ავტორიზაცია



Facebook Image






აქვთ თუ არა სიცოცხლის უფლება ავადმყოფ ბავშვებს? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Share

 

სპარტის - მთიანი პელოპონესის დედოფლისა და ათენის მრისხანე მეტოქის სიახლოვეს იყო კლდე, რომლის ციცაბო ფერდი ხევში ეშვებოდა. ამ ადგილს ძველ დროში არ სტუმრობდნენ ტურისტები, რომლებიც დღეს ფოტოაპარატებით დარბიან და ჭიანჭველებივით დაფუსფუსებენ მსოფლიოს არქეოლოგიურ რუკაზე. აქ არ მოდიოდნენ პოეტები, რათა დამტკბარიყვნენ მთვარის - ღამის უძირო ოკენაეში მცურავი ამ ცეცხლოვანი ყინულის ლოდის იდუმალი ვერცხლისფერი შუქით. კლდის ქარაფზე, როგორც ციხე-სიმაგრის ბაქანზე სპარტელებს მოჰყავდათ ბავშვები, რომლებიც, ქალაქის უხუცესების აზრით, ვერ შეძლებდნენ გამხდარიყვნენ ამტანი მეომრები - ჰიპოლიტები და მშობლის თვალწინ ყრიდნენ უფსკრულში, როგორც პირსისხლიანი ურჩხულის ხახაში. სპარტელს არ უნდა შესცოდებოდა ვინმე; ქალაქ-სახელმწიფოში, რომელიც სამხედრო ბანაკს ჰგავდა, არ იყო ადგილი ავადმყოფების, სუსტებისა და ხეიბრებისათვის.

ეს ჰეკატომბა საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა სპარტის ძლევამოსილებისა და დიდების განსამტკიცებლად. ქალაქი, როგორც ზღაპრული ურჩხული, ნთქავდა საკუთრ ნაშიერებს, თუ ისინი ბასრი კბილებისა და ბრჭყალების გარეშე დაიბადებოდნენ. შესაძლებელი რომ ყოფილიყო მოკლული ბავშვების სისხლის ერთად შეგროვება, ის ხევს ისე აავსებდა, როგორც გულუხვი მასპინძელი ავსებს პირამდე სასმისს ღვინით. სპარტაში თავშესაფარს პოულობდნენ მკვლელები და ბოროტმოქმედები, დამნაშავე, რომლის კუნთები ბრინჯაოს მშვილდივით მაგარი იყო, გმირად ითვლებოდა. ბავშვი კი, რომელსაც არ შეეძლო მამის იარაღის აწევა, უნდა მომკვდარიყო, სისუსტე და თანაგრძნობა ორი უდიდესი დანაშაული იყო სპარტელისათვის. მაგრამ სისასტიკის სელექციისა და დაკნინების ეს ცდა წარუმატებლად დასრულდა. სპარტელები, რომლებიც ოდესღაც დარიოსისა და ქსერქსეს ურიცხვ ლაშქარს უკუაგდებდნენ, თავისი ისტორიის დასასრულს სამარცხვინოდ გაიქცნენ სციპიონის ლეგიონებისაგან. მათი უკანასკნელი მეფე რკინის გალიაში ჩასვეს, როგორც საკვირველი მხეცი. სპარტა გაქრა, ის თითქოს იმ უფრკრულში შთაინთქა, სადაც ქალაქის გალავნიდან ნაგავივით ყრიდა თვის შვილებს.

 

სპარტის მორალი მოეწონათ ჯანსაღი სხეულის თანამედროვე თყვანისმცემლებსა და ისეთი ჰუმანური მეცნიერების წარმომადგენელ ქალბატონებს, როგორიც მედიცინაა. ვინმე ს. გ. პრესაში გამოვიდა წინადადებით, რომელიც კანიბალს შეჰფერის; ლაბორატორიულად დადგინდეს ნაყოფის მდგომარეობა, შემდეგ კი ანალიზის შედეგების მიხედვით ბავშვი სიკვდილით დაისაჯოს ან მას სიცოხლის უფლება მიეცეს. - "ასეთი გამოკვლევა რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს; დაყოვნება შეიძლება უბედურებად ექცეთ მშობლებსა და ბავშვებს" - წერს იგი. თურმე ეს ავადმყოფ ბავშვზე სათუთი ზრუნვა ყოფილა! მადამ ს. გ. გვთვაზობს ბავშვს თავი მოვკვეთოთ, რათა ავაცილოთ შესაძლო ტანჯვა, ოჯახს კი - მოსალოდნელი ხარჯები. იქნებ თანამედროვე სპარტელ ქალბატონს დისერტაციის დაწერა უნდა, რომ ამით დოქტორის დიპლომი მიიღოს, როგორც ჩინეთში ანიჭებდნენ სამეცნიერო ხარისხებს მათ, ვინც წამების ახალ ხერხს გამოიგონებდა. სამწუხაროდ, გვიხდება ისეთი რამის მტკიცება, რაც ზნეობრივი გრძნობისათვის აშკარაა და კერძოდ კი, იმისა, რომ კაციჭამიობა სისაძაგლეა.

 

კაცობრიობის კულტურის ყველა დარგის - მეცნიერების, ფილოსოფიისა და ხელოვნების ბევრ დიდ ადამიანს ჰქონდა თანდაყოლილი დეფექტები, დარღვევები და უკურნებელი დაავადებები, მაგრამ მათ ნებისყოფითა და შეუპოვრობით გადალახეს ეს ყველაფერი და კაცობრიობის ტვირთის ნაცვლად მის დიდებად იქცნენ. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ფიზიკურ ნაკლს სხვა ძალის თუ უნარის განვითრება ანაზღაურებს. ადამიანის ნიჭი ვერ დადგინდება ქიმიურ-ლაბორატორიული გზით ან რენტგენის სხივებით. ბრმა ჰომეროსი, რომელმაც განადიდა ბერძნების ლაშქრობა ტროაზე სპარტელების თაოსნობით, სპარტაში რომ დაბადებულიყო, კაცობრიობას არ ექნებოდა "ილიადა" და "ოდისეა". კაცობრიობას ტვირთად აწვებიან არა ფიზიკური, არამედ ზნეობრივი გონჯები, თუმცა მათ უფრო მეტად იწყნარებენ.

 

ავადმყოფი ბავშვის ემოციური ცხოვრება შეიძლება ჯანმრთელისაზე ღრმა იყოს. ხშირად ავადმყოფი ბავშვი უფრო გულისხმიერი და თბილია მშობლების მიმართ, ვიდრე ჯანმრთელი. თუ ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, სნეული ბავშვები ოჯახის წევრებს მოწყალებას ასწავლიან. სიკეთის კეთება უკვე ბედნიერებაა და ამიტომ ავადმყოფებთან ურთიერთობამ და მათთვის დახმარების გაწევამ ადამიანებს შეიძლება სულიერი სიხარული მოუტანოს. ბავშვის მკვლელობა ადამიანის ცხოვრების ყველა ზნეობრივი ორიენტირის დანგრევაა. ეგოიზმსა და სისასტიკეს ბედნიერება არავისთვის არ მიუნიჭებია, ხშირად დედას თავისი შვილებიდან ყველაზე მეტად სწორედ ავადმყოფი უყვარს - ტანჯვით შობილი განსაკუთრებით ძვირფასია.

 

ქრისტიანული თვალსაზრისით დაუშვებელია ვინმე ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტდეს - ეს უფლება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ოდესღც ანტიოქიაში აჯანყებამ იფეთქა. ბრბომ დაამსხვრია იმპერატორ თეოდოსი დიდისა და მისი მეუღლის პლაკილას ქანდაკებები. იმპერატორმა გადაწყვიტა სასტიკად დაესაჯა ქალაქი, რომელიც აღმოსავლეთის დედაქალაქად ითვლებოდა. ანტიოქიის პატრიარქი ფლავიანე ევედრებოდა იმპერატორს შეეწყალებინა ანტიოქია, მაგრამ მეფე უდრეკი იყო. - "დაემსხვრიათ ჩემი გამოსახულებები, - ამბობდა იგი, - მე ცოდვილი ადამიანი ვარ, მაგრამ რა დაუშავა მათ ჩემმა მეუღლემ?" მაშინ პატრიარქმა უპასუხა: "შენ ხელგეწიფება ადამიანის სიკვდილით დასჯა, მაგრამ შეგიძლია, როცა მოისურვებ, მკვდრეთით აღადგინო ისინი?" იმპერატორი დაფიქრდა და თქვა: "მე ადამიანი ვარ და არა ღმერთი, რომ ეს გავაკეთო" და ჩანაფიქრზე უარი თქვა.

 

სარეცელზე მიჯაჭვული ბევრი ავადმყოფი მოთმინებისა და მოუკლებელი ლოცვისთვის ზებუნებრივ ნიჭებს და მათთვის, ვისაც წუთისოფელი ჭკუასუსტებად თვლიდა, უმაღლესი სულიერი სიბრძნის კარი იღებოდა. ქრისტიანობა მიწიერ ყოფას უყურებს, როგორც მარადისობაში მიმავალ გზას, როგორც პერიოდს, როცა ადამიანის პიროვნება ყალიბდება. ამიტომ ჯანმრთელობა და ავადმყოფობა არის სიტუაციები, რომლებშიც იმყოფება ადამიანი და სადაც ვითარდება მისი ხასიათი და ზნეობა. ხანგრძლივი და უკურნებელი სენი ის უკიდურესი პირობებია, რომლებშიც შეიძლება გამომჟღავნდეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუწვდომელი ძალა და ნიჭი, საკუთრი თავისთვის ბავშვის ბედის გადაწყვეტის უფლების მიცემა, თავისი არსით, ლოგიკური შედეგია სასტიკი მატერიალისტური მსოფლმხედველობისა, რომელიც ძლიერის მიერ სუსტის განადგურებას ევოლუციის პრინციპად, ადამიანს კი ბიოსისტემად აცხადებს. ქალბატონი ს. გ. მეცნიერებას სთხოვს დახმარებას იმაში, რომ დროულად იყოს შესაძლებელი "წუნდებული პროდუქციის" გარჩევა ნორმის შესაბამისისაგან, რათა "წუნი" თავად წარმოების პროცესშივე განადგურდეს. მან, ვინც ავადმყოფი ბავშვების მკვლელობას უშვებს, უნდა დაუშვას ყველა მძიმე ავადმოფის, მოხუცებულისა და ჭკუანაკლულის მკვლელობაც, ანუ ფაშიზმის ცინიზმს უნდა გადააჭარბოს, თუმცა ქალბატონი ს. გ. გონივრულად არ მიიჩნევს ანგარიშწორებას ყველა ავადმყოფთან. არა, ის პროფესიით ექიმია, ასეთი პრაქტიკა კი მოგებას მხოლოდ მეკუბოვეს მოუტანდა. სულ სხვა საქმეა მეცნიერების ახალი დარგი, რომელსაც შეიძლება, მაგალითად, რაციონალური დემოგრაფია ვუწოდოთ! მიმზიდველი პერსპექტივაა: ბავშვის დაავადების დიაგნოსტიკა შესაძლებელი იქნება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში და დაავადებაში ეჭვმიტანილ ემბრიონს ისე მოკლავენ, თითქოს იგი დედის სხეულში ჩასობილი ტკიპა იყოს. ასეთი ოპერაციებიდან მიღებული ფულით, უფრო სწორედ, იატაკზე დაბნეული ხურდებით შესაძლებელია საქველმოქმედო საზოგადოების დაარსებაც.

 

როცა ბერძნებმა ტროა დაიპყრეს, ცოცხლად დარჩენილ მოქალაქეებს ნება დართეს დაეტოვებინათ დასაწავად განწირული ქალაქი და თან მხოლოდ თითო ნივთი წაეღოთ. ტროას ცნობილმა გმირმა ენეოსმა მხარზე შეისვა თავისი მოხუცებული და ავადმყოფი მამა და თქვა, რომ ეს მისი უძვირფასესი განძია. რომაელები თავის წინაპრად ენეოსს თვლიდნენ და რომის ძლიერების მიზეზს მის კეთილშობილურ საქციელში ხედავდნენ. უნდა ითქვას კიდევ ერთი რამ: სპარტის ადგილას ახლა ერთი ბეწო სოფელია საფლავზე დადგმული ძეგლივით. იქ ისეთი დიდებული ნანგრევებიც კი არ შემორჩა, როგორიც კორინთოსა და თებეშია. ათენი კი, სპარტის მეტოქე, სადაც ადამიანის, მათ შორის მონისა და ბავშვის სიცოცხლე კანონებით იყო დაცული, საბერძნეთის დედაქალაქი და ელადის სიდიადის სინონიმი გახდა.

 

 

თარგმნა ქ. ბაცაცაშვილმა

წიგნიდან: „როგორ დავიბრუნოთ ოჯახში დაკარგული ბედნიერება.“

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge