ავტორიზაცია



Facebook Image






ორიგენიზმი მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის წერილში
Share

 

altინტერნეტ გვერდზე www.orthodoxtheology.ge/gansacmendeli გამოქვეყნდა მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის წერილი: „სწავლება განსაწმენდელის შესახებ – მართლმადიდებლური დამოკიდებულება“, რომელიც შეიცავს სულისათვის საზიანო ცრუ სწავლებებს. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, წმიდა მამათა სწავლების შუქზე, გადმოვცეთ მართლმადიდებური ეკლესიის სწავლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

რაზე დაყრდნობით წერს მიტროპოლიტი ილარიონი ქვემოთ მოყვანილ სწავლებას, რომელშიც აშკარად შეინიშნება ორიგენიზმი? ორიგენეს მიხედვით – ”გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდება განსჯილ ცოდვილ ადამიანთა და დემონთა ტანჯვა და ადრინდელ რანგში საყოველთაო აღდგომა მოხდება”. ხოლო მიტროპოლიტი ილარიონი წერს: „ამრიგად, პირველ რიგში ეკლესიის ლოცვა ”შეპყრობილთათვის ჯოჯოხეთს შინა”, მეორე მხრივ იმედი იმისა, რომ დასრულდება ჯოჯოხეთური ტანჯვა და მესამე – აღმდგარი ქრისტეს მიერ ყოველთა ჯოჯოჯხეთისგან გამოხსნა...“. ამ ორ ციტატას შორის აშკარაა შინაარსობრივი იდენტობა და მასში ორიგენეს ერეტიკული სწავლება იკვეთება.

 

ამის შესახებ წმინდა მარკოზ ეფესელი ამბობს: ”საუკუნო ტანჯვის დასრულების და აღდგომის სწავლება მომდინარეობს ორიგენესაგან, რომელიც გადაეცა ანათემას V მსოფლიო კრებაზე. ეს სწავლება შთააგონებს ადამიანებს სულის სისუსტეს, რადგან ამ სწავლებით ყოველგვარი შრომის გარეშე დროებით ცეცხლში ისედაც განიწმინდები. ამ, ზემოთ მოყვანილზე დაფუძვნებით, განსაწმენდელის დოგმატი უნდა განიდევნოს ეკლესიიდან, როგორც ერესი”.

 

მიტროპოლიტი ილარიონის სიტყვები: ”ეკლესიის ლოცვითა და თავისი წყალობით მას ჯოჯოჯხეთიდან იმგვარი ადამიანის ამოყვანაც კი შეუძლია, ვინც სიცოცხლეში უარყოფდა და უპირისპირდებოდა მას”, ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას. მაცხოვარი მათეს სახარებაში ამბობს: ”რომელმან თქუას სიტყვაი ძისა კაცისათვის მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არც ამას სოფელსა, არცა მერმესა მას”. (მათ.12.32.). როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ამ ცოდვას მხოლოდ სინანული წარხოცავს, სიკვდილის შემდეგ კი სინანული არ არსებობს.

 

ღმერთს ”ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი” (1ტიმ.2.4). ღმერთი უხმობს, მაგრამ ადამიანმა აუცილებლად უნდა ისმინოს მისი. ღვთის ნება ერთი ფრთაა. აუცილებელია მეორე ფრთა, ჩვენი ნება, რათა ზეცაში ავფრინდეთ. ნება ღვთისა და ადამიანის ნება შეადგენენ განჩინებას. ”მადლი, თუმცა ის მადლია, მხოლოდ მსურველებს აცხოვნებს” - ამბობს ღვთაებრივი ოქროპირი. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვით - ”ცხონება ჩვენი და ღვთის საქმე უნდა იყოს. დედამიწას აწვიმს, მაგრამ მიწა ნაყოფს არ მოიწევს, თუ მასზე მიწათმოქმედმა არ იმუშავა”. როცა იესო ქრისტე იერუსალიმში ადიოდა, იაკობი და იოანე – ძენი ზებედესნი, მის წინაშე თავიანთ დედასთან, სალომესთან ერთად წარსდგნენ, თაყვანს სცემენ მას და სთხოვს სალომე: ”დასხდნენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა“ (მათ 20.21). ქრისტე კი პასუხობს: ”არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს“. (მარკ.10.38.40) ”ვიეთა განმზადებულ არს” ნიშნავს - ”შესთავაზე ღირსეულთ, რომლებმაც არა მხოლოდ მიიღეს ღვთისაგან ეს თვისებები, არამედ განივითარეს ისინი” - გვიხსნის გრიგოლი ღვთისმეტყველი.

 

რაც შეეხება ჯოჯოხეთში მყოფთათვის ლოცვას, ეკლესიის სწავლებას გვამცნობს წმინდა მარკოზ ეფესელი, რომელმაც ასევე წმინდა მამების სწავლებაზე დაყრდნობით, ფერარა-ფლორენციის კრებაზე დასაბუთებულად არყო კათოლიკების სწავლება განსაწმენდელის შესახებ.

 

”მიტევება ადამიანს ენიჭება სამ განსხვავებულ დროს: 1.ნათლობის დროს; 2.ნათლობის შემდგომ, უფალთან ურთიერთობის დროს; 3.სიკვდილის შემდეგ, ლოცვების და ეკლესიის მიერ სულებისთვის აღვლენილი კეთილი საქმეების შედეგად. მეორე სახისა შედარებით მტანჯველია, როგორც აღსრულება სიტყვებისა: ”განმბანე მე ცრემლითა ჩემითა”. პირველსა და მესამეს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველის ანუ ნათლობის შემთხვევაში წარიხოცება ყველა ცოდვა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ეკლესიის მიერ აღვლენილი კეთილი საქმეების შემთხვევაში ის ცოდვები, რომლებიც არაა სასიკვდილო და სიცოცხლეში თითქმის ყველა შეხებია.”

 

სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: ”აქ ადგილი არ აქვთ ურწმუნოებსა და სხვაგვარად მოაზროვნეებს. ამიტომ, საერთოდ, მღვდელმა არ შეიძლება შესწიროს ნაწილები არამართლმადიდებელისათვის, ან აღასრულოს მისთვის ხსენება... ვინაიდან ეს შეწირვა სასჯელის მიზეზი იქნება მისთვის... ამისათვის თვით მღვდელიც მიიღებს სასჯელს მასთან ერთად” - ანუ ეკლესია ასეთი ადამიანებისთვის არ ლოცულობს!

 

რაც შეეხება ღვთის უარმყოფელთა და მოწინააღმდეგეთა ხვედრს, ამის შესახებ განვაგრძოთ წმინდა მარკოზ ეფესელის სიტყვა: ”ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჯოჯოჯხეთში მოხვედრილი სულების დახმარება შესაძლებელია, მაგრამ იმედი იმისა, რომ სამუდამოდ გავათავისუფლებთ, აუზრობაა. ჩვენ მხოლოდ ტანჯვის შემსუბუქება შეგვიძლია მათთვის. ეს ვლინდება წმინდა მაკარი მეგვიპტელის სიტყვებიდან, ასევე ბასილი დიდი სიტყვა-სიტყვით წერს შემდეგს: ”ყოვლისშემძლე და მხსნელი განმწმენდელი ლოცვა დღესასწაულია ჯოჯოხეთში მყოფთათვის, როგორც იმედი და ტანჯვის შემსუბუქების ნუგეში”. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: ”არ დავიწყებ იმაზე საუბარს, როგორია მათთვის, ვინც აქ არ იღწვის, ტანჯვა საიქიოში, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ უკეთესია დაიტანჯო და განიწმინდო აქ, ვიდრე იქ მიეცე ტანჯვას. განწმენდის დრო ”ამ სოფელში” გვაქვს, ”იმ სოფელში” კი, მხოლოდ პასუხი უნდა ვაგოთ.” იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: ”როცა იქ წავალთ როგორადაც არ უნდა მოვინანიოთ, ვერაფერს გავაწყობთ, რამდენიც არ უნდა ვაღრჭიალოთ კბილები და ვილოცოთ, ცეცხლისაგან ვერავინ გვიხსნის.” ეს სიტყვები ნათლად ადასტურებს, რომ საიქიოში არ არსებობს რაიმე ნუგეში განწმენდისა, არამედ არსებობს საუკუნო სატანჯველი.

 

წაიკითხეთ სახარება ლუკასაგან, ის ადგილი, სადაც მოთხრობილია მდიდარსა და ლაზარეზე. აქ ნათქვამია, რომ ლაზარე გარდაცვალებისთანავე ანგელოზებმა წაიყვანეს „აბრაამის წიაღში”, ხოლო მდიდრის სული ჯოჯოხეთში იმყოფება. აქედან გამომდინარე, „აბრაამის წიაღი” წარმოადგენს უმაღლესი, არაამქვეყნიური სიმშვიდის ადგილს, ხოლო ჯოჯოხეთი წარმოადგენს ცოდვილთა მუდმივი დასჯის ადგილს. მას არ დაუტოვებია რაიმე ადგილი, რომელიც დროებით სატანჯველს მოიცავს, არამედ განაცხადა, რომ მართლებსა  და ცოდვილებს შორის არსებობს უზარმაზარი უფსკრული, გაუვალი და გამყოფი ერთი მეორისაგან, მას არ გააჩნია რაიმე შუალედური მდგომარეობა.”

 

კათოლიკებმა ფერარა-ფლორენციის კრებაზე მოიშველიეს ნეტარი ავგუსტინეს და გრიგოლ ნოსელის სიტყვები. წმინდა მარკოზმა ამის შესახებ შემდეგი უპასუხა: ”როგორც მრავალი წმინდანის ნაშრომის შემთხვევაში, შესაძლებელია ისინიც (საუბარია ნეტარი ავგუსტინეს ნაშრომზე-ავტ.) შეცვლილია და მორგებული რომელიმე მიმიდინარეობის სწავლებას. შესაძლებელია, რომ ტექსტი სპეციალურად გაანადგურეს, რომ შემდეგ აღდგენაში, ან თარგმანში შეეცვალათ მისი ჭეშმარიტი აზრი. რაც შეეხება გრიგოლ ნოსელს, თქვენ გიკვირთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ მასზე, როგორც ადამიანზე, რომ შეიძლებოდა შემცდარიყო, და რომ ჩვენი ამგვარი აზრი დამღუპველია დოგმატიკის და წმინდა წერილისთვის. ამაზე გპასუხობთ, რომ დიდი განსხვავებაა ეკლესიის გადმოცემულ, კანონიკურ მწერლობასა და მამათა პირად ნააზრევს შორის. პირველის, როგორც ღვთის დადგენილის, უნდა გვჯეროდეს უსიტყვოდ, მეორე კი, უნდა შევუსაბამოთ წმინდა წერილს და გამოვიკვლიოთ, შეესაბამება თუ არა მას. მაშინ ეკლესიის კრებებს აზრი არ ექნებოდა, თუ ყველა მამათაგანი არასოდეს ცდებოდა. ასე რომ, ამგვარი მოწიწება, მორჩილება და პატივისცემა გვმართებს მხოლოდ წმინდა წერილის მიმართ. გრიგოლ ნოსელი კი, როგორც ადამიანი, შეცდა რამდენიმე სწავლებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ეს საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გამოკვლეული.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მსოფლიო საეკლესიო კრებები, თბილისი 2009 წელი

2. ეპისკოპოსი ილია მინიატისი - "ქადაგებები", თბილისი 2007 წელი

3. იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტება, თბილისი 2009 წელი

4. წმინდა მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია, თბილისი 2012 წელი

5. св.Симеон "Книга о храме" 63, "Разговор о священнодействиях и тайнствах"62.

 

მოამზადა სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტმა დავით შალამბერიძემ

 

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge