კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს განდგომილება |
ის რაც მოხდა, არის ლოგიკური შედეგი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უნიატური პოლიტიკისა და თავად პატრიარქ ბართლომეს პროპაპისტური ეკლესიოლოგიისა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სახეზეა განდგომილება, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გასული საუკუნის დასაწყისში პატრიარქების ათინაგორას, მელეტი მეტაქსასისისა და სხვათა თაოსნობით დაიწყო და რომელსაც ამჟამინდელი პატრიარქი ბართლომე აგრძელებს. სრულიად აშკარაა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მცდელობა, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან როგორმე პაპის პრიმატის აღიარებას მიაღწიოს. ეს მცდელობა რომ სცილდება კორექტულობის ფარგლებს, ამაში ჩვენ მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ვიხილეთ დიალოგის კომისიის თავმჯდომარის, პერგამოს მიტროპოლიტის, იოანეს (ზიზიულასი) მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, ერთ-ერთ შეხვედრაზე ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც აღიარებდა პაპის პრიმატს. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს არ შეეფერებოდა სიმართლეს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიცია ერთობლივ ლოცვასთან დაკავშირებით ჩვენ ადრეც, მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით, გვსმენია. კერძოდ, მისი მესვეურები მიიჩნევენ, რომ თუ არ შედგება ერთობლივი ზიარება, მაშინ ასეთი ერთობლივი მსახურება დასაშვებია. თუმცა ეკლესიის სამართალი სხვაგვარად განაჩინებს. ეკლესია ეწინააღმდეგება თვითნებურ ერთობლივ ლოცვებს ერეტიკოსებთან, რაც ასახულია მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივი კრების კანონებში. კერძოდ: მოციქულთა კანონები: 10. თუ ვინმე ილოცებს უზიარებელთან ერთად, თუნდაც სახლში, ისიც უზიარებელი უნდა გახდეს. 11. თუ ვინმე [სამღვდელო პირი] განკვეთილ სამღვდელო პირთან ერთად ილოცებს, როგორც მღვდელთან, ისიც განიკვეთოს. 45. თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდელმა, განიკვეთოს. 46. თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა მიიღოს ერეტიკოსის მონათვლა ნათლისღებად ან მის მიერ შეწირული მსხვერპლი, მის განკვეთას ვბრძანებთ, რადგან რა აქვს საერთო მორწმუნეს ურწმუნოსთან. 65. თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა საკრებულოში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს. ლაოდიკიის კრების კანონები: 6. მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავის ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღვთის სახლში 32. მწვალებლებისაგან, რომლებიც უფრო უკურთხეველნი არიან, ვიდრე კურთხეულნი, კურთხევის მიღება არ შეიძლება 33. მწვალებლებთან და განდგომილებთან ერთად ლოცვა არ შეიძლება. 37. არ შეიძლება ურიათა და მწვალებელთაგან გამოგზავნილი რაიმე სადღესასწაულო ძღვენის მიღება, არც მათთან ერთად დღესასწაული. მსგავსი შინაარსის სხვა კანონების მოყვანაც შეიძლება. წმინდა კოზმა ეტოლიელი პაპთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს, როდესაც ამბობს: „განსაკუთრებით შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს!“ ნიშანდობლივია, რომ თურქეთში ვიზიტის დროს პაპი ფრანჩესკო პატრიარქ ბართლომესთან საუბარშიც შეეხო უნიის საკითხს, რაზეც პატრიარქმა ბართლომემ ეკუმენისტური ორაზროვნებით უპასუხა, რომ, მართალია, სრულყოფილი ერთობის აღდგენის გზა გრძელი და რთული იქნება, მაგრამ ჩენ არ შეგვიძლია თავს ფუფუნების უფლება მივცეთ იმისა, რომ ცალკ-ცალკე ვიმოქმედოთო. ის, თუ რას ნიშნავს ეს ორაზროვანი პასუხი, ფაქტობრივად, განმარტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საინფორმაციო განყოფილების უფროსმა, მ. დისითეოს ანაგნოსტოპულოსმა. კერძოდ მან აღნიშნა, რომ 2016 წელს დანიშნულ სრულიად მართლმადიდებელთა კრებაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქი, სავარაუდოდ, დააყენებს საკითხს 2025 წელს, - ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლისთავზე, - მე-8 მსოფლიო კრების ჩატარებასთან დაკავშირებითო. ამასთან, რომო-კათოლიკებთან უნიის საკითხის განხილვა, შესაძლოა, 2016 წლის კრებაზეც მოხდეს (http://antimodern.ru/council2025/). გასულ წელს, მართალია სხვა მოვლენასთან დაკავშირებით, ჩვენმა პატრიარქმა აღნიშნა, რომ „გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ვითარდება მსოფლიოში . . . ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ აქედან ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა, რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას – ქართველი ხალხი არ მიიღებს”. ხსენებული პოლიტიკის აპოლოგეტებმა, რა თქმა უნდა, იციან, რომ უნიას მართლმადიდებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ჩვენც, საქართველოს ეკლესიის წევრები, არ მივიღებთ და ეს საკითხი ეკლესიაში დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს. ვფიქრობთ, მათი მიზანიც ეს არის. რომის პაპის, ფრანჩესკოს კონსტანტინოპოლში ვიზიტის შემდეგ ბერძნულ ჟურნალში „Theodromia“ გამოჩნდა პეტიცია „კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ახალი ეკლესიოლოგია ეკლესიის ბუნების შესახებ“. პეტიციაზე ხელმოწერის მსურველებმა შეგიძლიათ ეს განახორციელოთ მისამართზე: http://www.theodromia.gr/A9455A79.el.aspx მოგმართავთ თხოვნით, რათა გავერთიანდეთ, ერთობით უარი ვუთხრათ განდგომილებას, შევუთვალოთ პარტრიარქ ბართლომეს საქართველს ეკლესიის მრავალრიცხოვან წევრთა შეშფოთება და პროტესტი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ქმედებებთან დაკავშირებით, შევაგონოთ პარტრიარქ ბართლომეს ქრისტესმიერი სიყვარულით, დაუტეოს განდგომილება და მოიღოს სინანული, რათა არ წარიწყმიდოს თავისი სული, არ აცდუნოს და არ დააბრკოლოს მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ამის განსახორციელებლად ჩვენ შემოგთავაზობთ პეტიციას, რომელზე ხელმომწერებიც შეუერთდებიან ჩვენს პროტესტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უნიატური პოლიტიკისა და თავად პატრიარქ ბართლომეს პროპაპისტური ეკლესიოლოგიის მიმართ.
|
E-mail: info@qadageba.ge