ავტორიზაცია



Facebook Image






მამა დავით ნოზაძის პასუხი, დეკანოზ თამაზ ლომიძეს - 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე
Share

 

მამა თამაზ, თქვენს წერილში, რომელიც შეეხებოდა 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, გმობთ ძალადობას, რომელიც, თითქოს, ეკლესიამ გამოავლინა უწყინარი ცოდვილების მიმართ, და გვთავაზობთ წმიდა წერილზე დაფუძნებულ შეგონებას.

 

თქვენს მსჯელობაში ვამჩნევთ სამწუხარო მოვლენას, როდესაც ეკლესიის მსახური ცდილობს შეგნებულად დაამახინჯოს ეკლესიის სწავლება ცოდვაზე, ცოდვილებთან ურთიერთობაზე, ეკლესიისა და სახემწიფოს ურთიერთობაზე, რითაც ცდილობთ აამოთ ამა სოფლის ძლიერთ და შეურაცხყოთ წმ. ეკლესია. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, გვეპასუხა თქვენთვის და წარმოგვეჩინა თქვენი არაგულწრფელობა.

 

1. თქვენ ამბობთ: „რატომ სდევნი ძალადობით განსხვავებულ, თუნდაც ცოდვილ ადამიანს? განა ასე იქცეოდა უფალი შენი, პირველი მღვდელთავარი და მოძღვარი იესო ქრისტე?განა სდევნიდა იგი ვინმეს? მახარებლები მოგვითხობენ მაცხოვრის ასვლას იერუსალიმის ტაძარში: „და შექმნა შოლტი საბლისა და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაი და ცხოვარი, კერმისმსყიდველთა მათ დაუთხია კერმაი და ტაბლები იგი დაუმხუა“ (იოანე 2.15). გაიხსენე წმიდა ნიკოლოზი, როდესაც მან კვერთხი დაჰკრა ღვთისმგმობ არიოზს, რის გამოც საპყრობილეში მოათავსეს იგი. თუმცა ღმერთმა საღმრთო გამოცხადებით გამოაჩინა (მაცხოვარი და ღმრთისმშობელი გადასცემენ მას სახარებას და ომოფორს), რომ წმიდა ნიკოლოზის ეს საქციელი იყო ღვთისაგან. და ბოლოს, კვლავ ცილი რომ არ დასწამოთ ეკლესიის იქ გამოსულ ნაწილს ზემოთქმულის გამო, თითქოს და მომხრენი ვართ ადამიანთა შეურაცხყოფისა და დარბევისა, შეგახსენებთ წმიდა გარეჯელის ცხოვრებიდან შემდეგს: წმიდა მამამ ვერ შეაჩერა ქაშვეთთან შეკრებილი ხალხი, რემლებმაც ქვით ჩაქოლა მისი ცილისმწამებელი ქალი, რის გამოც დატოვა თბილისი და წავიდა გარეჯის უდაბნოში.

 

ახლა გეტყვით, რატომ იდგა ეკლესია იქ და რას აკეთებდა. ერთი მხრივ, არის რა იგი დამცველი სიწმიდისა და შემაგონებელი ცოდვილთა, ასრულებდა ამ მოვალეობას, და მეორე მხრივ, ცდილობდა დავით გარეჯელის მსგავსად შეეჩერებინა ადამიანები, რათა არ მომხდარიყო ის, რაც დავით გარეჯელის შემთხვევაში მოხდა, და, საბედნიეროდ, შეძლო ეს. სრული კონტროლის დაწესება კი ასი ათას აღშფოთებულ მოქალაქეზე, - მათ შორის ხომ შეგნებული პროვოკატორებიც იყვნენ, დამერწმუნებით, რომ წარმოუდგენლად ძნელია. თქვენ ბრძანდებით მოძღვარი და იცით, რომ ეკლესია მიდის ცოდვილთან და ცდილობს მის გადარჩენას (თუნდაც აღლუმისთვის შეკრებილ ადამიანთა მსგავს ცოდვებში მყოფთ) და, ასევე, იცით, რომ ბევრი მათგანი გადაურჩენია და დაბრუნებია ჯანმრთელ ცხოვრებაში, მათ მიუღიათ შენდობა და ეხლა არიან ეკლესიის სრულფასოვანი წევრები. თქვენ, ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ზაქეს ხეზე ასვლა მიანიშნებდა ზაქეს მზადყოფნას, მიეღო უფლის სიტყვა და სწორედ ამიტომ ჩერდება და მიდის ზაქესთან უფალი. ამ ადგილს შეგნებულად ამახინჯებთ და, ასევე, არ ამბობთ უფლის სიტყვებს: „ნუ დაუყრით ღორებს და ძაღლებს მარგალიტებს. . .“. ამ სიტყვათა გამო კვლავ შეიძლება გვითხრათ, რატომ ვადარეთ ადამიანებს ღორებსა და ძაღლებს. ეს სიტყვები ბრძანა მაცხოვარმა და არა ჩვენ, თუ გექნებათ სურვილი, ჰკითხეთ მას. და ბოლოს, თქვენ ბრძანებთ: ქრისტეს მღვდელმსახურო, ნუ დაგძლევს სურვილი და ხიბლი, სახელმწიფო და პოლიტიკის საქმეებში ჩარევის, ეს არ არის ქრისტეს გზა....“, და კვლავ არასწორად მოგყავთ ციტატა სახარებიდან: „როცა პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“, უარყო და მიუგო მან: „ჩემი მეფობა არ არის ამ ქვეყნიური“ მე მოვედი მხოლოდ იმისთვის, რომ დავამოწმო ჭეშმარიტება“. იოანე მახარებელი კი სხვაგვარად ბრძანებს: „ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფე ჰურიათაი? ჰრქუა მას იესო: შენ თავით თვისით იტყვი მაგას, ანუ სხვათა გითხრეს ჩემთვის? მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკვე მე ჰურიაი ვარა? ნათესავთა შენთა და მღვდელთ მოძღვართა მიუცემიხარ შენ ჩემდა. რაი გიქმნიეს, მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაი ჩემი არა ამა სოფლისაგანი არს“. ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფე ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყვი, რამეთუ მეუფე ვარ მე“ (იოანე 18. 33-37 ). თქვენ ბრძანებთ რომ იესომ უარყო, მახარებლები კი ამბობენ, რომ ორ გზის დაუდასტურა მაცხოვარმა პილატეს და როგორ უარყოფდა, როცა ამისთვის იშვა: „მე ამისთვის ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად“ ( იოანე 18.37 ). ასევე გვმოძღვრავთ: „როგორც მოქალაქე პატივი ეცი ქვეყნის კანონს, პავლე მოციქულის სიტყვისამებრ, მიეცით ყველას კუთვნილი „ვისაც ხარკი ერგება-ხარკი, ვისაც ბაჟი-ბაჟი, საშიშარს-შიში, პატივისმცემელს-პატივისცემა“. აქაც შეგნებულად ამახინჯებთ წმიდა მამათა და ეკლესიის სწავლებას, თითქოს და მოციქული გვეუბნება, აღვასრულოთ ხელისუფალთა ის ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება ღმრთის ნებას (მაგ. საქართველოს კანონმდებლობით აბორტი არ ისჯება, ნებადართულია, საღვთო კანონი კი აბორტის ჩამდენებს მრავალწლიან სასჯელს განუჩინებს. სასჯელს განვმარტავთ, - ესაა ხანგრძლივი უზიარებლობა, არავის ეგონოს, რომ ეკლესიის სასჯელი რაიმე ძალადობას შეიცავდეს.„მორჩილება ჯერ არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“, - ეს სწავლება არის მართლმადიდებელი ეკლესიის სული და გული, მისი მთავარი, ყოვლისმომცველი ხარება, რითაც და რისთვისაც ცხოვრობს ეკლესია. ეკლესიისათვის პირველი მუდამ არის ღმერთი და შემდეგ ადამიანი, ამიტომ ადამიანებს მანამდე უნდა ვემორჩილებოდეთ, სანამ ისინი ღმერთს და საღვთო სჯულს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ როდესაც ადამიანები ღვთის და საღვთო სჯულის წინააღმდეგ ილაშქრებენ, მაშინ ეკლესია მათ უნდა დაუპირისპირდეს, და თუ ასე არ მოიქცევა, მაშ როგორღა დარჩება ის ეკლესიად, ანდა მისი წარმომადგენლები - მოციქულთა მემკვიდრეებად? ასეთ დროს ე.წ. საეკლესიო იკონომიით (შემწყნარებლობით) თავის მართლება სხვა არაფერია, თუ არა ღმერთისა და ეკლესიის ფარული გაცემა. ამგვარი იკონომია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის ღალატია. ხელისუფლება არის ღმრთისაგან (13 ე-7). ფასეულებათა იერარქია და წესრიგის იერარქიაც ღმრთისმიერია, ამიტომ ხელისუფლებას უნდა ვემორჩილებოდეთ, ვითარცა ამ ქვეყნად ღმრთის მინიჭებულ წესრიგის მარეგულირებელს და მცველს. მაგარამ ხელისუფალთა მორჩილება მანამ გვმართებს, სანამ ისინი ქვეყნად ღვთაებრივ წესრიგს იცავენ, სანამ ისინი ღვთის სამსახურში არიან, სანამ ხელისუფლებას მახვილი ბოროტების დასასჯელად და სიკეთის დასაცავად უპყრია... მაგრამ როდესაც ხელისუფლება საღვთო სიკეთის მდევნელი ხდება, როდესაც ხელისუფლება ყოვლად სიკეთის, - უფალი იესო ქრისტეს და მისი ეკელსიის მდევნელი ხდება, მაშინ ასეთ ხელისუფლების არც მორჩილება და არც ყურის გდება არ შეიძლება, ასეთ ხელისუფლებას ქრისტიანი უნდა ებრძოდეს და იბრძოლოს სწორედ სახარებისეული საშუალებებით.

 

მამა თამაზ, გკითხავთ: წმიდა ევდემოზ კათალიკოსი, როდესაც იგი იბრძოდა ეკლესიისა და ერის გადარჩენისათვის, როსტომ-ხანისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ რა ამოძრავებდა, ხიბლი სახელმწიფოსა და პოლიტიკის საქმეებში ჩარევისა თუ მამის მზრუნველობა სულიერი შვილების გადასარჩენად? „ყოველი წმიდა მოწამე, ქრისტეს სარწმუნოების ყოველი წმიდა აღმსარებელი ცოცხალი განსახიერებაა და უკვდავი ხარებაა მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყოვლადწმიდა სახარება ამ სწავლებისა: „მორჩილება ჯერ არს ღმრთისაი, ვიდრე კაცთაი“. ყოველი მათგანი ყოველი გულით, ყოველი ძალით, ყოველი გონებით იცავდა ამ სწავლებას და სწორედ ამიტომ აწამებდა და კლავდა საუკუნეთა მანძილზე ღვთისმბრძოლი ხელისუფლება. (წმ. იუსტინე პოპოვიჩი). სამწუხაროდ, ვკითხულობთ რა თქვენ ზემო აღნიშნულ წერილს მამათა მიერ სწავლების ფონზე, გვიკვირს, - მღვდელმსახური რატომ აყენებს ღმერთზე წინ ადამიანს, ეკლესიის აზროვნებაზე წინ - ლიბერალურ და ჰუმანურ აზროვნებას. რატომ ცდილობთ, აამოთ კაცს და არა ღმერთს. ასევე გვიჩნდება კითხვა: რატომ ხართ მღვდელმსახური და არა ერთ-ერთი ლგბტ საზოგადოების დამცავი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი? ასევე გეტყვით: იცით, ასე ჯიუტად რატომ ითხოვენ ჩვენი სამშობლოს შიდა და გარე მტრები, რომ ხელისუფლებამ დაიცვას უზნეონი და მოძულენი საღმრთო კანონებისა და დასაჯოს ეკლესიის მამები, თითქოსდა მათ მიერ გამოჩენილი ძალადობის გამო? იმიტომ, რომ მათ იციან შემდეგი: „როდესაც ხელისუფლება ღმერთს ემყარება, მაშინ ღვთის მფარველობაშია და ღმერთთან იმყოფება, იგი ღმრთისმიერია და ღვთივკურთხეულია, ხოლო როდესაც ხელისუფლება ღმერთს განუდგება, იგი ძალადობად გადაიქცევა და ამით ღვთისმოწინააღმდეგის - ეშმაკის ძალაუფლებას დაუმორჩილებს თავს. (წმ.იუსტინე პოპოვიჩი). აი, ამიტომ თხოვენ ხელისუფლებას მათი „მოკეთენი“ და „მრჩეველნი“ ღვთისმგმობი კანონების ჯერ მიღებას და შემდეგ შესრულებას. სამწუხაროა, რომ თქვენ და, ასევე, ზოგიერთი მღვდელმსახური (საბედნიეროდ, არა მრავალნი) მოუწოდებთ ეკლესიის მრევლს და ქართველ ერს, დაივიწყონ მრავალსაუკუნოვანი, მამათამიერი მსოფლმხედველობა და მიიღონ ლიბერალურ და ჰუმანურ პრინციპებს ამოფარებული უზნეო და ღმრთის მგმობელი კანონების მომცველი მსოფლმხედველობა.

 

ქრისტესმიერი სიყვარულით, მღვდელი დავით ( ნოზაძე ) ოძელი.

 

 

----------------------------------------------------------------------------- 

 

 

დეკანოზი თამაზის წერილი:

 

დაფიქრდი შენი ეკლესიის მომავალზე და საჯაროდ გაემიჯნე ძალადობას17 მაისის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ნაწილი საქართველოს ეკლესიისა ასცდა იესო ქრისტეს გზას. გზა ქრისტესი არის სიყვარულის, კაცთმოყვარეობის, შებრალების, თავმდაბლობისა და სიმშვიდისა გზა. ამ დღეს ერის სიწმინდის და ზნეობის დაცვის სახელით შეკრებილი გააფთრებული ბერისა და ერისაგან ვერცერთი ეს სათნოება ვერ დაინახა იმედგაცრუბულმა საზოგადოებამ.რატომ სდევნი ძალადობით განსხვავებულ, თუნდაც ცოდვილ ადამიანს? განა ასე იქცეოდა უფალი შენი, პირველი მღვდელმთავარი და მოძღვარი ისეო ქრისტე? განა სდევნიდა იგი ვინმეს? იგი ხომ არ თაკილობდა მეძავებთან, მებაჟეებთან და სხვა ცოდვილებთან საუბარს და მათთან ერთად სუფრასთან ჯდომასაც კი? იტყვიან ზოგიერთები: "ისინი მონანული ცოდვილები იყვნენ". მაგრამ, გაიხსენეთ მებაჟე ზაქეს ამბავი. მათ შორის იესო იყო პირველი, ვინც მისკენ წავიდა სიყვარულით და უთხრა: "დღეს შენ სახლში მოვდივარ სტუმრად". მხოლოდ ამის შემდეგ, ამ დიდი სიყვარულის და კაცთმოყვარეობის დამნახავი ჩავარდა სინანულში ზაქე. თუ ასე აკეთებდა იესო ქრისტე, შენ, ჩვენი დროის ქრისტეს მსახურო რატომ არ მიდიხარ პირველი გზააბნეულებთან და რატომ არ ჯდები შენც მშვიდად მათთან ერთად სუფრასთან? რატომ პირველი არ უწვდი სიყვარულის ხელს? იქნებ მასაც ზაქესავით სურვილი ჰკლავს, რომ გაიგოს, თუ ვინ ხარ და რას ეტყვი შენ? განა როდესმე დაუშვია ძალადობა იესო ქრისტეს? განა მან არ უთხრა პეტრეს: "ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან რომელმან აიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს". შენც, ქრისტეს მსახურო თუ ძალადობას აიღებ ხელში, ძალადობავე დაგიბრუნდება უკან და დაგანგრევს.ქრისტეს მღვდელმსახურო, ნუ დაგძლევს სურვილი და ხიბლი სახელმწიფო და პოლიტიკის საქმეებში ჩარევისა. ეს არ არის ქრისტეს გზა. გაიხსენე, რომ მას შემდეგ, რაც იესომ სასწაულებრივად დააპურა ხალხი, მოინდომეს მისი ძალით გამეფება ისრაელში. ხოლო იგი, მიხვდა რა მათ სურვილს სასწრაფოდ განშორდა მათ და განმარტოვდა სალოცავად მთაზე. ასევე, როცა პილატემ ჰკითხა მას: "შენ ხარ იუდეველთა მეფე?", უარჰყო და მიუგო მან: "ჩემი მეფობა არ არის ამქვეყნიური. ... მე მოვედი მხოლოდ იმისთვის, რომ დავამოწმო ჭეშმარიტება. ვისაც სწყურია ჭეშმარიტება მას ესმის ჩემი". თუ შენი სულიერი მეუფე გაურბოდა ამქვეყნიურ ძალაუფლებას, შენც მიბაძე მას. ნუ ჩაერევი ამქვეყნიურ საქმეებში. როგორც მოქალაქემ პატივი ეცი ქვეყნის კანონს, პავლე მოციქულის სიტყვისამებრ მიეცი ყველას კუთვნილი: "ვისაც ხარკი ერგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა" და ამავე დროს, როგორც ქრისტეს მღვდელმსახურმა სიყვარულით და კაცთმოყვარებით ასწავლე სიმართლით ცხოვრება შენს მრევლს. რადგან, ვინც შეძლო სიყვარული, მან აღასრულა რჯული.როგორც ქრისტეს ეკლესიის მღვდელმსახური ქრისტესმიერი სიყვარულით შენდობას ვითხოვ მათ წინაშე ვინც მსხვერპლი გახდა ფიზიკური და ემოციური ძალადობის. უმორჩილესად გთხოვთ, რომ არ დაბრკოლდეთ და არ დაიჯეროთ, რომ ძალადობა ეკუთვნის ქრისტიანობას.მოგმართავთ გთხოვნით საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ჩვენს მრევლს და მათ, ვისთვისაც ძვირფასია იესო ქრისტეს სახელი და ჩვენი ეკლესიის მომავალი: საჯაროდ, ერთი წინადადებით.. 

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge