ავტორიზაცია



Facebook Image






წმ. ეპისკოპოს ეგნატეს სიტყვა – მართლმადიდებლობის კვირიაკეს
Share

 

საყვარელნო ძმანო! ამ მართლმადიდებლობის კვირიაკეს, ბუნებრივი იქნება ჩვენი საუბარი დავიწყოთ შეკითხვით: რა არის მართლმადიდებლობა?     

 

მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი შემეცნება და მსახურებაა ღვთისა, მართლმადიდებლობა  თაყვანისცემაა ღვთისა, სულითა და  ჭეშმარიტებითა, მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი შემეცნებითა და თაყვანისცემით განდიდებაა ღვთისა. მართლმადიდებლობა ღვთის მიერ, მისი ჭეშმარიტი მსახურის გამოჩინებაა სულიწმინდის მადლის მინიჭებით. სულიწმიდა დიდებაა ქრისტიანთა. სადაც არ არის მადლი სულისა წმიდისა, იქ არ არის მართლმადიდებლობა.   

           

არ არის მართლმადიდებლობა ადამიანურ სწავლებასა და ნააზრევში, აქ მეუფებს მტყუარი გონება – ნაყოფი დაცემისა. მართლმადიდებლობა სულიწმიდის სწავლებაა, ღვთით მონიჭებული, ადამიანთა საცხოვნებლად. სადაც არ არის მართლმადიდებლობა, იქ ცხონების გზაც დაკარგულია. «რომელსა უნდეს ცხოვრებად, პირველ ყოვლისა თანა არს მას პყრობად კათოლიკე სარწმუნოება, რომელი უკეთუმცა ვინმე არა დაიმარხოს სრულიად და უბიწოდ, თვინიერ ყოვლისავე რაიმე მიზეზისა, საუკუნოდ წარწმდეს იგი.»

         

უძვირფასესი საუნჯეა სულიწმიდის სწავლება! ეს სწავლება წმიდა წერილსა და მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთო გარდამოცემაშია შემონახული. მასშია წინდი  ჩვენი ცხოვრებისა.

           

დღეს წმიდა ეკლესია ყველას გასაგონად ჩამოთვლის სატანისაგან წარმოშობილსა და გამოსულ სწავლებას, რათა ეს წინდი დაიცვას ჩვენი ცხონებისათვის. ეს სწავლებანი  ღვთის მტრობის გამომხატველია, წინააღმდგომნი ჩვენი გადარჩენისა, წარმტაცებულნი ჩვენი ცხონებისა. ეკლესია ამხელს ამ მოძღვრებებს, როგორც მგელთ, მტაცებელთ, გველთ, წამწყრმედელთ, როგორც მპარავთა და მკვლელთ. იგი ანათემას გადასცემს ამ სწავლებებს და მათაც ვინც შეუპოვრად ადგას ამ გზას, ამით გვიფარავს ამ მოძღვრებებისაგან და უფსკრულიდან ამოსვლას მოუწოდებს მათით მოხიბლულებს.            

           

სიტყვა ანათემა განყენებას, განკვეთას ნიშნავს. როცა ეკლესია ანათემას გადასცემს რაიმე სწავლებას, ეს ნიშნავს, რომ ეს სწავლება სული წმიდის გმობის შემცველია და ცხონებისათვის უნდა უარიყოს და მოიკვეთოს. როცა ეკლესია შეაჩვენებს ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ ამ კაცმა საბოლოოდ შეისისლხორცა  ღვთისმგმობი სწავლება და ამით თავის თავს უკარგავს ცხონების გზას და იმ ახლობლებსაც, ვისაც თავის მოსაზრებებს უზიარებს. როცა ადამიანი გადაწყვეტს, დაუტეოს ღვთისმგმობი მოძღვრება და მიიღოს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, მაშინ მან მართლმადიდებლური ეკლესიის წესისამებრ უნდა შეაჩვენოს ის ცრუ მოძღვრება, რომელზეც  მანამდე იდგა, რომელიც ღუპავდა მას, განაშორებდა ღვთისგან და ღვთის მტრობასა და სულიწმიდის გმობაში მყოფს, სატანის თანაზიარად ზრდიდა.     

           

ანათემა ეკლესიის სულიერი წამლობაა ადამიანის სულის საუკუნოდ მომაკვდინებელი სენისაგან განსაკურნებელად. საუკუნო სიკვდილს გვპირდება ყოველი ადამიანური სწავლება, მტყუარი გონებიდან და ხორციელი ზრახვებიდან, - დემონთა და ადამიანთა ამ საერთო საკუთრებიდან მოხმობილი ნააზრევი ღვთით განცხადებულ სწავლებაში რომ შეაქვთ. ა დამიანური გონების ნაყოფს, ქრისტიანული  სარწმუნოების მოძღვრებაში შეტანილს, ეწოდება მწვალებლობა, ამ სწავლების შედგომას კი – ბოროტმორწმუნეობა.   

           

მწვალებლობანი, როგორც საქმე ხორცთა და ნაყოფი ხორციელი ზრახვისა, დაცემულ ანგელოზთა გამონაგონია: «ეკრძალენით უღვთო მწვალებლობათ – სატანურ გამონაგონს ამ ბოროტ-საწყისიანი გველისას.» - ამბობს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი. ეს საკვირველი არაა. დაცემულ ანგელოზთა დასები სულიერი ღირსების სიმაღლიდან გარდამოიქცნენ. ხორციელ ზრახვებში ისინი ადამიანებზე უფრო ღრმად ჩაეფლნენ. ადამიანს ძალუძს ხორციელი ზრახვიდან სულიერში გარდაცვალება. დაცემულნი ძალნი კი მოკლებულნი არიან ამას. ადამიანი არაა დაქვემდებარებული ხორციელი ძალის იმდენად ძლიერ ზემოქმედებას, რადგან მასში ბუნებრივი სიკეთე  დაცემით არაა მოსპობილი, როგორც დემონებში. კაცთა ბუნებაში სიკეთე ბოროტებაშია აღრეული, ამიტომაცაა  უხმარქმნილი, დემონებში კი მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება მეუფებს და მოქმედებს. მათ სამფლობელოში ხორციელი ზრახვა უკიდურესად ვრცლად და სრულად განვითარდა. მათი უმთავრესი ცოდვა ღვთის ზღვარგადასული სიძულვილია, საშინელ და დაუცხრომელ ღვთისმგმობაში გამოხატული. დაცემული ძალნი  აღზვავდნენ თავად ღმერთზე, ქმნილებათა ბუნებითი წესი – მორჩილება ღვთისა, განუწყვეტელ  წინააღმდეგობად და შეურიგებელ ბრძოლად გარდაცვალეს. ამიტომაც დიდია მათი დაცემა და განუკურნავია ის საუკუნო სიკვდილის წყლული, რომლითაც ისინი არიან გვემულნი. დაცემულ ანგელოზთა არსებითი ვნება ამპარტავნებაა. ისინი განსაცვიფრებელი და  უგონო ზვაობრობით არიან შეპყრობილი, ყველა სახის ცოდვაში პოულობენ განცხრომას, მუდმივად ტრიალებენ მათ მორევში და ერთი ცოდვიდან მეორეში გადადიან, ეფლობიან ვერცხლისმოყვარეობაშიც, ნაყროვნებაშიც, მრუშობაშიც. ამ ცოდვათა  სხეულით განხორციელება რომ არ ძალუძთ, ოცნებებსა და შეგრძნებებში იქმან მათ. დაცემულმა ანგელოზებმა უხორცო ბუნებას ხორციელი მანკიერებანი შესძინეს. ეს მათთვის არაბუნებრივი ბიწიერებანი თავიანთში გაცილებით მეტად განავითარეს, ვიდრე ეს ადამიანებშია შესაძლებელი. «ვითარ განვარდა ცისაგან მთიები განთიად აღმომავალი?» - ამბობს წინასწარმეტყველი დაცემულ ქერუბიმზე. - «შეიმუსრა ქვეყანასა ზედა, ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე. ზედაით ვარსკვლავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, და ვიყო მსგავს მაღლისა. ხოლო აწ ჯოჯოხეთამდი შთაჰხდე და საფუძველთა მიმართ ქვეყანისათა, დაჰვარდე მთათა ზედა, ვითარცა მკვდარი მოძაგებული.»       

           

დაცემული ანგელოზნი, ყოველგვარი ცოდვის დასაბამის შემცველნი, ადამიანთა წარწმენდის მიზანსწრაფით შეპყრობილი, ცდილობენ ყოველგვარი ცოდვის თანამდებნი გახადონ ისინი. კაცთ ითრევენ ხორცის მრავალფეროვან მაამემლობაში, ანგარებაში, დიდებისმოყვარებაში, თვალისმომჭრელად გვიხატავენ თვალწინ ამ ვნებათა საგნებს. მთელი ძალისხმევით კი ცდილობენ ამპარტავნებაში შთაგდებას, რადგან ამ ცოდვისაგან აღმოცენდა, როგორც თესლიდან მცენარე, მტერობა და გმობა ღვთისა. ღვთისმგმობელობა, რომელიც ყოველი მწვალებლობის არსს წარმოადგენს, ყველაზე მძიმე ცოდვაა, როგორც კერძოდ დაცემულ ანგელოზთა საკუთრება და მათი გამოსარჩევი თვისება. დDაცემული ძალნი კეთილსახიერების საფარქვეშ ცდილობენ შენიღმონ ყოველგვარი ცოდვა . კეთილსახიერების ამ საბურველს მამათა ასკეტურ თვისებებში გამართლებანი ეწოდება. ამგვარად მოქმედებენ დემონები ადამიანთა ადვილად მოსახიბლად  და ცოდვაზე დასათანხმებლად. ღვთისმგმობელობის ცოდვასაც  ნიღბავენ: ბრწყინვალე დასახელებით, მდიდრული მჭევრმეტყველებითა და ამაღლებული ფილოსოფიით ცდილობენ მის შებურვას. საშინელი იარაღია დემონთა ხელში – მწვალებლობა!  იგი უპირატესად გონებაში აღსრულებული ცოდვაა მისი შემწეობით დაღუპეს მათ მთელი ერები, მათთვის შეუმჩნევლად გამოაცალეს ხელიდან ქრისტიანობა, ღვთისმგმობი სწავლებით განწმენდილი, ჭეშმარიტი, აღდგენილი ქრისტიანობის სახელით შეალამაზეს. ეს ცოდვა, გონებით შეწყნარებული, სულს ეუწყება, სხეულს მოეფინება და შეგვიბილწავს, სხეულს, რომელიც იმ თვისებითაცაა აღჭურვილი, რომ ღვთიურ მადლთან ზიარებით იკურთხოს და იმ თვისებითაც, რომ დაცემულ ანგელოზებთან კავშირით შეიმწიკლოს და გაირყვნეს. ეს ცოდვა ქრისტიანობის ძირეულად არმცოდნეთათვის ძნელად შესამჩნევი და ნაკლებად გასაგებია. დDა ამიტომაც ადვილად ხლართავენ თავის ქსელში სიალალეს, უცოდინრობას და ქრისტიანობის გულგრილ და ზერელე აღმსარებლობას. მწვალებლობის მახეში იყვნენ გაბმული მცირე ხნით ღირსნი მამანი იოანიკე დიდი, გერასიმე იორდანელი, და ზოგიერთი სხვანი. თუ ამ წმიდა ადამიანებმა, მთელს ცხოვრებას მხოლოდ ცხონებაზე ზრუნვაში რომ ატარებდნენ, ვერ შეძლეს შენიღმული ღვთისმგმობელობა ერთი შეხედვით გამოეცნოთ, რაღა ვთქვათ მათზე, ვინც ამსოფლიური ზრუნვით არიან შეშთობილნი და სარწმუნოებაზე არასაკმარისი, სავსებით არასაკმარისი წარმოდგენა გააჩნიათ? როგორ იცნობენ ისინი მომაკვდინებელ მწვალებლობას, როცა ის სიბრძნის, სიმართლისა და სიწმინდის ნიღაბმოსილი წარმოუდგენიათ? აი, ის მიზეზი, რომლის გამოც მთელი საზოგადოებები და მთელი ერები ადვილად მოიდრიკნენ მწვალებლობის უღელქვეშ. ამავე მიზეზით ძნელად თუ მოექცევა კაცი მწვალებლობიდან მართლმადიდებლობისაკენ. ეს ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ურწმუნოებიდან და კერპთაყვენისმცემლობიდან გამოსვლა. ურწმუნოებასთან ახლოს მდგომი მწვალებლობანი უფრო ადვილად საცნობი და დასატევებელია, ვიდრე სწავლებანი, მართლმადიდებლობიდან მცირედ გადახრილნი და ამიტომ მეტად შეფარულნიც. რომის იმპერატორი, მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი წერდა ალექსანდრიის პატრიარქს წმიდა ალექსანდრეს, ერესიარხი არიოზის მამხილებელს და ურჩევდა შეეწყვიტა მშვიდობის დამარღვეველი დავა რაღაც «ფუჭი სიტყვების» გამო. ამ ფუჭად შერაცხილი სიტყვებით კი უარიყვება უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს ღვთაება,  იავარიქმნება ქრისტიანობა. ასე შეაცდინა უცოდინარობამ კეთილმსახურად მოღვაწე წმიდა კაცი, მისთვის გამოუცნობი მწვალებლობის მანქანებით. მწვალებლობა თუმცა უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას წარმოადგენს, მაგრამ როგორც ცოდვა გონებისა სწრაფად და საბოლოოდ იკურნება მისი გულწრფელი შეჩვენებით. წმ.იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: «რაჟამს მწვალებელნი მოვიდიან კათოლიკე ეკლესიასა მართლმადიდებლობად და უარყვიან და შეაჩვენიან წვალება იგი გულითა, მეყვსეულად ღირს-ჰყოფს მათ ეკლესია ზიარებასა წმიდათა საიდუმლოთა, ხოლო რომელნი დაეცნიან სიძვითა, მო-რაივიდნენ აღსარებად და საქმე იგი დაუტეონ, ჟამ რაოდენმე განაყენებს მათ კანონი მოციქულთა და მამათა ზიარებისაგან.» კვალი ხორციელი ცოდვისა აღსარებისა და ცოდვის დატევების მერეც შთება, კვალი მწვალებლობისა კი მისი უარყოფისთანავე უჩინარდება. მწვალებლობის სწრაფი და მტკიცე შეჩვენება წამლობაა სულისა ამ სენისაგან საბოლოოდ და სრულიად განსათავისუფლებად. ამ  წამლობის გარეშე ღვთისმგმობელობის საწამლავი ადამიანის სულში შთება და მწვალებლობისადმი აღმოუფხვრელი თანაგრძნობით გამოწვეული მიუხვედრელობითა და ეჭვებით არ მოასვენებს მას. შთებიან «გულის-სიტყვანი ამაღლებულნი მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა.»  საძნელად ქმნიან  ცხოვრებას ამ სნეულებით შეპყრობილისა, ქრისტესადმი დაუმორჩილებლობითა და წინააღმდგომობით მოცულისა, სატანის თანაზიარად გამხდარისა. მწვალებლობის საშინელი  სენის ანათემით მკურნალობას ყოველთვის აუცილებლად მიიჩნევდა წმიდა ეკლესია. როცა კირიის ეპისკოპოსი ნეტარი თეოდორიტე   მეოთხე მსოფლიო კრებაზე ეკლესიის მამათა წინაშე წარსდგა და მასზე წაყენებული ბრალდებისათვის თავის მართლება მოისურვა, წმიდა მამებმა ერესიარხი ნესტორის შეჩვენება მოთხოვეს, თეოდორიტე უარყოფდა ნესტორიანობას, მაგრამ არც ისე მტკიცედ, როგორც ამას ეკლესია, და ამიტომაც სცადა თავის მართლება. მამებმა კვლავ მოსთხოვეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეეჩვენებინა ნესტორი და მისი მოძღვრება. თეოდორიტემ კვლავ გამოთქვა თავის მართლების სურვილი , მაგრამ მამებმა კვლავ მოსთხოვეს, ნესტორი ანათემას გადაეცა და დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თავად მას მიიჩნევდნენ მწვალებლად. თეოდორიტემ შეაჩვენა ნესტორი და ყველა იმდროინდელი ცრუმოძღვრებანი. მაშინ წმიდა მამებმა ადიდეს ღმერთი და თეოდორიტე მართლმადიდებელ მწყემსმთავრად აღიარეს. თეოდორიტე კი აღარ თხოულობდა ახსნა-განმარტებას, რადგან სულიდან განაგდო თავის მართლების საჭიროების მიზეზი, ასეთია ადამიანის სულის მიმართება მწვალებლობის საშინელი სენისადმი.    

                                              

განვკვეთთ და შევაჩვენებთ

 

დღეს მოვისმინეთ სულიერი წამლობის მკაცრი უწყება. სწორედ გავიგოთ და მივიღოთ იგი: გულში ჩავიკრათ და სწრაფად და მტკიცედ უარვყოთ ის დამღუპველი სწავლებანი, რომლებსაც ეკლესია ჩვენივე ცხონებისათვის ანათემით განგმინავს. თუკი  ყოველთვის უარვყოფდით ცრუმოძღვრებებს, მაშინ განვმტკიცდეთ მათ უგულებელყოფაში ეკლესიის ხმით. ის სულიერი თავისუფლება, სიმსუბუქე და ძალა, უცილობლად რომ შევიგრძნობთ, დაგვიდასტურებს ეკლესიის ქმედების სისწორეს და მის მიერ უწყებული სწავლების ჭეშმარიტებას. ღაღადებს ეკლესია: «ყოველთა, რომელთა დაატყვევეს თავისი გონევა ღვთიური განცხადების მორჩილებაში და იღვაწენ მისთვის, თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, ჭეშმარიტების წინააღმდგომთ, თუკი არ შეინანებენ უფლისა, მარადის მომლოდინესი მათი მოქცევისა და სინანულისა, თუკი არ ისურვებენ შედგომას წმიდა წერილისა და პირველადი ეკლესიის გადმოცემისა, განვკვეთთ და შევაჩვენებთ.»    

           

«ღვთის არსებობის უარმყოფთა და მტკიცებელთა, რომ ეს სოფელი თვითმყოფადია, რომ მასში ღვთის განგებით კი არ ხდება ყველაფერი, არამედ შემთხვევის წყალობით: შევაჩვენებთ!»  

           

«ყოველთა, რომელთაც თქვან, რომ ღმერთი არაა სული, არამედ ნივთიერია, ასევე რომელთაც არ სცნონ იგი მართლად, მოწყალედ, ყოვლადბრძნად და ყოვლისმცნობელად, და ამგვარი გმობანი წარმოსთქვან: შევაჩვენებთ!»      

           

«გაკადნიერებულთ იმის დასამტკიცებლად, რომ ძე ღვთისა არაა თანაარსი მამისა, როგორც სულიწმიდა – ერთი ღმერთია: შევაჩვენებთ!»          

           

ყოველნი, რომელთაც თავს ნება მისცეს ეთქვათ, რომ ჩვენი ცხონებისათვის და ცოდვათაგან გამოხსნისათვის არ უხმდა ამსოფლად ძე ღვთისას ხორციელი მობრძანება, მისი ნებსითი ვნება, სიკვდილი და აღდგომა: შევაჩვენებთ!»          

           

«სახარების უწყებული გამოხსნის მადლის არმიმღებელთა, როგორც ღვთის წინაშე განმართლების ერთადერთი საშუალებისა: შევაჩვენებთ!»     

           

გაკადნიერებულთ სათქმელად, რომ ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი შობამდე, შობისას და შობის მერმე ქალწული არ ყოფილა: შევაჩვენებთ!»  

           

«ყოველთა, რომელთა არ სწამთ, რომ წინასწარმეტყველნი და მოციქულნი სულიწმიდამ განაბრძნო, მათი პირით გვაუწყა ცხონების ჭეშმარიტი გზა და ეს სასწაულებით დაამტკიცა, და რომ სულიწმიდა დღესაც მოქმედებს ერთგულ და ჭეშმარიტ ქრისტიანთა გულებში და მათ ყოველგვარ ჭეშმარიტებას ამცნობს: შევაჩვენებთ!»   

          

ღვთიური ჭეშმარიტება განხორციელდა გამოსახსნელად კაცთა, წარწმენდილთა მომაკვდინებელი სიცრუის მიღებითა და შეთვისებით. «უკუეთუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა,» - გვაუწყებს იგი, - თუკი ჩემს მოძღვრებას მიიღებთ და მისი ერთგული იქნებით, - «ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ, და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგანთავისუფლნეს თქვენ.» ქრისტეს სწავლებაზე დადგომას შეძლებს მხოლოდ ის, ვინც მტკიცედ შეაჩვენებს და მარადის უარყოფს ყველა მოძღვრებას, დაცემულ ანგელოზთა და ადამიანთა გამონაგონსა და გამოსაგონებელს, ქრისტეს მოძღვრების, ღვთის მოძღვრების წინააღმდგომსა და მისი მთლიანობისა და შეუხებლობის ხელმყოფს. ღვთივ განცხადებული სწავლება ხელუხლებელი მთლიანობით მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია დამარხული. ამინ!        

                                                                                               

 

წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge