ავტორიზაცია



Facebook Image






წმიდა იუსტინე პოპოვიჩი - აღდგომა ქრისტესი
Share

 

ადამიანის თავისუფლების პრობლემა შეუძლებელია გადაწყდეს ადამიანის გონებით. იგი გადაწყვეტას ღებულობს მხოლოდ სულის ქრისტიანულ მისწრაფებებში, ღმერთკაცობრივ სათნოებებში: რწმენის, ლოცვის, თავმდაბლობის, სიყვარულის, მარხვის, მოწყალების, თანაგრძნობისა და თანალმობის საშუალებით. ადამიანი აცნობიერებს და გრძნობს, რომ სრულყოფილი თავისუფლება საკუთარი დაცემული ბუნებისაგან, საკუთარი ეგოიზმისაგან, საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენისაგან, მანკიერი ჩვევებისაგან გათავისუფლებაა. თავისუფლება ნებაყოფლობითი მორჩილებაა ღმერთკაცისა, რაც ნიშნავს მასთან მეგობრობას, საკუთარი საქმეების, სიტყვების, აზრების მასთან შეთანხმებას, მისთვის გაზიარებას, ანუ უერთიერთობას ყველასთან (განურჩევლად იმისა, მორწმუნეა თუ ურწმუნო, რომელი რელიგიის მიმდევრია, მტერია თუ მოყვარე) ისე, როგორც ქრისტე მოიქცეოდა მათთან. ღმერთთან მეგობრობა მისი ჭეშმარიტების, სამართლიანობის, სიყვარულის, უკვდავების, მარადიულობის მორჩილება და მიბაძვაა. თავისუფლება არ არის მოთხოვნილებათა სასწრაფო დაკმაყოფილება, პირიქით, ეს ხშირად მონობისა და სულიერი თვითმკვლელობის საწინდარია. თავისუფლება ადამიანისთვის ბოძებული საღმრთო ნიჭია, რომელიც ღვთაებრივ სრულყოფილებებში ნებაყოფლობითი მონაწილეობისთვის აქვს მინიჭებული ადამიანს.

 

ადამიანი მარტოა, მის გარშემო კი სიკვდილის უკიდეგანო ოკეანეა მზაკვრულად გატრუნული. ადამიანი, რომელიც მთლიანად ჩაძირულია სიკვდილის მორევში, განწირული ითხოვს შველას, მისი ყვირილი გულიდან ამოძახილი წუხილია და არავინაა დამხმარე, არცერთი ადამიანი და არცერთი ღმერთი არ იძლევა პასუხს. და თუკი რაიმეს ტიტინებს მეცნიერება, ფილოსოფია ანდა კულტურა - ყოველივე ეს მხოლოდ ნარკოტიკებია, დროებითი მცდელობა ტკივილის გაყუჩებისა, ისინი ვერაფრით ამშვიდებენ ადამიანის სულსა და სხეულს, რომელიც სიკვდილის საშინელებას გაუღვიძებია.

 

ამ პლანეტის ისტორიამ არ იცის ქრისტეზე უკეთესი ღმერთი და არც ქრისტეზე უკეთესი ადამიანი. ღმერთკაცმა მთელი სრულყოფილებით განუცხადა კაცობრიობას ღმერთი და მთელი სრულყოფილებით განუცხადა ჭეშმარიტი ადამიანი. ამიტომაც არ არსებობს ღმერთი ღმერთკაცის გარეშე და არც ადამიანობა ღმერთკაცის გარეშე.

 

ჭეშმარიტება ქრისტეანობაში არ არის დისკუსიული ცნება, არც თეორია და დოქტრინაა, არამედ ცოცხალი პიროვნებაა ღერთკაცისა, ისტორიული იესო ქრისტე. „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება“ (ინ. 14,6).

 

ღმერთკაცი იესო ქრისტე ერთადერთი ლოგიკურად მისაღები (ფილოსოფიური) გამართლებაა ღმერთისა. ის არის სრული თეოდიცია ადამიანური აზროვნების სამყაროში. ყოველგვარი ფილოსოფიური თეოდიცია იმსხვრევა და ინგრევა ამ მიმართულებით. ღვთის გამართლება შეუძლებელია ლოგიკური და ემპირიული არგუმენტებით. უფრო მეტიც, ტრანსცენდენტური ღმერთის გამართლება არც არის საჭირო, იგი ამას არ იმსახურებს. ღმერთი რომელიც ადამიანი არ ყოფილა, არ განკაცებულა, არანაირ უფლებას არ იმსახურებს იყოს გატანჯული კაცობრიობის ღმერთი. მხოლოდ ის ღმერთი, რომელიც იყო ადამიანში, იცხოვრა ადამიანური ცხოვრებით, გადაიტანა ყველა მწუხარება, დაითმინა ყველა ტანჯვა, დაამარცხა სიკვდილი, საზრისი მისცა სამყაროსა და ადამიანს და ამასთან ერთად თავისი ღვთაებრივი თვისებების ნატამალიც არ დაუკარგავს, მხოლოდ ასეთ ღმერთს შეუძლია გაამართლოს თავისი არსებობა მრავალტანჯული კაცობრიობის თვალში, იმაში, რომ მან შექმნა ეს სამყარო და ადამიანი მასში. ასეთი ღმერთი მხოლოდ ქრისტეა. მან თავისი ადამიანობით (განკაცებით) გაამართლა ღმერთი და თავისი ღმერთობით გაამართლა ადამიანი. გამომდინარე იქიდან, თუ რას აძლევს ქრისტე ადამიანს და მთელ კაცობრიობას, იგი შეუცვლელია ჩვენი არსებობისათვის. მას ერთს შეაქვს აზრი ჩვენს ცხოვრებაში, ანიჭებს მას ღვთაებრივ ღირებულებას, რადგანაც თუკი მან იცხოვრა ამ პლანეტაზე, ესეიგი ღირს ცხოვრება მასზე. ადამიანი რომელიც განიცდის ცხოვრების საშინელ ტრაგედიას, ან ქრისტეს უნდა შეუდგეს, ანდა თვითმკვლელობით (სულიერი) დაამთავროს სიცოცხლე, მესამე გზა არ არსებობს.

 

ქრისტიანობა მოწოდებაა სიკვდილთან ბრძოლისა, მოწოდება უკანასკნელ ამსუნთქვამდე, საბოლოო გამარჯვებამდე. ყოველი ცოდვა - უკან დახევაა ამ ფრონტზე, ყოველი ვნება - გაქცევაა ბრძოლის ველიდან, ყოველი მანკიერება - დამარცხებაა. რომ არა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, ამ ბრძოლაში ადამიანს არანაირი შანსი არ ექნებოდა გამარჯვების. თუკი ქრისტეს აღდგომა არ ყოფილა, მაშინ რა აზრი აქვს რწმენას მისდამი? არასოდეს ვირწმუნებდი ქრისტეს, რომ არა მისი აღდგომა და გამარჯვება სიკვდილზე. ქრისტეს აღდგომის გარეშე ეს სამყარო მხოლოდ უაზრობათა ხმაურიანი გამოფენაა. მხოლოდ თავისი დიდებული აღდგომით გაგვათავისუფლა უფალმა უაზრობისა და სასოწარკვეთისაგან, რადგანაც არ არსებობს უფრო მეტი უაზრობა ამ ცისქვეშეთში, ვიდრე კაცობრიობა აღდგომის გარეშე და უფრო მეტი სასოწარკვეთიილება ვიდრე ეს ცხოვრება უკვდავების გარეშე. ადამიანებმა ღმერთს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, ხოლო თავისი მკვდრეთით აღდგომით ქრისტემ კაცობრიობას უკვდავების განაჩენი გამოუტანა.

 

ქრისტე აღსდგა! - ჭეშმარიტად აღსდგა!

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge