც სამეურნეო წესრიგია.
კანონი ეხება მხოლოდ ადამიანებს მიწაზე და ანგელოზებს ზეცაში. ხოლო ცხოველების, მცენარეების, უსულო ბუნების, სტიქიების, ვარსკვლავთა სისტემის მიმართებაში საუბარია მხოლოდ წესრიგზე და არა კანონზე.
დაბადების წიგნის პირველ თავში ნათქვამია: ,,და იხილა ღმერთმან ყოველნი რაოდენნი ქმნა და აჰა კეთილ‘‘ (დაბ. 1.31).
შექმნილი სამყაროს უსასრულობითა და სილამაზით აღტაცებული წმიდა იობი შემოქმედზე ამბობს, რომ ,,ქმნა დიდ-დიდნი და გამოუკვლეველნი დიდებულნი და საკვირველნი‘‘ (იობ. 5.9).
|
ყურადღების გარეშე ნებისმიერი ლოცვა მკვდარი და უნაყოფოა. მას, ვისაც სულის ცხონება სურს, უნდა შეეძლოს ყურადღების მოკრება არა მარტო განმარტოვებაში, არამედ ნებისმიერ გარემოებაში. ღვთის შიში ყველა სხვა გრძნობაზე უფრო ძლიერი უნდა იყოს; მაშინ შეინარჩუნებ ყურადღებას როგორც კელიაში, ასევე ხმაურიან გარემოცვაში.
კეთილგონიერი ზომიერება კვებაში აგრილებს სისხლს, ხელს უწყობს ყურადღების მოკრებას; ხოლო ზედმეტი კვებით, მრისხანებით, პატივმოყვარეობით, ან რაიმე სხვა მიზეზით გახურებული სისხლი ბადებს სხვადასხვა ზრახვასა და ოცნებას, ანუ - უყურადღებობას (ყურადღების გაფანტვას). მას, ვისაც სურს ყურადღებით ჩაუკვირდეს საკუთარ თავს, წმიდა მამები კვებაში მუდმივად ზომიერ, თანაბარ თავშეკავებას ურჩევენ.
|
|
|