ავტორიზაცია



Facebook Image






უმწეოთა მკვლელობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Share

 

ყოველი მხრიდან გვესმის სიტყვა "მშვიდობა", მაგრამ ეს არის სიცრუე და საძაგელი ფარისევლობა. ეს არის თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს ერთ-ერთი მხეცური სახე. ჩვენს ირგვლივ ომია, განუწყვეტელი და სასტიკი, ომი, რომელშიც არ არის არც ზავი და არც დასასრული,  არ არიან  გამარჯვებულები და  დამარცხებულები, არამედ არიან მხოლოდ ჯალათები და მათი მსხვერპლნი. ამ ომმა მთელი მსოფლიო მოიცვა, განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, რომლებიც ამაყობენ თავისი ცივილიზაციით, კულტურითა და პროგრესით. ეს ომი არაადამიანური, მეთოდური სასაკლაოა, უპრეცედენტო გენოციდია, რომლის მსგავსი არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის მშობლების ომი საკუთარი შვილების წინააღმდეგ, ომი, რომელშიც სისხლი ღვარად მოედინება და მსხვერპლს წამებით კლავენ. ამ სასაკლაოს, რომელსაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დაუბადებელი ბავშვი ეწირება, თანამედროვე ადამიანისათვის დამახასიათებელი ფარისევლობის გამო, არ ჰქვია ის, რაც უნდა ერქვას, ანუ „უბრალოთა და უმწეოთა მკვლელობა“, „ჯალათების სადიზმი“, „მკვლელობის დაკანონებული ნებართვა“; ბოროტება შეფარული და შენიღბულია ბუნდოვანი და უსინდისოდ ფარისევლური ტერმინით „აბორტი“, რაც ნიშნავს "გარეთ გადაგდებას", თითქოს საქმე ეხება არა ცოცხალ არსებას – ბავშვს, არამედ უსარგებლო ნივთს, რომელიც სახლიდან გააქვთ და სანაგვეზე აგდებენ.

 

საბჭოთა კავშირში ყოველწლიურად კეთდებოდა 7-9 მილიონი აბორტი[1] და ეს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტრირებული აბორტების რიცხვია. შეუძლებელია ფარული აბორტების რაოდენობის დადგენა.

 

უამრავი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ იმდენივე წლის განმავლობაში მშობლების მიერ მოკლული შვილების რაოდენობა ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობაზე მეტია. თანამედროვე ადამიანების ცხოვრების ეს ბნელი მხარე ცხადად ადასტურებს, რომ ცივილიზაცია სისასტიკის ესკალაციად იქცა. გვესმის მოწოდებები მშვიდობისკენ, მაგრამ ჩვენს გარშემო სისხლიანი სასაკლაო არა მარტო გრძელდება, არამედ ძლიერდება კიდეც. მან მსხვერპლთა რაოდენობით ჰუნებისა და მონღოლების შემოსევას გადააჭარბა და სისასტიკით თემურ-ლენგისა და შაჰ-აბასის ბოროტმოქმედებებს. ამ უხილავი ომის მსხვერპლთა რაოდენობა ყველა ომის, მკვლელობებისა და სიკვდილით დასჯის მსხვერპლთა რიცხვს აღემატება. ეს დანაშაული არღვევს ყოველგვარ სამართალს, ღვთაებრივსაც და ადამიანურსაც. ჩასახვისთანავე იქმნება ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ადამიანის პიროვნების გენეტიკური კოდი და მისი მთელი პოტენციალია ჩადებული. ექსპერიმენტულადაა დამტკიცებული გარემოს ზემოქმედებაზე  ნაყოფის რთული და მიზანმიმართული რეაქციები.  ეს არის არსება, რომელიც განიცდის ტკივილს, რომელსაც მინიჭებული აქვს სიცოცხლის სურვილი და, რაც ქრისტიანობისთვის ყველაზე მთავარია, არსება, რომელსაც აქვს ადამიანის უკვდავი სული, რომლის არასრულყოფილება მხოლოდ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სხეულია - ამ სულის ინსტრუმენტი. თუ ადამიანის მკვლელობას მისი სხეულის არასრულყოფილება ამართლებს, მაშინ კიდევ უფრო მეტი უფლება გვაქვს დავხოცოთ მოხუცები, ავადმყოფები და ა.შ.

 

ასე, რომ აბორტების დაკანონება ამხობს ყველა ზნეობრივ და იურიდიულ კოდექსს, რომელთა საფუძველი ადამიანის პიროვნების უფლებების დაცვაა. არ არის პრინციპული განსხვავება ნაყოფის მკვლელობასა და მკვლელობის სხვა სახეებს შორის. აბორტის შესაძლებლობა და დაუსჯელობა მშობლებს აძლევს ძალაუფლებას ტირანისა, რომელსაც შეუძლია თავისი ნებისამებრ ქვეშევდომებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს ან სიკვდილით დასაჯოს ისინი. აბორტის დაუსჯელობა, ნაყოფის დაცვისა და მისი სიცოცხლის გარანტიის ზნეობრივი იურიდიული მექანიზმის არარსებობა ფარისევლურსა და აზრს მოკლებულს ხდის ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვის ყველა დეკლარაციას.

 

უმწეოს მკვლელობა მკვლელობის ყველაზე საძაგელი და საზიზღარი სახეობაა და ამიტომ ადამიანებს, რომლებიც ჩვილის მკვლელობის განზრახვას იდებენ გულში, სხვა გარემოებაში  ნებისმიერი სხვა დანაშაულის ჩადენაც შეუძლიათ. ძველი დროის მოსამართლეთა აფორიზმია: ერთი უდანაშაულოს დასჯას ათი დამნაშავის გამართლება სჯობსო. აქ კი უდანაშაულო სიკვდილით ისჯება და კვდება ტანჯვით, რომლის ღირსები ალბათ ნერონისა და კალიგულასთანა სადისტები თუ არიან - ჩვილს ცოცხლად გლეჯენ ნაწილებად.

 

ადრე ჯალათებს ხელს არ ართმევდნენ, მათთან ერთად სუფრასთან არ სხდებოდნენ და ახლა მშობლებს, რომლებიც შვილებს სასიკვდილოდ იმეტებენ და ექიმებს – ამ პროფესიონალ მკვლელებს – საზოგადოებრივი აზრი არ კიცხავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოება მონაწილეობს მკვლელობაში. ისეთი ცნობილი ავაზაკის სინდისზე, როგორიც ჯეკ მფატვრელი იყო, ათეულობით სასტიკად მოკლული ადამიანია, თეთრ ხალათებში გამოწყობილ განგსტერებს კი ასეულობით და ათასეულობით ბავშვის სისხლში აქვთ გასვრილი ხელები. ისინი მათ მიერ მოკლული ბავშვების სისხლით სავსე ორმოში რომ ჩაყარო, ამ სისხლით დაიხრჩობიან. ექიმის მოვალეობაა მტერსაც კი დაეხმაროს და ახლა ის დაქირავებულ მკვლელადაა ქცეული. ამიტომ ჩევნი მოწოდებაა, აბორტის გამკეთებელი ექიმების კაცობრიობის წინაშე დამნაშავეებად და თავისი ხალხის მტრებად გამოცხადდნენ. ჩვილთა მკვლელობა დანაშაულია ღვთისა და ადამიანის სამართლის წინაშე, ოჯახისა და ქორწინების იდეის წინაშე, თავად ადამიანის ბუნების, საკუთარი ხალხისა და მთელი კაცობრიობის წინაშე. ჩვილთა მკვლელობა ეგოიზმის, სისასტიკის, ლაჩრობისა და ფარისევლობის შენადუღია.

 

 

ქრისტიანული  სწავლებით ოჯახი არის მცირე, სახლის ეკლესია. ოჯახი ურთიერთდახმარება და უფლებათა ერთობაა დროებით და მარადიულ ცხოვრებაში. აბორტი ოჯახს ყაჩაღების ხროვად აქცევს, სადაც ადამიანები ერთმანეთს დანაშაულისკენ და ზნეობრივი დაღუპვისაკენ უბიძგებენ და მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ნაცვლად ერთმანერთს მტრებზე უარესად ექცევიან. ოჯახი ურთიერთსიყვარულია, მაგრამ როგორ უნდა გიყვარდეს შენი შვილის მკვლელი, თუნდაც ამაში ორივე მშობელი იყოს დამნაშავე? დანაშაული და ადამიანის დაღვრილი სისხლი არასოდეს აერთიანებს, არამედ მხოლოდ ყოფს, ამიტომ დანგრეული ოჯახების რიცხვი აბორტების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. ჩვილის მკვლელობა მეუღლეთა რთული და მრავლმხრივი ურთიერთობის პროფანაციას ახადენს და ეს ურთიერთობა დაჰყავს მხოლოდ სექსამდე, რომელსაც არ შეუძლია არც ბედნიერების და არც სულიერი სითბოს მოცემა, ტკბობის კულტამდე, რომელშიც არის რაღაც სასტიკი და უსახური.

 

დამტკიცებულია, რომ ბავშვები მემკვიდრეობით იღებენ მშობლების არა მხოლოდ ფიზიკურ ნიშან-თვისებებს, არამედ მათ გარკვეულ მშვინვიერ თვისებებსაც. მშობლების ემოციური ცხოვრება გენეტიკურ კოდზე აისახება და შვილებს მიდრეკილებებად გადაეცემა. მშობლებს, რომლებიც თავისი შვილის მოკვლას გადაწყვეტენ, თავის გენეტიკურ კოდში შეაქვთ მკვლელობისადმი მიდრეკილება, რაც მათი მომავალი შვილების ფსიქიკას დაამძიმებს. ზოგჯერ მშვინვიერი თვისებები გადადის არა პირდაპირ, არამედ თაობების შემდეგ. ამიტომ მშობლები, რომლებიც თავისი შვილის მოკვლას გადაწყვეტენ, დანაშაულს სჩადიან არა მხოლოდ ამ ბავშვის წინაშე, არამედ იმ შვილების წინაშეც, რომლებიც მათ ამის შემდგომ ეყოლებათ. მშობლები, რომლებიც შვილებს სისასტიკისა და მკვლელობისადმი ქვეცნობიერი ლტოლვის პოტენციალს გადასცემენ, ხშირად თავადვე ხდებიან თავისი შვილების სისასტიკის მსხვერპლნი და მერე უკვირთ, საიდანაა ასეთი, მათი აზრით, უსამართლობა.

 

ქრისტიანისათვის ჩვილის მკვლელობა არა მხოლოდ ადამიანის ზნეობრივი დაცემა და დეგრადაცია, არამედ საშინელი სულიერი უფსკრულიცაა. ბიბლიაში ნათქვამია: „არა კაც ჰკლა“. ეს მცნება ღმერთთან ადამიანის კავშირის აუცილებელი პირობაა. მცნების დარვევისას ამ კავშირს თავად ადამიანი წყვეტს: იგი ღვთის გარეშე რჩება.  ჩვილის მკვლელობა არა მხოლოდ მისი სხეულის, არამედ მისი სულის მკვლელობაცაა. ნათლისღებით განუწმენდელი სული მარადისობაში პირველქმნილი ცოდვით აღბეჭდილი გადადის. ის მარადისობაში იშვება, როგორც ბრმა. 

 

კართაგენში იდგა კერპი სახელად მოლოქი. ის სპილენძისა და ვერცხლისაგან იყო დამზადებული. მასში, როგორც ღუმელში, ცეცხლს ანთებდნენ. როცა ლითონი ხურდებოდა, კერპის გაწვდილ ხელებზე აწვენდნენ ბავშვს, რომლებიც მშობლებს მათი ნებით მოჰყავდათ. ჩვილის მკვლელობა დემონისათვის უმაღლეს მსხვერპლად ითვლებოდა. ბავშვების კვნესისა და ტირილის ჩასახშობად ქურუმები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. მოლოქი სიმდიდრის ღვთაებად ითვლებოდა. ახლა სიმდიდრისა და ტკბობის ღვთაებას - ჰედონიზმს - კვლავ ბავშვებს სწირავენ მსხვერპლად. ქანაანის ტომების განადგურებას დავით მეფსალმუნე ადამიანთა მსხვერპლშეწირვის გამო ღვთის სასჯელით ხსნიდა. შუა საუკუნეების ჯადოქრული და მაგიური რიტუალების კულმინაციური მომენტი იყო ჩვილის მკვლელობა და ამიტომ მისტიკური თვალსაზრისით აბორტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადამიანების მიერ დემონთა გაუცნობიერებელი თაყვანისცემა, როგორც მსოფლიო ჰეკატომბა (მასობრივი მკვლელობები ქალღმერთ ჰეკატას თაყვანისსაცემად - ჯადოქრობისა და სიკვდილის ქალღმერთისა, რომელსაც გველებით გარშემორტყმულს გამოსახავენ). დემონის ეს გაუცნობიერებელი ხმობა ყოველთვის შესმენილია ხოლმე და დემონი განუყრელად თან სდევს ამ ადამიანებს.

 

არც ერთი ცხოველი, არც ერთი ქვეწარმავალი - არც გველი, არც მორიელი არ სპობს თავის შთამომავლობას. ცივილიზაციის, განმანათლებლობისა და ჰუმანიზმის ეპოქის ადამიანმა კი სისასტიკით აჯობა მათ. დედამიწაზე მცხოვრები გონიერი არსებები გველებსა და მორიელებზე დაუნდობლები გახდნენ. სანამ ჩვილთა მკვლელობა უდიდეს ბოროტებად არ ჩაითვლება და კანონგარეშე არ გამოცხადდება, ყოველგვარი მოწოდება მშვიდობისა და სამართლისაკენ მხოლოდ კანიბალის სახეზე აფარებულ ნიღბად დარჩება.

 

ჰაგიოგრაფულ ლიტერატურაში არის მაგალითი ყველაზე ღრმა სულიერი დაცემისა, რომელიც განდეგილ იაკობს შეემთხვა. სიმთვრალეში მან მკვლელობა და მრუშობა ჩაიდინა, შემდეგ კი დამალა თავისი მსხვერპლი და ამით მას ქრისტიანულად დაკრძალვის საშუალებაც წაართვა. აქვე აღწერილია სინანულის არაჩვეულებრივი ღვაწლი, რომელიც იაკობმა - დაცემულმა მოღვაწემ, ღვთისაგან მიტოვებულმა მრუშმა და მკვლელმა იტვირთა. ათი წლის განმავლობაში ის ლოცულობდა მიწურში, იმ სახლის იატაკქვეშ, რომელშიც მღვდელი - მისი სულიერი მოძღვარი ცხოვრობდა. ის ვერ ხედავდა მზის შუქს, იკვებებოდა მხოლოდ პურითა და წყლით. მიწური ისეთი პატარა იყო, რომ იაკობს ფეხზე ადგომა არ შეეძლო, არ შეეძლო არც იატაკზე დაწოლა და მხოლოდ მოხრილი იჯდა. ათი წლის შემდეგ ღვთისაგან იყო ნიშანი, რომ მას ცოდვა შეენდო. მეუღლეები, რომლებიც თავის შვილს სასიკვდილოდ იმეტებენ, არაერთგზის იმეორებენ იაკობის ცოდვას და სინანულზე არც კი ფიქრობენ.

 

აბორტი სასტიკი და ცინიკური მკვლელობაა. ამით მოკლულს არა მხოლოდ მისი სხეულის მიწას მიბარების საშუალებას უსპობენ, არამედ იმის საშუალებასაც, რომ ის ქრისტიანი გახდეს და მარადისობაში ნეტარი ცხოვრება დაიმკვიდროს. პირველი დედაკაცის სახელი - ევა „სიცოცხლეს“ ნიშნავს, ჩვილთა მკვლელი ქალების სახელი კი „სიკვდილია“. ეს დედები საკუთარი სხეულის დემონები ხდებიან; ღვთის მიერ შექმნილ ლაბორატორიას, სადაც ადამიანის სიცოცხლე უნდა ჩაისახოს და განვითარდეს, ისინი აქცევენ საჯალათო კუნძად, რომელზეც ჯალათი ხელ-ფეხსა და თავს კვეთს მათ შვილებს და ამ ბავშვების დანაწევრებული სხეული შემდეგ საკანალიზაციო მილში ხვდება. ეს ქალები კიდეც აღშფოთდებიან, თუ ვინმე მათ წესიერებაში დაეჭვდება.

 

იაკობმა ცოდვა სიმთვრალეში ჩაიდინა, მრისხანებით ან ეჭვიანობით გონებადაბნელებულმა მკვლელმა, რომელიც აღარ უფლობს თავის თავზე, როგორც სიგიჟის შემოტევისას, შეიძლება მსხვერპლს სიცოცხლე მოუსწრაფოს, მაგრამ აბორტის დროს რაღაც უფრო უარესი და საშინელი ხდება. მშობლები მშვიდად, ლამის საანგარიშოთი ხელში მსჯელობენ იმაზე, უნდა იცოცხლოს თუ არა მათმა შვილმა. ნუთუ ისინი ძალიან განსხვავდებიან იმ ნაცისტებისგან, რომლებიც ანგარიშობდნენ, რამდენ კილოგრამ საპონს მოხარშავდნენ ცხედრისაგან ან რამდენ ტომარა თმას მოჰკრეჭდნენ დახვრეტილ და გაზის საკნებში გაგუდულ ადამიანებს? მკვლელობა, რომელიც ცივი ანგარიშითაა ჩადენილი, მოგებისთვის ჩადენილი მკვლელობა, მკვლელობის ყველაზე საზიზღარი სახე და ადამიანის ყველაზე საშინელი დაცემაა.

 

დიდი უბედურებაა ომი - მასში თითქოს განსხეულებულია ცოდვის ის სატანური ენერგია, რომელიც კაცობრიობაში გროვდება. ომის დროს ბევრ სისასტიკეს სჩადიან. ბრძოლის ველზე მტერს ჰკლავენ, მაგრამ თავადაც იღუპებიან. აქ კი მკვლელი დაუცველს კლავს და თავად დაცულია ასეთივე ანგარიშგებისაგან. ბრძოლის ველზე მეომარი მტერს ებრძვის, მშობლები კი, რომლებიც თავის შვილებს კლავენ, ბანდიტებსა და ყაჩაღებზე უარესები არიან. ბანდიტიცა და ყაჩაღიც რისკზე მიდიან, თუნდაც კანონის წინაშე, აქ კი კანონი დუმს და მკვლელი იმ ქვეყნების კანონებითაა გამართლებული, რომლებიც სიცოცხლის უფლებაზე ღაღადებენ, მაგრამ არ იცავენ ამ უფლებას; აქ მკვლელს ამართლებს მისი გაუკუღმართებული სინდისი და ლიბერალური აზროვნება თანამედროვე საზოგადოებისა, რომელიც პროტესტს არ გამოთქვამს ამ დანაშაულის გამო და ამით მკვლელების სოლიდარულია.

 

ბევრი საუბრობს პატრიოტიზმის შესახებ, სამშობლოს მიმართ სიყვარულის შესახებ, მაგრამ სამშობლო ხომ უპირველეს ყოვლისა ადამიანები არიან. სამშობლო არა მხოლოდ წარსული, არამედ აწმყო და მომავალიცაა. მშობლები რომლებიც ჩვილებს კლავენ, კლავენ თავისი სამშობლოს მომავალს. მათ ბრალი მიუძღვით გენოციდში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

 

 

თარგმნა ქ. ბაცაცაშვილმა
წიგნიდან: „როგორ დავიბრუნოთ ოჯახში დაკარგული ბედნიერება.“

 

 


[1] . ოფიციალური მონაცემებით 1986 წ. საბჭოთა კავშირში გაკეთდა 7 116 000 დარეგისტრირებული აბორტი, 1989 წ. – 7 265 000. აბორტების რიცხვი 15-44 წლის ყოვეველ ათას ქალზე სსრკ-ში აღწევდა 102-ს წელიწადში. საქართველოში 2001-2003 წწ. აბორტის საშუალო რაოდენობა რეპროდუქციული ასაკის ყოველ ქალზე 3,1-ს შეადგენდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

 

 

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge