ავტორიზაცია



Facebook Image






წმიდა სარწმუნოებისა და მართმადიდებელი ეკლესიისათვის - წმიდა იოანე კრონშტადტელი
Share

 

წმიდა ეკლესია - ღმერთის უდიდესი, უწმიდესი, უსახიერესი, ყოვლად ბრძნული და აუცილებელი დაწესებულებაა ამქვეყნად; ეს არის ჭეშმარიტი სჯულის კარავი ღმრთისა, რომელიც ღმერთმა აღმართა და არა - ადამიანმა: არც ლუთერმა, არც კალვინმა თუ მუჰამედმა, არც ბუდამ თუ კონფუციმ, ვნებებით შეპყრობილმა ადამიანებმა. ეკლესია არის ადამიანთა ღმრთივდადგინებული კავშირი, რომელშიც ისინი გაერთიანებულნი არიან რწმენით, მოძღვრებით, მღვდელმთავრობითა და საიდუმლოებით; ეს არის ქრისტეს სულიერი მხედრობა, აღჭურვილი სულიერი ყოვლადსაჭურველით ეშმაკის შეიარაღებული აღურაცხელი ლაშქრის წინააღმდეგ; ეს არის სულიერი სამკურნალო სახლი, სადაც ცოდვის წყლულებით მოუძლურებული კაცობრიობა იკურნება ღმრთივმონიჭებული მადლმოსილი საკურნებელი საშუალებებით: სინანულით და ქრისტეს წმიდა საიდუმლოთი - ქრისტეს ხორცსა და სისხლს ზიარებით, და ღვთის სიტყვით, ქრისტეს სიტყვიერი სამწყსოს მწყემსთა დამოძღვრა-ქადაგებებით, რჩევა-დარიგებითა და ნუგეშის-ცემით; ეს არის - განწმენდის, მეორედ შობისა და კურთხევის საერთო ემბაზი; ეს არის - ღმერთის საკურთხეველი, წმიდათაწმიდა, რომელშიც ყოველნი განათლდებიან და იკურთხებიან სულიწმიდით ნათლის-ღების, მირონცხებისა და სხვა საიდუმლოთქმედებებისა და ღვთისმსახურებათა მეშვეობით; ეს არის - სულიერი მზე, რომელიც განანათლებს ამქვეყნად ყველას, წყვდიადსა და სიკვდილის ჩრდილში მჯდომარეთა და მოკვდინებულთ ცოდვებით.

 

ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ცოდვით განხრწნილი ადამიანური ბუნების განსაახლებლად, ასაღორძინებლად, და თავისი სახიერი მოწყალების, სიმართლისა და სიბრძნის ეს უდიდესი საქმე - თავის წმიდა ეკლესიას მიანდო. და სულიწმიდა, შემოსული ამქვეყნად და მომქმედი ეკლესიაში, განუწყვეტლივ აღასრულებს ამ განახლებას მღვდელმსახურთა, ღვთისმსახურებათა, ქადაგებისა და საიდუმლოთა მეშვეობით. მხოლოდ ეკლესიაშია ეს განმაახლებელი ძალა; ეკლესიის გარეთ იგი არ არის და არც შეიძლება იყოს.

 

ეკლესია - ერთიანია; მისი მეთაური, თავი - ერთია; სამწყსო - ერთია; სხეული - ერთია მრავალი ნაწილითურთ. ეკლესიის თავის - ქრისტეს გარეშე - ეკლესია არ არის ეკლესია, არამედ თვითდაწესებული, თვითნებური საკრებულოა. ამგვარნი არიან ლუთერანები, რუსი რასკოლნიკები, პაშკოველები თუ ტოლსტოველები.

 

კათოლიკეებმა გამოიგონეს ახალი თავი (პაპი), რითაც დაამცირეს ერთადერთი ჭეშმარიტი თავი ეკლესიისა - ქრისტე; ლუთერანები განვარდნენ - და უთავოდ დარჩნენ; ანგლიკანებიც ასევე: მათ არ აქვთ ეკლესია, მათი კავშირი გაწყვეტილია, ყოვლადძლიერ შეწევნას ისინი ვერ იღებენ. ბელიარი კი მთელი ძალით, მზაკვრობით ებრძვის მათ; მრავალნი წარწყმდებიან.

