რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა,
და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა.
რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა.
რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ,
ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა.
და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ,
ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს. საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს, და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა, რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ.
|
ადამიანის თავისუფლების პრობლემა შეუძლებელია გადაწყდეს ადამიანის გონებით. იგი გადაწყვეტას ღებულობს მხოლოდ სულის ქრისტიანულ მისწრაფებებში, ღმერთკაცობრივ სათნოებებში: რწმენის, ლოცვის, თავმდაბლობის, სიყვარულის, მარხვის, მოწყალების, თანაგრძნობისა და თანალმობის საშუალებით. ადამიანი აცნობიერებს და გრძნობს, რომ სრულყოფილი თავისუფლება საკუთარი დაცემული ბუნებისაგან, საკუთარი ეგოიზმისაგან, საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენისაგან, მანკიერი ჩვევებისაგან გათავისუფლებაა. თავისუფლება ნებაყოფლობითი მორჩილებაა ღმერთკაცისა, რაც ნიშნავს მასთან მეგობრობას, საკუთარი საქმეების, სიტყვების, აზრების მასთან შეთანხმებას, მისთვის გაზიარებას, ანუ უერთიერთობას ყველასთან (განურჩევლად იმისა, მორწმუნეა თუ ურწმუნო, რომელი რელიგიის მიმდევრია, მტერია თუ მოყვარე) ისე, როგორც ქრისტე მოიქცეოდა მათთან. ღმერთთან მეგობრობა მისი ჭეშმარიტების, სამართლიანობის, სიყვარულის, უკვდავების, მარადიულობის მორჩილება და მიბაძვაა. თავისუფლება არ არის მოთხოვნილებათა სასწრაფო დაკმაყოფილება, პირიქით, ეს ხშირად მონობისა და სულიერი თვითმკვლელობის საწინდარია. თავისუფლება ადამიანისთვის ბოძებული საღმრთო ნიჭია, რომელიც ღვთაებრივ სრულყოფილებებში ნებაყოფლობითი მონაწილეობისთვის აქვს მინიჭებული ადამიანს.
|
მრუშობა ცოდვად ითვლებოდა ძველი აღთქმის პერიოდიდანვე, როგორც უწმინდურობა ბუნებისა, ბოროტად გამოყენება ბუნების მნიშვნელოვანი თვისებისა და დარღვევა ბუნების კანონთა.
ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, რომ დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა. ახალ აღთქმაში ამ ცოდვამ სხვა დატვირთვა მიიღო, რადგან ადამიანთა სხეულებმა ახალი ღირსება შეიძინეს. ისინი გახდნენ ასონი ქრისტეს სხეულისა. უბიწოების დამრღვევი უღირსად ექცევა უკვე ქრისტეს, წყვეტს ერთობას მასთან, ქრისტეს ასოებს გარდაქმნის მეძავის ასოებად (1 კორ.6,15). მრუშობის ცოდვაში ჩავარდნილს განშორდება სულიწმინდა: შემცოდე ითვლება ჩავარდნილად მომაკვდინებელ ცოდვაში, რომელიც აკარგვინებს ცნობას და საწინდარია ჯოჯოხეთში გარდაუვალი დაღუპვისა და მარადიული ტანჯვისა. თუ ეს ცოდვა დროული სინანულით არ განიკურნება.
|
ყველა წმ. მამა, ვინც სულიერი ლოცვის შესახებ წერდა, არა მარტო ოცნების სურათების განზრახ დახატვას გვიკრძალავს, არამედ გვასწავლის, ჩვენი ნებითა და თანაგრძნობით არ მივიდრიკოთ იმ ოცნებებისა და ჩვენებების მისაღებად, რომლებიც ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად, მოულოდნელად გვეცხადება. ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს: ”ნურაფრით ნუ მიიღებ, თუკი რაიმეს იხილავ ხორციელი თვალით ანდა გონებით, შენს გარეთ თუ შიგნით, სულერთია ქრისტეს სახე ექნება მას, ანგელოზის თუ რომელიმე წმინდანის, ნურც იმას მიაქცევ ყურადღებას, რაიმე ნათელი თუ გეჩვენა . . . მღვიძარე იყავ და გაფრთხილდი, ნუ მისცემ თავს ნებას რაიმეს ერწმუნო, ნუ გამოხატავ თანხმობასა და თანაგრძნობას, ნუ იჩქარებ, ენდო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი ჭეშმარიტი და კეთილი იყოს, განურჩეველი და გულგრილი იყავი მის მიმართ, დაიცევ გონება შენი ხილვებისაგან, ნურავითარ გამოსახულებას ნუ შეათხზვევინებ და ნურავითარ გამოსახულებას ნუ დაამჩნევ მას. ვინც რაიმეს დაინახავს გონებით ან ხორციელის თვალით, თუნდაც ეს ღმერთისგან იყოს და ნაჩქარევად მიიღებს მას, იოლად ვარდება ხიბლში ან ხიბლისადმი თავის მიდრეკილებას მაინც ამჟღავნებს, რაკი ნაჩქარევად და განუსჯელად ღებულობს ხილვებს . . . ღმერთს ისიც კი არ განარისხებს, თუ კაცი მის მიერ მივლენილ ხილვას არ შეიწყნარებს. პირიქით, აქებს მას ასეთი გონიერებისთვის”.
|
|
|