ბუდიზმი და ლამაიზმი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) |
კლასიკური ბუდიზმი* გვერდს უვლის მეტაფიზიკურ პრობლემატიკას და განზე ტოვებს რელიგიისთვის ისეთ ონტოლოგიურ ცნებებს, როგორებიცაა ღმერთი, ადამიანის სული, სამყაროს მიზეზი და მიზანი. ბუდიზმი ასწავლის, თუ როგორ უნდა გათავისუფლდე ტანჯვისგან და საკუთარ თავში ყოფიერების სურვილის განადგურებით როგორ აღმოჩნდე მსოფლიო ტრაგედიის გარედან მაყურებელი. ბუდისტური თავისუფლება - ეს თავისუფლებაა სამყაროსაგან, თავისუფლება საკუთარი თავისაგან და თავად თავისუფლებისაგან. აქ ცნობიერება უარყოფისა და განყენებულობის გზით სიცარიელეში იძირება. ეს მდგომარეობა "ნეოპლატონიკოსების გაიოლებას და ინტელექტუალურ ექსტაზს", მათ ტრანსცენდენტალურ უაზრობას მოგვაგონებს, მაგრამ გაცილებით მკვეთრ და ათეისტურ ვარიანტში. გნოსტიკოსი-ნეოპლატონიკოსი ცდილობს გაქრეს ხარისხგარეშე აბსოლუტში. ბუდისტისთვის კი თვით აბსოლუტი, როგორც მონადა, არ არსებობს. სიცარიელე - ეს არა სულიერი ცნება, არამედ განსაზღვრული უშინაარსო სივრცეა, რომელშიც ერთვება და რომელსაც ერწყმის ბუდისტი. აქ არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღვთაებას, იმდენად, რამდენადაც ღვთაება მოიაზრება როგორც გარეგანი და შინაგანი ხასიათის ობიექტი. ნირვანაში კი არ არსებობს ობიექტი. ბუდიზმის ტრანსცენდენტალურ საკითხებს განიხილავს - ლამაიზმი. ეს არის მეტაფიზიკური ფილოსოფიური ბუდიზმი. თუკი ბუდიზმი სიცარიელის შერწყმას ნირვანის ემპირიკასთან ახდენდა, ლამაიზმმა სიცარიელის ცნება გააღრმავა და ის ყველა საგნის პირველსაწყისად აქცია. აქ ლამაიზმი დრამატულ დასკვნებამდე მივიდა. ხილული სამყარო - ეს მხოლოდ მერყევი აპკია სიცარიელის ოკეანის თავზე. სამყარო გაჩნდა ხარისხგარეშე, დაუსაბამო, უპრედიკატო, უსუბსტანციო სიცარიელიდან მხოლოდ იმისათვის, რომ სიცარიელეს შეძლებოდა თავისი თავი იმასთან დაეპირისპირებინა, რასაც ჩვენ "რაიმეს" ვეძახით და ამ "რაიმეს" მეშვეობით საკუთარი თავი, როგორც სიცარიელე, ისე შეემეცნებინა. ბუნებრივი სიცარიელე, ანუ სიცარიელე საკუთარ თავში, როგორც მოცემულობა, ლამაიზმით "განათლებული" გონების მეშვეობით ნებელობით სიცარიელედ უნდა იქცეს. მასთან კოსმოსი არ განიხილება, როგორც ანტისიცარიელე, სხვაგვარად ბუდიზმის მონიზმი გადაულახავ დუალიზმად გადაიქცეოდა. კოსმოსი - ერთდროულად ყოფიერებაცაა და უმყოფობაც, რამდენადაც მისი ელემენტე - დჰარმები, იმდენად ხანმოკლენი არიან, რომ უდროობის მიჯნაზე იმყოფებიან, იმდენად მცირენი, რომ სივრცის განზომილებიდან ვარდებიან. ამიტომ დჰარმები - ეს ისაა, რაც ერთდროულად არის და არ არის. მოდერნიზმის მომხრე ზოგიერთი ლამაისტი თავის სწავლებასა და ბრაჰმანიზმს შორის ანალოგს ავლებს. სიცარიელე და ტრანსცენდენტალური "არაფერი" - ეს "ბრამას ღამის" მსგავსია, ხოლო კოსმოსი და ემპირიული "არაფერი" - "ბრამას დღის" მსგავსი. მაგრამ ეს ზერელე და ხელოვნური პარალელებია. თვითონ ლამაისტები სიცარიელის შესახებ ასწავლიან როგორც გამოცხადების შესახებ, რომელიც ბუდასგან მიიღეს და რისთვისაც საჭირო იყო ბუდას ახალი განსხეულება (ამდენად ითვლება სიცარიელის შესახებ სწავლება მნიშვნელოვნად და ფუძემდებლად). ნუთუ ღრმადპატივცემული ბუდა კვლავ მხოლოდ იმისათვის განხორციელდებოდა, რომ გაემეორებინა ბრაჰმანიზმში უკვე ცნობილი ფილოსოფიური კონცეფცია? ბრაჰმა - აბსოლუტია თავის მოდუსებში და დაუსრულებელ ტრანსფორმაციებში; მას სამყაროს დანგრევით და თავის თავში ჩაღრმავებით ("ბრამას ღამეში" და პარაბრამას მდგომარეობაში) თან "პრაკრიტის" - მატერიალურობის იდეა მიაქვს, ამიტომ არ გადაიქცევა აბსოლუტურ სიცარიელედ. ბრაჰმანი დაქვემდებარებულია კანონებსა და თავისი შინაგანი რიტმის პერიოდებს, სადაც "დღე" პულსის დარტყმას ჰგავს, "ღამე" კი -დარტყმებს შორის შუალედს. ხოლო ლამაისტების სიცარიელე სამყაროს საჭიროებისდა მიხედვით არ ქმნის, მასში არ არის თვითდეტერმინიზაციის პრინციპი. და მაინც, ლამაიზმმა ვერ შეძლო შეექმნა მკაცრი მონისტური თეორია. დჰარმებში დრო დროის დაკარგვამდე წილადდება. ლამაიზმი ისევე, როგორც ბუდიზმი, ღრმად პესიმისტურია. აქ ყოფიერება და უმყოფობა ერთმანეთს ადგილებით ენაცვლებიან. აქსიოლოგიური მნიშვნელობით სამყარო გაიაზრება არა როგორც მარტოოდენ აპკი, არამედ როგორც სიცარიელის სუბსტრატში გაზრდილი ობის სოკოები. აქ, ისევე როგორც ბუდიზმში, თავისუფლება უმყოფობასთან არის გაიგივებული. ლამაიზმის ღმერთები - დემონები - ეს საშინელი ურჩხულებია. მათში ლამაისტი არსების ყველა ფორმას უარყოფს, უმდაბლესს, უმაღლესს და თვით ადამიანს. ლამაიზმის ფილოსოფია - ეს სიკვდილის ფილოსოფიაა, ხოლო ლამაისტის თავისუფლება - ეს არის თავისუფლება "ყოფიერების თავისუფლებისაგან". ლამაიზმს მატერიისაგან გათავისუფლებაზე მეტად ღმერთისგან უნდა გათავისუფლება. ლამაისტების მთავარმა ქურუმმა დალაი-ლამამ ყალმუხეთის დედაქალაქ ელისტეში მცხოვრებლების წინაშე გამოსვლისას საჭიროდ ჩათვალა საზეიმოდ განეცხადებინა, რომ "ღმერთი არ არის". ლამაისტური სექტა "შამბალა" ტიბეტიდან საბჭოთა ხელმძღვანელობასთან წარმომადგენლებს გზავნიდა წერილით, სადაც ესალმებოდა ქრისტიანული ტაძრებისა და მონასტრების ნგრევას. მეორე სექტა "აჰარტი" გერმანიაში ფაშიზმს ედგა მხარში. ტიბეტელი ლამები "SS"-ის დამსჯელ რაზმებში ინსტრუქტორებად მსახურობდნენ. ლამაიზმის ზოგიერთი წეს-ჩვეულება კანიბალიზმს და ნეკროფაგიას წარმოადგენს. მაგალითად: მამაცი მებრძოლის გულის შეჭმა მისი მტრების მიერ ან წარჩინებული მიცვალებულის "დაკრძალვა" ლამების სტომაქებში (ამასთან გვამი უმად უნდა შეიჭამოს). მაგრამ თუკი თავს დავანებებთ ამ ზიზღის აღმძვრელ რიტუალებს და ლამაიზმის მეტაფიზიკას მივუბრუნდებით, ის არანაკლებ საძაგელი აღმოჩნდება: მატერია - ეს უმყოფობა და ილუზიაა. აბსოლუტური გონი - ღვთაება არ არსებობს, რეალურია მხოლოდ ერთი, უძირო სიცარიელე. ამიტომ ლამაიზმის კულტი - ეს დოლის ხმაზე მოცეკვავე ურჩხულების ნიღბებია ბასრი ეშვებით, ეს თვით სიკვდილის აპოთეოზია. ეს თავისუფლება გაიაზრება როგორც ილუზორული "რაღაცის" რეალურ "არაფრად" გადაქცევა.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თარგმნა ნინო გულიაშვილმა; წიგნიდან "რისთვის გვითმენს უფალი"
*ბუდიზმი - ბრაჰმანიზმის მიმართ მტრულად განწყობილი რელიგიური სწავლება (ძვ. წ. აღ. VI-V სს). ბუდიზმი წამოწევს შემდეგ ძირითად მდგომარეობებს: 1) ცხოვრება აღსავსეა ტანჯვით; 2) არსებობს ტანჯვის გაჩენის მიზეზი; 3) არის ტანჯვის შეწყვეტის საშუალება. ბუდიზმის მასწავლებლები ასწავლიან, რომ შემეცნების მიზანია - ადამიანი გაათავისუფლოს ტანჯვისგან. ბუდიზმის ეთიკას საფუძვლად უდევს იმის რწმუნება, რომ ტანჯვისგან თავის დაღწევა შესაძლოა არა იმქვეყნიურ, არამედ ამ ცხოვრებაში. ტანჯვის ასეთ შეწყვეტას ბუდისტებთან ეწოდება - ნირვანა. ზედმიწევნითი მნიშვნელობით - "ჩამქრალი". ბუდისტები ნირვანაში გულისხმობენ სრულ აუმღვრევლობას, გათავისუფლებას ყოველივესგან, რასაც ტკივილი მოაქვს, გარე და აზრთა სამყაროსაგან გარიდებას. |
E-mail: info@qadageba.ge