 

ნებისმიერი საეკლესიო ღვთისმსახურებისას - სახლისა იქნება ეს, კერძო თუ საზოგადო, მართმადიდებელი ქრისტიანის სულიერ მზერას წარმოუდგება აზრი, იდეა ერთიანი სულიერი სხეულის შესახებ, რომელიც არის ქრისტეს სხეული, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა და რომლის თავიც არის ქრისტე ღმერთი; ეს ეკლესია სამი ნაწილისაგან შედგება; ზეციურისაგან, ქვეყნიურისაგან და ქვესკნელისმიერისაგან; ამიტომაც ქვეყნიური წმიდა ეკლესია (ანუ ქვეყნიური ნაწილი) ყოველდღიურად მეოხებს მისი თავის - ქრისტეს წინაშე რწმენასა და სინანულში შესვენებულთა ცოდვების შენდობისათვის და მათი დამკვიდრებისათვის ცათა სასუფეველში და თავის შუამდგომელად მოუწოდებს ზეციური ეკლესიის წევრებს და საეკლესიო-გონიერ დამმოძღვრელებს, თავად დედოფალს - ღვთის დედას. უფალიც წარხოცავს მათი ლოცვებით შესვენებულთა ცოდვებს და ნუ მოაკლებს მათ ცათა სასუფეველს! ჩვენთვის, ღმერთის ეკლესიის ამქვეყნად მცხოვრები წევრებისათვის, მეტად სასიხარულო და მანუგეშებელია, ყოველთვის გვწამდეს, ვიცოდეთ და ვიმედოვნებდეთ, რომ ჩენი სულიერი დედა - წმიდა ეკლესია, განუწყვეტლივ, საიდუმლოდ, დღითა და ღამით ლოცულობს ჩვენთვის, და ჩვენც ყოველთვის თავად უფლის, ღვთის დედის, წმიდა ანგელოზთა, წინამორბედისა და ყოველთა წმიდათა მადლმოსილი საფარველქვეშ ვიმყოფებით. კათოლიკეებს ეკლესიის მეთაურად თავად პაპი ჰყავთ, ცოდვიანი კაცი (თუმცა კი გამოცხადებულია იგი უცოდველად), და როგორც ასეთმა, მან მრავალი შეცოდება დაუშვა ქრისტეს ეკლესიაში - თვით საქმეებით წარმოჩინდა ასეთი - შემცოდე, და თვით სწავლებაც ღმერთის ეკლესიისა დაამახინჯა, და შებორკა კათოლიკეთა სულიერი ძალა, თავისუფლება და სინდისი, ამავე დროს კათოლიკეთა უმართებულო გმობა და მტრობა მოაწია წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას, სვეტს და სიმტკიცეს ჭეშმარიტებისას.

 

პროტესტანტებს - გერმანებელსა და ინგლისელებს - სრულიად დამახინჯებული სწავლება აქვთ ეკლესიის შესახებ, რამეთუ მათში არ არის სჯულისმიერი მღვდლობის მადლი: მათ არ აქვთ საიდუმლონი (გარდა ნათლობისა) და არ აქვთ უმთავრესი - არ ეზიარებიან ქრისტეს ხორცსა და სისხლს; მათ არ ჰყავთ ზეციური მუხლი - ნათესავი - ზეციური ეკლესია; ისინი არ აღიარებენ და არ ლოცულობენ გარდაცვლილთათვის, რამეთუ ამას საჭიროდ არ თვლიან.

 

დიდება მართმადიდებელ ეკლესიას! დიდება ქრისტე ღმერთს - ყოვლადწმიდა მეთაურს, ერთადერთ თავს ღმერთის ეკლესიისა ამქვეყნად! დიდება ღმერთს - ყოვლადწმიდა სამებას, რომ ჩვენ არ შთავვარდით ღმერთის გმობაში, არ ვაღიარეთ და უკუნისამდე არ ვაღიარებთ წმიდა ეკლესიის თავად - ცოდვილ ადამიანს...

 

ვინც ეკლესიაში არ არის - ის არც ქრისტესთანაა, ის არ არის თანაზიარობაში ღმერთთან არც აქ, ამქვეყნად, არც იქ - ცათა შინა არ ექნება მას ეს თანაზიარობა.

 

ეკლესია - საიმედო გზაა საუკუნო ცხოვრებისაკენ; განუხრელად მასზე ხვიდოდე, სულ მას ადექი და ცათა სასუფევლამდე მიხვალ; თუ გადაუხვევ თვითბრძნობისა და ურწმუნოების გზაჯვარედინზე, მაშინ საკუთარ თავს დააბრალე: გზა აგერევა და დაიღუპერი. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება! - გეუნება უფალი.

 

ერთხელ და სამუდამოდ უწყოდე,  რომ ეკლესიაში, მის ყველა მსახურებაში, საიდუმლოსა და ლოცვითს ღაღადისში სიწმიდის სული სუნთქავს, მშვიდობის სული, სიცოცხლისა და ცხოვნების სული, ეს კი მხოლოდ სულიწმიდისათვის არის დამახასიათებელი.

 

პროგრესისტებიდან ზოგნი ეკლესიას თავიანთ მტრად მიიჩნევენ. მაგრამ თუკი ვინმე არის სიყვარულით ყველაზე უხვი, უფრო კეთილისმყოფელი და ბრძენი თავის სიყვარულში ადამიანებისადმი, ღმერთის შემდგომ, ეს - ეკლესიაა... ეკლესია არის ჭეშმარიტი დედა ქრისტეს მართლმორწმუნე მთელი კაცობრიობისა, ყველაზე ერთგული მეგობარი ქრისტიანებისა. იგი თანაუგრძნობს და უპასუხებს ქრისტიანის სულისა და სხეულის ყველა არსებითს მოთხოვნილებას ქმედითი თანადგომითა და შეწევნის მონიჭებით, ძალითა უფლისა იესო ქრისტესი და სულიწმიდისა, რომლისა მიერ ყოველი სული ცხოველ არს.

 

დიდებულია და ღირსპატიოსანი წმიდა ეკლესიის სხეული, რომლის თავიც თავად იესო ქრისტეა. გახსოვდეს, რომ შენ ამ დიად და ღირსპატიოსან სხეულში ერთი კნინი, უძლური ნაწილი ხარ, და რომ შენ ყოველივეს იღებ ეკლესიის სხეულის თავისაგან - ქრისტესაგან, და აღივსები მისი სულით. გახსოვდეს, რომ ეკლესიის სხეულში არის მილიონობით ძლიერი წევრი, რომელთაც სულიწმიდისაგან დიდნი და მრავალფერნი სულიერი საბოძარნი მონიჭებიათ, თითოეულს თავისი ღირსებისა და დატევნის უნარის შესაბამისად.

 

ჩვენი ხსნის, ცხონების მტერი, ეშმაკი, იცის რა ღმერთთან ჩვენი კავშირის მაცხოვნებელობა სარწმუნოების, ეკლესიისა და საღმრთო მადლის ძალით, მთელი ღონით და მზაკვრობებით ცდილობს გაწყვიტოს ჩვენი კავშირი ღმერთთან ცოდვის მეშვეობით, ხორციელი ვნებების, ქვეყნიური მიდრეკილებების მეშვეობით. ამიტომ ყველა მტკიცედ უნდა მოვეჭიდოთ ამ კავშირს ღმერთთან და ეკლესიასთან, და უფლის კანონები აღვასრულოთ.

 

„რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს“ (ლუკა 11,23). ვინც ეკლესიასითან არ არის, იგი ეკლესიის წინააღმდეგაა. არ არის საკმარისი ქრისტიანებად ვიწოდებოდეთ, საჭიროა საქმეთა გაკეთებაც, ქრისტეს მიერ მოცემული მცნებების აღსრულება: საჭიროა განუწყვეტელი გამოსწორება, გამუდმებული აღძვრა თავისა წინსვლისთვის, განუწყვეტელი სრულყოფა თავისა და ამ მიზნით განუწყვეტელი შემოწმება საკუთარის თავისა: ვცხოვრობთ კია ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით? თუ ვართ ჩვენ ეკლესიასთან, თუ გვიყვარს ეკლესია, თუ აღვასრულებთ ეკლესიის განწესებებს და ქრისტეს მცნებებს, ნაქადაგევთ მის მიერ? - აი, ამას გვასწავლის ქრისტე ღმერთი!

 

რაიმეს მიმატება ღმრთივგანცხადებული სარწმუნოებისადმი, ანდა რაიმეს თვითნებურად გამოკლება მისაგან - დამღუპველია. წმიდა მოციქული პავლე გვეუბნება: ანგელოზიც კი, ზეცით რომ მოვიდეს და ის არ გიქადაგოთ, რაც ჩვენ გახარეთ, შეჩვენებულ იყავნო. აი, როგორ მტკიცედ უნდა გვეპყრას საღმრთო ჭეშმარიტება, რომელიც მოგვეცა თავად უფალ იესო ქრისტეს მიერ, მისი მოციქულებისა და მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების წმიდა და ღმერთშემოსილი მამების მიერ! „ვიდრემდე წარხდეს ცაი და ქვეყანაი, იოტაი ერთი გინა რქაი არა წარხდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყველთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს“ (მათე 5,18). აი, ამაში მდგომარეიბს მართლმადიდებლობა.

 

აწ ვისაც სურს ღმერთთან წმიდა კავშირში იცხოვროს, დაე, იყოს იგი კავშირში ეკლესიასთან, სიმართლისათვის და ცათა სასუფეველისათვის - და ცხოვნდება!

 

მსოფლიოში სხვა რომელი სარწმუნოებაა განმსჭვალული ასეთი ჭეშმარიტებით, სიმართლით, სიყვარულით, სიბრძნით, ყოვლადძლიერებით, ასეთი ცხოველმყოფელობით, როგორითაც ჩვენი - ქრისტიანული მართლმადიდებელი სარწმუნოება, რომელიც ქადაგებს თავად ღმერთის ძის განხორციელებას, განკაცებას, წარწყმედად მიდრეკილი კაცთა მოდგმის ხსნისათვის, და ქრისტეს მიერ ცხოვნების მაძიებელთა საზოგადოების - ეკლესიის დაფუძნებას; ეკლესიისა, რომელშიც საზრდოდ და სასმელად ერთგულ მორწმუნეებს მისი სისხლი და ხორცი ეძლევათ, განსაწმედელად, საკურთხეველად, განსაახლებლად და სანეტაროდ დაცემული კაცისა და გონიერი ქმნილების შესაერთებელად ღმრთაებასთან?! მიუმატეთ ამას მღვდლობის, ნათლის-ღების, მირონცხების, ქორწინების, ზეთისკურთხევის მადლის დაფუძნებაც; ყოველდღიური, საკვირაო, სადღესასწაულო და დიდმარხვის ღვთისმსახურების დაწესება, რომელნიც ცოდვილ ხორცს გაწვრთნიან მარხვაში, ყოველგვარ ლოცვაში - საზოგადოშიც და კერძოშიც, სამოქალაქო თუ ოჯახური ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისათვის; მიათვალეთ ამას აღურაცხელ საღმრთო სასწაულთა აღსრულებაც წმიდა ნაწილების, საკვირველმოქმედი ხატების მეშვეობით, - დაუმატეთ ამას თავად უფალი ღმერთის, ღვთისმშობლისა და წმიდანების გამოცხადებანი სხვადასხვა დროს, და თქვენ დაინახავთ ჩვენი სარწმუნოების განუზომელ აღმატებას ყველა სხვა სარწმუნოებაზე მსოფლიოში, და მაშინ აღარასოდეს ისურვებთ, მიატოვოთ ასეთი სარწმუნოება, ანდა სხვაში გადახვიდეთ, იმიტომ, რომ ერთადერთია მაცხოვნებელი სარწმუნოება, ისევე, როგორც ერთია ღმერთი და ერთია ჭეშმარიტება.

 

წმიდა ღვთის კაცთ ერთი სიტყვითაც კი არ სურდათ ეღალატათ მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის და კეთილმსახურებისათვის, და თუკი მდევნელთა ცბიერებით ისეც ხდებოდა, რომ ისინი უნებლიეთ, სიტყვით ან საქმით, სულ მცირედ უღალატებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაშინ მზად იყვნენ ტანჯვა-წამების მიღებით წარეხოცათ თავიანთი ეს ცოდვა. აი, როგორ მკაცრად ადგნენ წმიდანნი მართლაღმსარებლობას. აწინდელი ქრისტიანები კი ვითარნი არიან? - ლერწამნი, ქარისაგან შერყეულნი და მიმორხეულნი! (მათე 11,7).

 

ჰოი, მიწითქმნილო ადამიანებო! შეიცანით ღმერთის საქმენი ქვეყნად ღმერთის ეკლესიაში! ეკლესია არის ღმერთის სიმართლის, სიწმიდის, მოწყალებისა და მრავალმოთმინების დამტევნელი და მახარობელი. ეკლესიის გარეთ წყვდიადია, უთვალავი შეცთომილებანია, წარსაწყმედელი და სატანჯველია აქაც და მარადისობაშიც. ამინ.

 

გაზეთი "ხარება"

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge