კაცთა მოდგმაში ხომ არავის აქვს ის, რაც აქვს ქრისტეს მღვდელმსახურს - წმიდა იუსტინე პოპოვიჩი |
შენი წერილიდან საოცარი სევდა იღვრება, სევდა, რომელიც რაღაც წვრილი ღარებით სასოწარკვეთად გუბდება. სასოწარკვეთა კი ყველაზე დიდი მტერია ადამიანისა ამ მიწაზე, რადგან იგი ყველა მტერზე ძლიერია, მისთვის ადვილია ადამინაის სულის მოკვდინება, ხოლო თუ ადამიანში სული მოკვდა, რაღად უნდა მაშინ მას ეს წუთისოფელი, მთელი სამყარო. ამგვარი კაცისთვის მთელი სამყარო აყროლებულ წყლულად გადაიქცევა და ადამიანი თავისი მწუხარებით ეშმაკისა და მისი ანგელოზების ტყუპისცალი ხდება.
არა! არ არის სასოწარკვეთის ადგილი ქრისტიანთან ამ დედამიწაზე. რადგან უფალი მოვიდა ამ წუთისოფელში და თავის ეკლესიით მთლიანად დარჩა მასში, როგორ შეიძლება სასოწარკვეთას ადილი დაეთმოს შენს სულში. უფალი ხომ აქ არის, ჩვენ გვერდით, ჩვენ შორის. შენ მხოლოდ შეჰღაღადე და მყის მის მკლავებში აღმოჩნდები და ვის შეუძლია მაშინ გამოგგლიჯოს მისი ხელიდან რომელ მტერს, რომელ ადამიანს, რომელ ეშმაკს, რომელ ჯოჯოხეთს! ვერც ერთი ძალა, ვერც ერთი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს, დაგვაშოროს ღვთიურ სიყვარულს. მისით ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ყოველგვარ ბოროტებაზე, ყოველგვარ ცოდვაზე, ყოველგვარ ჯოჯოხეთზე, ყოველგვარ დემონზე და ყველა მათზე ერთად აღებულზე.
მთელი სიბრძნე ქრისტიანისა ამაშია! მოეჭიდო მოუწყვეტლად უფალ იესო ქრისტეს, მოეჭიდო ლოცვით, მოეჭიდო სიყვარულით, მოეჭიდო წმინდა ზიარებით, მოეჭიდო წმინდა აღსარებით, ყოველივე ამით მოეჭიდო მას, მარადიულს, შეუცვლელს, ღმერთსა და უფალს, მოეჭიდო ყოველი წმინდა საიდუმლოთი და ყოველი წმინდა ღვთისსათნო საქმით, და რა იქნება მაშინ? მაშინ ყველა სიკვდილსა და ყველა ტანჯვაზე შენ სიხარულით გაიმარჯვებ - რწმენისა და გადარჩენის სიხარულით.
ჭეშმარიტ მღვდელს ვერ შეაცდენენ ცუდი მღვდლები, ვერც ცუდი ეპისკოპოსები. იგი ყოველთვის მათ მაღლა მიაპყრობს მზერას და წმინდა მღვდლებსა და წმინდა ეპისკოპოსებს უცქერის - უცქერის წმინდა იოანე ოქროპირს, წმინდა საბას, წმინდა დიაკონ აბბაკუმს და სხვა უთვალავ წმინდანთა გუნდს, მთელი სულით მათკენ მიისწრაფვის, მათით აღფრთოვანდება, მათით წინამძღოლობს. . .
და ისინი? ყველა ისინი დღემდე ცოცხლობენ ეკლესიაში როგორც გუშინ, როგორც ათასი წლის წინ. ცოცხალია ყველა წმინდა მოციქული, ცოცხალია ყველა წმინდა მოწამე, ცოცხალია ყველა წმინდა მამა, წმინდა აღმსარებელი; ისინი ჩვენთან, უღირს ღვთისმსახურებთანაც თანამსახურობენ ყოველდღიურად წმინდა ლიტურგიაზე. განა არა ვართ ჩვენ ყველა სიკვდილზე, ყველა ბოროტებაზე, ყველა ცოდვაზე უფრო ძლიერი? შეიძლება სასოწარკვეთის მიზეზი გვქონდეს მაშინ, როდესაც სამღვდელო ხარისხში ვართ? ანგელოზთა მსახურებაც კი არ დგას სამღვდელო მსახურებაზე მაღლა.
ბოძებული აქვს მღვდელს ღვთაებრივი ძალაუფლება სამოთხეზეც და ჯოჯოხეთზეც, სიკვდილზეც და სიცოცხელეზეც, უკვდავებაზეც და მარადისობაზეც და შენ კი, ჩემო ძვირფასო, თითქოს ამაში ეჭვი გეპარებოდეს, სულით დაეცი. ეჰ, წუხილო ჩემო! კაცთა მოდგმაში ხომ არავის აქვს ის, რაც აქვს ქრისტეს მღვდელმსახურს.
მთავარია რწმენით, ლოცვითა და სიყვარულით მიემთხვიო ყოვლად სახიერ უფალს, უფალს უტკბილესს, და ყველა სიკვდილი გაიქცევა შენგან . . . მით უმეტეს, სასოწარკვეთა და მისი მოციქულები
თარგმნა მანანა ყიფიანმა გაზეთი "მრევლი"
|
E-mail: info@qadageba.ge