ავტორიზაცია



Facebook Image






განდგომილება - მღვდელმონაზონი საბა (იანიჩი)
Share

 

ის რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ა.წ. 30 ნოემბერს მოხდა, - პაპ ფრანჩესკოსა და პატრიარქ ბართლომეს ერთობლივი ლოცვა, - არის ლოგიკური შედეგი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უნიატური პოლიტიკისა და თავად პატრიარქ ბართლომეს პროპაპისტური ეკლესიოლოგიისა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სახეზეა განდგომილება, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გასული საუკუნის დასაწყისში პატრიარქების დოროთეს, ათინაგორას, მელეტი მეტაქსასისისა და სხვათა თაოსნობით დაიწყო და რომელსაც ამჟამინდელი პატრიარქი ბართლომე დღემდე აგრძელებს. ამიტომ, ვფიქრობთ, მეტად აქტუალურია გავეცნოთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საქმიანობის ისტორიას გასული საუკუნის 20-30-ან წლებში. ამის შესახებ მოგვითხრობს სერბი ბერმონაზონის საბა (იანიჩი) თავის წიგნში „განდგომილება“, რომლის თარგმანსაც ნაწილ-ნაწილ გთავაზობთ.

 

“რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურობასა არა თავს იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთათა; და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე–მიიქცინენ და ზღაპრებსა“ (2ტიმ. 4,3–4).

,,რამეთუ აღდგენ ქრისტე–მტყუვარნი და ცრუ–წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ–დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცდუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა“ (მათე.24,24).

,,გლოცავთ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, წარუდგინენით ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურება თქუენი. და ნუ თანა–ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისათა, რათა გამოიცადოთ თქუენ, რა იგი არს ნება ღმრთისა: კეთილი, სათნო და სრული“ (რომ.12, 1–2).

                დღეს მსოფლიოში არც ისე ბევრია ისეთი  ადამიანი, რომელთაც მტკიცედ  სწამთ, რომ მხოლოდ მართლმადიდებელმა  ეკლესიამ შეინარჩუნა ჭეშმარიტი სახე ღმერთკაცი ქრისტესი და მთელი სიმდიდრე მისი სწავლებისა, რომელიც გადმოცემულია  საღმრთო წერილში მოციქულებისა და მათი მიმდევრების მიერ. მხოლოდ ჩვენს ერთ წმინდა, კათოლიკე ეკლესიას აქვს უფლება იწოდებოდეს მართლმადიდებელად, იმდენად, რამდენადაც იგია ,,ეკლესია ღმრთისა ცხოველისა, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1. ტიმ. 3,15) „და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათ.16,18). სწორედ მასზე ბრძანა უფალმა: ,,...აჰა, ესერა მე თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ.28,20). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უეჭველია, რომ ჭეშმარიტი და ერთადერთი ეკლესია, რომელიც უფალმა დააფუძნა, ის ეკლესიაა, რომელიც სათუთად ინახავს ქრისტეს  ჭეშმარიტებას. ქრისტეს ეკლესიის მშფოთვარე ისტორიაში არაერთგზის ყოფილა მცდელობა, სახარების სიტყვა ცოდვაში ჩაძირული ადამიანის ჭკუაზე მოერგოთ, სახარება ახლებურად განემარტათ. მაგრამ ეკლესიამ შეძლო შეენარჩუნებინა  ამ სოფლის სულით (რომელიც მისთვის ყოველთვის უცხო იყო) წაუბილწავი მთელი სიმდიდრე. ტრადიციონალიზმი, რაც დღესდღეობით სულ უფრო და უფრო უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს და ერთ–ერთი უმთავრესი მახასიათებელია მართლმადიდებელი ეკლესიისა. უფალმა მოგვცა თავისი ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ, ამ ჭეშმარიტების შესაბამისად ვიცხოვროთ და აქტიურად შევიმეცნოთ იგი. არ უნდა მივყვეთ მეცნიერულ–საღვთისმეტყველო აღმოჩენების გზას, რადგანაც აბსტრაქტული ჭეშმარიტება არ არსებობს.  მხოლოდ უფალია ერთადერთი ,,გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ამასთან ერთად, უფალი მოგვიწოდებს, რომ ვაზიაროთ ადამიანები მართლმადიდებლობის სისავსეს, და არა სარწმუნოება მოვარგოთ ადამიანებს. ჩვენი ეკლესიის ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანაა, ცათა სასუფეველი მიწაზე კი არ გადმოვიტანოთ, არამედ ადამიანები ავამაღლოთ ცათა სასუფევლამდე, გარდავქმნათ ისინი, რომ გარდაქმნილნი  ქრისტეს თანაზიარნი გახდნენ.

            მეორე მხრივ, არსებობს ბევრი არამართლმადიდებელი ,,ქრისტიან“–ერეტიკოსი, რომლებიც ეკლესიის გარეთ იმყოფებიან და უღირს ადამიანთა საზოგადოებას ქმნიან (συστηματα πονηρευομενων [1]) რადგან „როგორ შეიძლება ეკლესიის წევრი იყოს ის, ვინც უარყო მოციქულებრივი სარწმუნოება, შექმნა ახალი მავნე შრომები, ვინც დაივიწყა საღმრთო წერილის ღვთაებრივი სიტყვები, ხოლო ადამიანური მცდარი ბრძნობა ახალ სიბრძნედ გამოაცხადა“ [2]. ამგვარად, ვინც ღვთის მიერ ბიძებულ სარწმუნოებას განუდგა, არ შეიძლება ქრისტიანებად იქოდებოდნენ [3].

            სამწუხაროდ, დღევანდელ ბობოქარ დროს ჩვენს მართლმადიდებელი ეკლესიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ეკლესიას წმინდა მამების, მოწამეებისა და აღმსარებლებისაგან განსხვავებულად აღიქვამენ. ეს თანამედროვე, მართლმადიდებლობისაგან განდგომილი ადამიანები, ახალი ერესის – ეკუმენიზმის პროტაგონისტები [4] აქტიურად მუშაობენ ე.წ. „ახალი ქრისტიანობის“ შექმნაზე, რომლის საშუალებითაც კაცთა მოდგმის მტერი ცდილობს თავისი ცრუ ეკლესია (ანტიეკლესია) დააარსოს და მისი შემწეობით ანტიქრისტეს მოსვლა მოამზადოს. ამ ადამიანთა მიზანია ეკლესია ჩვენი დროის სულთან შესაბამისობაში მოიყვანოს. მათ სცხვენიათ, ღიად დაამოწმონ მართლმადიდებლური აღმსარებლობა  „მოწინავე“ და „თავისუფალი“ დასავლური საზოგადოების წინაშე. ისინი სხავადასხვა ჯურის ერეტიკოსებთან ერთად ცრუ თავმდაბლობით გმობენ ეკლესიას. აღიარებენ, რომ თითქოს ჯოჯოხეთის ბჭეებმა უკვე გაიმარჯვეს ეკლესიაზე [5], რომ ის დანაწევრებულია და ჩვენ „ყველამ უნდა შევინანოთ და თავიდან შევრიგდეთ“. ამ ახალი მასწავლებლების აზრით, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ მოვიპოვებთ ერთიან, განუყოფელ და ჭეშმარიტ ქრისტეს ეკლესიას. არც თუ შორეულ წარსულში ეს ადამიანები ერეტიკოსებთან დიალოგს იმით ამართლებდნენ, რომ თითქოს მათთვის მართლმადიდებლური ჭეშმარიტების განმარტება სურდათ. ახლა კი ისინი თავად ღალატობენ  მართლმადიდებლობას და ღორებს მარგალიტებს უყრიან.

            და მაინც, ჩვენ ვიცით, რომ ეს ბნელი მიზნები არასდროს არ განხორციელდება, რადგან ქრისტეს ეკლესიის განადგურება შეუძლებელია. ის, უბიწო, შეუბღალავი და უღალატო, ამ სოფლის აღსასრულამდე ელის თავის სიძეს – ქრისტეს. საკითხავია მხოლოდ ის, თუ რამდენი ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის ჭეშმარიტი ეკლესია და რამდენი ჰპოვებს ამ ეკლესიაში ცხონებას.

___

1. წმ. კირილე იერუსალიმელი. ტ 33, 1048 A. აქ და შემდგომ, თუ სპეციალურად არ არის ნათქვამი, შენიშვნა ავტორისეულია.

2. წმ. ათანასე დიდი, ტ 27. 152 C

3.იგივე წმინდა მამა მოციქულებისა და წმინდა მამების მსგავსად გვახარებს ამ ჭეშმარიტებას მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ. ის ბრძანებს: „ჩვენ ვიცავთ სარწმუნოებას კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიისა, რომელიც უფალმა მოგვცა, მოციქულებმა იქადაგეს, წმინდა მამებმა დაიცვეს. მასზეა დაფუძნებული ეკლესია და ის, ვინც მას განუდგება, ქრისტიანი არ არის და არ შეიძლება ქრისტიანი ერქვას“. (სერაპიონის მიმართ; 1, 28, ტ. 26, 593 C–596 A).

4. „ეკუმენიზმი ეს არის საერთო სახელწოდება დასავლეთ ევროპის ფსევდოქრისტიანობისა და ფსევდოეკლესიისა. მასში მთელი ევროპული ჰუმანიზმია თავმოყრილი პაპიზმის მეთაურობით. მაგრამ ეს ყველაფერი ფსევდოქრისტიანობაა, ყველა ეს ფსევდოეკლესიები სხვა არაფერია, თუ არა მწვალებლობათა მწვალებლობ. ამ ყველაფერს აქვს სახარებისეული სახელწოდება - ცრუმოძღვრება“ (მართლმადიდებლური ეკლესია და ეკუმენიზმი, არქიმ. იუსტინე პოპოვიჩი, სალონიკი, 1974).

5. ჯორდანვილის მთავარეპისკოპოსი ამბერკი ბრძანებს: ,,ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან ეკლესიას“. თუმცა ისინი მოერივნენ და უეჭველად ძალუძთ მოერიონ იმ ბევრ ადამიანს, რომელთაც საკუთარი თავი ეკლესიის ბურჯებად მიაჩნიათ. ეს ნათლად ცხადჰყო ეკლესიის ისტორიამ.

 

მწვალებლობათა  მწვალებლობა

            მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების მანძილზე წინ აღუდგა მრავალ მწვალებლობას და მიუხედავად ყველაფრისა, შეძლო შეენარჩუნებინა უმწიკვლო აღმსარებლობა ღმერთკაცის სარწმუნოებისა, რომელიც თავად იესო ქრისტემ მოციქულებისა და წმინდა მამების საშუალებით მოგვცა. იგი დღესდღეობით ყველაზე სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ახალი მწვალებლობა, მთელი ერესი ეკუმენიზმისა ყველა მხრიდან უთხრის ძირს  მართლმადიდებელი  ეკლესიის ერთობას, მის მოძღვრებასა და მრავალსაუკუნოვან კანონიკურ სტრუქტურას.

            ეკუმენიზმის ფენომენი არ არის რაღაც სრულიად ახალი და უცხო რამ. მასზე პირველი ათწლეული არ არის, რაც წერენ. მაგრამ ახლა სრული უფლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია მის მეტად რთულ და მრავალმხრივ გამოვლინებაზე. ძველ მწვალებლობათაგან განსხვავებით, რომლებიც მართლმადიდებლური მოძღვრებისა და მაცხოვრის ღმერთკაცობრივი სახის ცალკეულ მხარეებს ამახინჯებდნენ, ეკუმენიზმი საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვლინდება. არსებითად საუბარია სხვადასხვა მწვალებლურ სწავლებათა მთელ ნაკრებზე, რომელიც მართლმადიდებლური სარწმუნოების მთავარ საფუძველს – ეკლესიას უტევს. ამიტომ ეკუმენიზმი ეკლესიოლოგიური  ერესია. ,,დღესდღეობით კაცთა მოდგმის მტრის მიზანია ადამიანებს არა მხოლოდ იმ მაცხოვნებელი გზიდან გადაახვევინოს, რომლითაც ეკლესიას მიჰყავს, არამედ შექმნას საკუთარი „ქრისტეს ეკლესია“, ქრისტეს სხეული აქციოს „ეკუმენისტურ“ ორგანიზაციად, ამით კი თავისი რჩეულის, ანტიქრისტეს მოსვლა მოამზადოს . . .“ [1]. ამგვარად, ეკუმენიზმი თვითნებურად ასწორებს ქრისტეს მოძღვრებას,  იგი სოციალური, ჰუმანისტური, პაციფისტური იდეების დონემდე დაჰყავს, ცვლის რა განმღრთობილ მაცხოვარს სეკულარიზებულ ევროპელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ქრისტიანობას ახალი დროის სულის შესაბამისად განმარტავს და ამით ეკლესიის კარს უხსნის ყველა სხვა ერესსა და ახალ სწავლებას.

ძველ ეკლესიაში სიტყვა οικουμενικοζ (მსოფლიო) გულისხმობდა ყველა ხალხის მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტების სისავსეთან და სიწმინდესთან თანაზიარებას.   ეს სიტყვა სწორედ ამ მნიშვნელობით, როგორც განსაზღვრება, ემატებოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სახელწოდებას. დღეს კი ეს გამოთქმა სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობით იხმარება. ის ქრისტიანული კონფესიების (ბოლო დროს არაქრისტიანულისაც) ერთობას ნიშნავს, რაც ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტების სისავსის წინააღმდეგაა მიმართული. რასაკვირველია, ამ ერთობის მიზანს წარმოადგენს სრულყოფილი ადამიანური საზოგადოების შექმნა, თავისებური სამოთხის დაფუძნება დედამიწაზე, ოღონდ  ღვთის გარეშე.

არც ისე ძნელია ამ იდეის წარმომავლობის განსაზღვრა. ის რაციონალური და ჰუმანისტური დასავლეთის ზეგავლენით წარმოიშვა და მართლმადიდებელი ქრისტიანების აზროვნებისათვის აბსოლუტურად უცხო იყო მიმდინარე ასწლეულამდე, როცა სიცრუის გზით მან მართლმადიდებელ  ეკლესიაში შემოაღწია. მას მხარს უჭერდნენ პროდასავლურად განწყობილი ინტელიგენცია, მმართველი გუნდი, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ცელკეული იერარქები- დასავლური პაპიზმისა და პროტესტანტიზმის სულით ჩამოყალიბებულნი.

1.  ბედრ-მონაზონი სერაფიმე როუზი „The Ortodox  Word“  № 5 (70) Sept.-Oct. 1976-,,The royal Path/ True Orthodoxy in an Age of Apostasy“.

ეკუმენიზმის წარმოშობა

   ეკუმენიზმის Magna Charta [1] ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასასრულს წარმოიშვა, უფრო ზუსტად კი – 1879 წელს ლამბერტში 194 ანგლიკანი ეპისკოპოსის კონფერენციაზე. ამ შეხვედრისას მოხდა ქრისტიანული ,,ეკლესიების“ ეკუმენისტური უნიის პრინციპების ფორმულირება. მათ შორის იყო ე.წ დოგმატური მინიმალიზმი, რაც გულისხმობს, რომ ერთობის გზა სხვადასხვა საღვთისმეტყველო მოძღვრებებში საერთო ნიშნების მოძიებაზე გადის. ამ მინიმალურ საერთო საფუძვლს უნდა შეადგენდეს: საღმრთო წერილი (ოღონდ არა საღმრთო გარდამოცემის კონტექსტში), ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის სიმბოლო და ორი საიდუმლო: ნათლობა და ზიარება. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა წინ წამოსწიეს ტოლერანტობის პრინციპი სხვა „ეკლესიების“ მოძღვრებათა მიმართ და გამოთქვეს მზადება კომპრომისისათვის, რომელსაც საფუძვლად სიყვარული უნდა დაედოს. ლამბერტის კონფერენციის კიდევ ერთი „მიღწევა“ გახდა ცნობილი განშტოებების თეორია (Branch Theory), რომლის მიხედვითაც ქრისტეს ეკლესია ტოტებიან ხეს წარმოადგენს,  ამ ხის ტანი არის ერთიანი განუყოფელი ეკლესია, მრავალრიცხოვანი ტოტები კი სხვადასხვა „ეკლესიები“, რომლებიც თანაბარუფლებიანები არიან და ამ ერთიანი ეკლესიის ნაირგვარ  გამოვლინებებს წარმოადგენენ. ამ ტოტთგან არცერთი არ ფლობს სრულ ჭეშმარიტებას. ამიტომ ცალკეული საღვთისმეტყველო მოძღვრებანი დიალოგის გზით უნდა საერთო მნიშვნელამდე მივიყვანთ, და სწორედ მაშინ მოხდება ერთადერთი ჭეშმარიტების „რეკონსტრუირება“ და ერთიანი ეკლესიის დაფუძნება [2].

            მე–20 საუკუნის დასაწყისში, 1910 წელს ედინბუგში პროტესტანტური ეკლესიების ორგანიზაციებმა მოიწვიეს მსოფლიო მისიონერული კონფერენცია (Internatioal Missionary Sosiety), რომელზედაც გადაწყდა, რომ ჩამოეყალიბებინათ ქრისტიანთა მსოფლიო მოძრაობა, რომლის მიზანიც სარწმუნოებრივ უმეცრებასთან ბრძოლა და ერთიანი საეკლესიო წესის  (World movement for Faith and order) შემუშავება იყო. იმავდროულად წარმოიშვა მოძრაობა ,,სიცოცხლე და შრომა“ (Life and Work), რომლის მიზანიც იყო ქრისტიანების გაერთიანება თანამშრომლობისა და ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტის გზით. 1948 წელს ეს ორი მოძრაობა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ე.წ. „მსოფლიო საეკლესიო საბჭო“ (The World Council of Churches), რომელმაც შტაბ–ბინა ჟენევაში დაიდო. ამის პარალელურად რელიგიის უნიფიცირებისათვის მიმდინარეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესი, რომელთა მიზანიც იქნებოდა შეექმნათ პირობები მსოფლიოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის. ამგვარად, 1919 წელს დაარსდა ერთა ლიგა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინასახე გახდა. არსებითად, საუბარი ამქვეყნად იდეალური მსოფლიოს წესრიგის ჩამოყალიბების იდეაზე იყო; ეს დეა მრავალი საუკუნის მანძილზე შთააგონებს დასავლეთს და იგი სხვადასხვა გამოვლინებებში გვხვდება, როგორიცა პაპიზმი [3], ჰუმანიზმი, მარქსიზმი, მასონობა და  მისთ.

            ამასთან, ამის განხორციელების გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება რელიგიურ ჭრილში არის სწორედ მართლმადიდებლობა თავისი წმინდა მამათა სწავლებითა და ქრისტიანული მოძღვრების ნებისმიერი მოდერნისტული ინტერპრეტაციების მიმართ ტრადიციული შეუვალობის პოზიციით, თავისი რწმენით, რომ ერთადერთი შესაძლებლობა ეკლესიათა დანაწევრების აღმოფხვრისა არის ჩვენი უფლის, ღმერ-თკაც იესო ქრისტეს მაცხოვნებელი ჭეშმარიტების შეცნობა. უფალი გვასწავლის, რომ ყველა ადამიანის ერთობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში, წმინდა  ზიარების საიდუმლოსა და მოციქულებრივი სარწმუნოების აღმსარებლობის გზით. ამგვარად, გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ ეკუმენისტურ მოძრაობაში ჩაერთოთ მართლმადიდებელი ეკლესიაც, შეეცვალათ მისი მოძღვრება ეკლესიის შესახებ ეკუმენისტური ერესით. პირდაპირი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ორი საპატრიარქო, რომელთაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი და გავლენა ჰქონდათ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში. და მალევე ეკუმენიზმის მთავარი მსახიობების, პროტესტანტების  გვერდით მართლმადიდებლებიც გამოჩნდნენ.

___

1. Magna Charta  - ძირითადი კონცეფცია.

2. ეკუმენისტები ხშირად იყენებენ მზეზე მდებარე გატეხილი სარკის შედარებას. ყოველი ნატეხი მხის სხივებს ირეკლავს, თუმცა სარკე გატეხილია. ასევე ყველა „ეკლესია“ ჭეშმარიტების სისავსეს ფლობს, თუმცა მათი ხილული ერთობა არ არსებობს.

3. ეს არის ყველაზე ზუსტი სახელწოდება რომაულ–კათოლიკური რეფორმირებული ქრისტიანობისა, რომელიც სრულიად სეკულარიზებული, ამქვეყნიური სამეფო, საეკლესიო–პოლიტიკური ორგანიზაცია გახდა. „დასავლეთში ქრისტიანობა არ არსებობს როგორც ეკლესია. იგი ეთიკურ ნორმებამდე დაყვანილ იდეოლოგიად იქცა. ამიტომაც იქ ადამიანი პრაქტიკული ცხოვრებით ცხონდება. ამან შედეგად მოიტანა ის, რომ (კათოლიკების აზრით) ქრისტიანობა გადავიდა იმ ნორმებში, რომლებსაც ღვთაებრივი ხასიათი აქვს. ამის საფუძველში კი ცათა სასუფევლის ამქვეყნად აშენებაა.“ ეპ. ეგნატე მიდიჩი, „თანამედროვე სამყარო და მართლმადიდებლური ეკლესია“, ქრისტიანული აზრი, 6–8, 1993 წ.

 

1920 წლის კონსტანტინეპოლის ენციკლიკა

            კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხრიდან ეკუმენიზმის მიმართ პირველი დათმობა 1920 წ. ენციკლიკის [1] გამოცემა იყო, რომელიც „ყველა ქრისტიანული ეკლესიისადმი“ იყო მიმართული; მასში, სხვასთან ერთად, შემოთავაზებული იყო გრიგორიანული კალენდრის შემოღება. თავისთავად, ახალი კალენდრის შემოღება, რომელიც იულიანეს კალენდართან შედარებით ნაკლებად ზუსტია, განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ნაბიჯი დასავლეთის მიმართ მაამებლობის, მასთან დაახლოების აშკარა სურვილის გამოვლინება იყო, ამასთან -  მართლმადიდებელ ეკლესიათა მრავალსაუკუნოვანი საღვთისმსახურო ერთობის საზიანოდ [2]. თავად შინაარსი ამ ენციკლიკისა, რომელსაც მაშინდელი locum tenens [3] კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიტი დოროთე პრუსიელი და კიდევ თერთმეტი მიტროპოლიტი აწერდა ხელს, საპატრიარქოს სხვა წინამორბედ  ოფიციალურ დოკუმენტებთან შედარებით სრულიად განსხვავებულ ტონს  წარმოაჩენს.  ყურადღება მივაქციოთ ამ ენციკლიკის ზოგიერთ ერეტიკულ ფორმულირებას, რომელშიც თავად სიტყვა „ეკლესია“ არა მხოლოდ ადგილობრივ მართლმადიდებელი ეკლესიათა მიმართ გამოიყენება, არამედ სხვადასხვა მწვალებლური კონფესიების მისამართითაც. დასაწყისში ნათქვამია: ,,. . . არ შეიძლება სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის დაახლოებისა  და მათ შორის ურთიერთობების უარყოფა მხოლოდ დოგმატური განსხვავებების გამო“. შემდეგ მოსდევს მოწოდება, რომ ინდა ვიმუშაოთ „სრული ერთანობისა მომზადებისა და განხორციელებისათვის“. თუმცა ამასთან არ არის დაზუსტებული, რომ ამ ერთობის მიღწევა მხოლოდ მართლმადიდებელი მოძღვრების საფუძველზეა შესაძლებელი. სხვადასხვა დაჯგუფებები სახელდებულია „ეკლესიებად, რომლებიც არ არიან ჩვენთვის უცხონი და  გაუგებარნი, პირიქით,  ყველა  მათგანს ქრისტე აერთიანებს“ და ყოველ მათგანს შეგვიძლია ვუწოდოთ „თანა–მკვიდრნ და თანა–ხორც და თანა–მყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა ქრისტეს მიერ სახარებითა მით...“(ეფ.3.6).  ურთიერთნდობისა და სიყვარულის მისაღწევად  გადადგმული პირველი ნაბიჯი ახალი კალენდრის შემოღება უნდა ყოფილიყო, რათა „მსოფლიო ქრისტიანული დღესასწაულები ერთდროულად ედიდებინათ“. გარდა ამისა, „აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ძმას, ყველა პატივცემულ ეკლესიას“ სთავაზობდნენ, დაენერგათ მჭიდრო თანამშრომლობის პრაქტიკა, სადღესასწაულო ეპისტოლეთა ურთიერთგაცვლა, ღვთისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლა, რაც მოამზადებდა ერთიან საერთო ქრისტიანულ საბჭოს, რომელიც განიხილავდა და გადაწყვეტდა ყველა საკითხს, რომლებიც საერთო ინტერესებს შეადგენდა [4]. ენციკლიკა დიდი აღფრთოვანებით მიიღეს ეკუმენიზმის მომხრეებმა. პანეგირიკები ისმოდა ყველა მხრიდან - ანგლიკანებიდან, ლუთერანებიდან, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიდან. ამასთან ერთად მართლმადიდებელი სამყარო საგონებელში  ჩავარდა: კონსტანტინეპოლის საქციელი ჭეშმარიტად უპრეცენდენტო იყო. ყველა ჯურის მოდერნისტი ზეიმობდა, ტადიციონალიზმის მომხრეები კი, განსაკუთრებით ბერ–მონაზვნობა, სამღვდელოება, ღვთისმოსავი ერიკაცები  უკკიდურესად იმედგაცრუებულნი იყვნენ.

 

პატრიარქი მელეტი მეტაქსაკისი

             ამის შემდეგ მალევე, 1923 წელს, პარტიარქმა მელეტი მეტაკსაკისმა, რომელიც კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი იყო, რომელიც ოფიციალურად მისდევდა ეკუმენისტურ მოღვაწეობას, კონსტანტინეპოლში მოიწვია კრება [5], რომელმაც 1920 წლის ენციკლიკის ზუსტად შესაბამისი გადაწყვეტილებები გამოიტანა და ახალი კალენდრის შემოღების შესახებ განაცხადა, ამასთან არ დაელოდა ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის კონსენსუსს.  

            იმ დროს საბერძნეთი მოდერნიზაციითა და ევროპიზაციით იყო მოცული, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა ოტონ მეფის კარი და ინტელიგენციის პროდასავლურად განწყობილი ახალი თაობა. ,,მათ, – წერდა მარკიანესი თავის მემუარებში, – დაღუპეს ჩვენი სამშობლო და რწმენა, ძალაუფლება უღმერთოების ხელში გადავიდა.

            თურქთა ბატოობის დროს  ჩვენი ძველი ეკლესიების საძირკვლის არცერთი ქვა არ დაძრულა ადგილიდან. ამ უბედურმა, მოტყუებულმა ადამიანებმა კი თავიანთი ინტერესები დაუკავშირეს უღირს ფანარიოტებს[1] , რომელთაც ეს სენი ევროპაში შეეყარათ. მათ ჩვენი ეკლესია–მონასტრები გაანადგურეს. ზოგი მათგანი შეურაცხყვეს, ზოგი კი გომურად აქციეს. ამ ორგულთა შორის არიან მღვდლები, ერისკაცები, სამხედროები და პოლიტიკოსები. და ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნისა და რწმენის დაცვისათვის არც ისე ცოტა სისხლი დავღვარეთ...“. „გაუნათლებელმა ინტელექტუალებმა რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა ჩვენი მოძღვრების  ჭეშმნარიტება შეერყვნათ,  მართლმადიდებლობის წმინდა ხეზე სეკულარიზმი, რაციონალიზმი დაემყნოთ. რომელიც საუკუნეთა მანძილზე ხელშუხებელი რჩებოდა, სხვადასხვა მტრის, ბარბაროსთა შემოსევებს უძლებდა“ [6]. ყველაზე მეტად მონასტრები დაზარალდა: ზოგი დაიხურა, ზოგს ქონება ჩამოერთვა, ზოგიერთში კი „პროგრესული“ იღუმენები გაიგზავნა. იმ დროს ეკლესიასა და განათლებას მუდმივად აკონტროლებდა სახელმწიფო, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა იმისთვის, რათა დასავლეთისათვის მიებაძა, ახდენდა რა ელინო–ქრისტიანული ცივილიზაციის იდეის ფორსირებას. ბევრ საქალაქო ეკლესიაში ტრადიციული ბიზანტიური გალობა თანდათან ევროპული თეატრალიზირებული მრავალხმოვანებით შეიცვალა. სწორედ ამ დროს შეინიშნება დეგრადაცია იკონოგრაფიის სფეროში. ეკლესიებში გაიყვანეს ელექტრობა, დადგეს სკამები. თეოლოგები და ეკლესიის მომავალი მოძღვრების უმრავლესობა განათლებას პროტესტანტულ დასავლეთში იღებენ, სადაც ისინი მოდურ ეკუმენისტურ იდეებს აწყდებოდნენ. მართლმადიდებლურ და დასავლურ ეკლესიებს შორის განსხვავებას ისინი მხოლოდ  დოგმატურ ფორმულირებაში ხედავენ, რომელთა ერთმნიშვლოვნობამდე დაყვანა ასე თუ ისე შესაძლებელია, ამასთან ისინი უარს ამბობენ გაიგონ, რომ თავად იესო ქრისტეს ხატება ჰუმანური ევროპელის ბუნდოვანი სახით არის შეცვლილი, და ამიტომ იქ არ არის და არ შეიძლება არსებობდეს ჭეშმარიტი ქრისტიანობა, და, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე კომპრომისამდე მისვლა, რომ ერეტიკოსების მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მხოლოდ ღრმა და გულწრფელი მონანიებით არის შესაძლებელი. მართლმადიდებლური მოძღვრება მხოლოდ დოგმატების ნაკრები არ არის, ეს თავად ღმერთკაცობრივი ხატია იესო ქრისტესი, რომლის სახეც გამოკვეთილია სახარებით და წმინდა მამათა სწავლებებით, რომლებიც წარმოადგენენ ღვთისმოსაობის უცდომელ ორიენტირს. ამ ერთობლიობიდან სულ მცირედის ამოებაც კი ღმრთის მთელი ხატების შებღალვას ნიშნავს [7]. ამიტომაც ამ საკითხებში კომპრომისი არ არის და არც შეიძლება იყოს. სარწმუნოების ფუნდამენტალურ საკითხებში ნებისმიერი კომპრომისი ქრისტეს ღალატის, კერპთაყვანისმცემლობის ტოლფასია, რა მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი.

1. ცხადია, რომ დაფარულად აპოსტასიური პროცესები ენციკლიკის გამოქვეყნებამდე ბევრად ადრე მიმდინარეობდა, ასევე ცხადია ისიც, რომ ცხადად ისინი მხოლოდ რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ შეიძლებოდა წარმოჩენილიყვნენ. ამ დროიდან განდგომილება (მათ შორის საეკლესიოც) ხარისხობრივად სხვა დონეზე ავიდა. რუსული გამოცემის რედაქტორის შენიშვნა.

2. ადგილობრივი კრება, რომელიც 583 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა, იყო რეაქცია რომის პაპის გრიგოლ XIII–ის მოწოდებაზე მართლმადიდებელთა მიმართ რომაული კალენდარის მიიღების თაობაზე. ამ კრებას ესწრებოდნენ იერემია კონსტანტინეპოლის პატრიარქი, სილვესტერი ალექსანდრიის პატრიარქი, სოფრონი იერუსალიმის პატრიარქი და კიდევ მრავალი სხვა ეკლესიების მეთური. კრების დოკუმენტებში სხვასთან ერთად ნათქვამია: ,,ვინც არ მიჰყვება საეკლესიო ტრადიციებს და იმას, რასაც წმიდა შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება ბრძანებს წმიდა აღდგომის და თთუენის შესახებ და გვიკანონეს კეთილად მივსდიოთ მას, არამედ სურს მიჰყვეს გრიგორიანულ პასქალიასა და თთუენს, უღმერთო ასტრონომებთან  ერთად  ეწინააღმდეგება საეკლესიო კრებათა ყველა განჩნინებას და სურს მათი შეცვლა და შესუსტება – ანათემა მათ, დაე, განიკვეთოს ქრისტეს ეკლესიისაგან და მორწმუნეთა კრებულისაგან. თქვენ კი, მართლმადიდებელნო და კეთილმორწმუნე ქრისტიანენო, მტკიცედ დაიცავით ის, რაც გასწავლეს, რა რწმენაშიც დაიბადეთ და აღიზარდეთ, და თუ აუცილებელი გახდება, თვით სისხლიც დაღვარეთ მამაპაპისეული რწმენისა და აღმსარებლობის დასაცავად.“  იმის მიუხედავად, რომ ახალი კალენდარი მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ერთობას არღვევს, მისი შემოღება მთელი წლის საღვთისმსახურო ციკლში მთელ რიგ ანომალიებს იწვევს. მაგალითად, ახალი კალენდრის მიხედვით, პეტრე–პავლობის მარხვა ზოგ წელიწადს ორ დღემდე მცირდება. გარდა ამისა, ხარების დღესასწაული ზოგჯერ დიდი მარხვის პერიოდიდან ვარდება და ასე შემდეგ.

3. საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრე.

4. ამ საკითხებთან დაკავშირებით თუ რა პოზიცია ჰქონდა ადრე კონსტანტინეპოლს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ 1724 წლის კრების მიმართვიდან. კრებას, რომელსაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია Ш მეთაურობდა, მოწვეულ იქნა ანტიოქიის ტერიტორიაზე პაპისტების პროზელიტური მოღვაწეობის გაძლიერების გამო. კრების მიმართვაში ნათქვამია: „ისინი, ვინც დაივიწყეს ღვთისმოსაობა, განუდგნენ ჩვენი სარწმუნოების ჭეშმარიტ დოგმატებსა და საეკლესიო გარდამოცემას, შთავარდნენ და მისდევენ სხვადასხვა ახალშემოღებულ წესებსა და უცხო იდეებს, არამართლმადიდებლურ ჩვეულებებს, ისინი, ვინც ბღალავს კეთილმორწმუნეობის ჭეშმარიტებას,  - ყველა ისინი აღარ შეიძლება რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებად იწოდებოდნენ, არამედ როგორც არამართლმადიდებლები განიკვეთებიან და განიშორებიან ქრისტიანული და საეკლესიო თემისაგან, განიდევნებიან წმიდა ფარისაგან, როგორც დასნეულებული ცხვრები, გახრწნილი ხორცი, და უკიდურეს და უსერიოზულეს საეკლესიო დასჯას ექვემდებარებიან, და საღმრთო მადლისაგან განყენებულები, ეშმაკთან ერთად საუკუნო სატანჯველში იქნებიან“  მანსი. ტ.37.209.

5. ამ კრების სხდომაზე მიმდინარეობდა დებატები კალენდრის შეცვლასთან დაკავშირებით, მსჯელობდნენ აგრეთვე ქრისტეს წმინდა აღდგომის დღესასწაულის ერთსა და იმავე რიცხვში აღნიშვნის თაობაზე (სხვათა შორის პასქალიის შეცვლა აკრძალულია პირველი მსოდლიო  კრებისა და ანტიოქიის კრების მიერ, ხოლო იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ამას გაბედავენ, ხარისხი ჩამოერთმევის საჯელია განჩინებული). ასევე განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები: დიაკვანისა და პრესვიტერის ხელდასმის შემდეგ ქორწინების შესაძლებლობასთან, მღვდლების მეორედ ქორწინებასთან, მარხვის შემსუბუქებასთან, დიდი წმინდანების დღესასწაულების კვირა დღეს გადატანასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს  ეპისკოპოსი ფოტი ტრიადცკი თავის სტატიაში „საბედისწერო ნაბიჯი განდგომილებისაკენ.“ რუსული გამოცემის რედაქტორის შენიშვნები.

6.Against False Union, Alexnder Kalomiros, 1967.

7. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: „თუ შენ თუნდაც ოდნავ დააზიანებ რაიმეს სამეფო ფულის ბეჭდულ ნიშანზე, ის მთლიანად გამოუსადეგარი ხდება. ზუსტად ასევე, თუ ჯანსაღ სარწმუნოებაში რაიმეს თუნდ სულ მცირეს შეცვლი, ის მთლიანად შეიბღალება, უარესი ხდება, იმის მაგივრად, რომ უკეთესი გახდეს. სად არიან ახლა ისინი, რომლებიც  ერეტიკოსების მიმართ ჩვენი პოზიციის გამო აგრესიულობაში გვადანაშაულებენ? სად არიან ისინი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ შორის თითქოს არანაირი განსხვავება არ არის, რადგან სხვადასხვაობა მხოდ ძალაუფლების მოყვარეობიდან მომდინარეობს? დაე, მოუსმინონ  პავლეს, რომელიც ბრძანებს, რომ სახარებას ცვლიან ისინიც, რომელთაც  ნებისმიერი, თუნდაც სულ მცირეოდენი საიხლე შეაქვთ“ (ტ.61, გვ.622).

 

(გაგრძელება იქნება)



[1] ფანარიოტები  - ფანარის( კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ადგილსამყოფელი სტამბულში) წარმომადგენლები (თარგმანის რედაქტორის შენიშვნა). 

 

წყარო: http://www.religia.ge/siaxleebi.html

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge