ავტორიზაცია



Facebook Image






როგორ უნდა მოვინანიოთ - წმიდა იოანე კრონშტადტელი
Share

 

უპირველეს ყოვლისა, მონანიება უნდა ხდებოდეს კეთილი ნებით და არა დროის, ჩვეულების ან მოძღვრის იძულებით. „მოინანიეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 4.17).

 

აღსარება უნდა იყოს აუცილებლად გულწრფელი, ყოველგვარი თვალთმაქცობისა და თავის მართლებისაგან თავისუფალი.

 

გვეშინოდეს ჩვენი ცოდვებისადმი გაქვავებული უგრძნობლობისა, გვაშინებდეს ამპარტავნება ჩვენი გულისა, რომელიც გვეუბნება: „არ მჭირდება ცოდვათა მიტევება, არა ვარ დამნაშავე, არა ვარ ცოდვილი“, ან: ჩემი ცოდვები მსუბუქია, ადამიანური“. თითქოს აუცილებელია, დემონური ცოდვები გვქონდეს: ან: „ცოდვების მიუტევებლადაც მშვენივრად ვგრძნობ თავს“. ეს სატანური სიამაყეა... ღრმად, მთელი გულით შევიგრძნოთ ჩვენი ურცხვი ცოდვები, ვიოხროთ, ვიტიროთ და გული მოვულბოთ განრისხებულ მეუფეს. ნუ დავიწყებთ ფარისევლებივით თავის მართლებას, რადგან „არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (ფს. 142.3), მხოლოდ ცოდვათა გულწრფელი მონანიებით შეგვიძლია მოვიზიდოთ ღმერთი. ნუ ვიქნებით გულგრილნი, მხურვალედ ვემსახუროთ უფალს.

 

მონანიებას უნდა ახლდეს გულის შემუსვრა და ცოდვების გამო მწარე ტირილი. სინანულის ცრემლები ყველასათვის აუცილებელია, მათ გარეშე ხსნა არ არსებობს. მომნანიებელმა გულწრფელად უნდა დადოს პირობა უფლის წინაშე - გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი ცოდვასთან, გამოსწორდეს, სინანულში მყოფმა ადამიანმა მთელი სულით უნდა შეიძულოს ცოდვა, გაიღვივოს სურვილი, წინ აღუდგეს მის ცთუნებას, თავის თავში აღმოფხვრას წინააღმდეგობა უფლის მიმართ და შეასრულოს მისი მცნებები, ერთი სიტყვით, უნდა მოახდინოს შინაგანი გადატრიალება.

 

მონანიების ღვაწლს უნდა ახლდეს ლოცვა. ლოცვა, რომელიც ძალებს გვმატებს. როდესაც ჩვენი უზნეობისა და ბიწიერების გამო მოგვიცავს სევდა ან, ღმერთმა დაიფაროს, უფლის მოწყალებისადმი უსასოება, მთელი გულითა და სულით უნდა ვთქვათ მეტაფრასის ლოცვა: „უწყი, უფალო, რამეთუ უსჯულოებანი აღემატნეს თავსა ჩემსა. არამედ აურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთაი და წყალობაი გამოუთქმელისა ძვირუხსენებელობისა შენისა სახიერებაი, და არა არს ცოდვა მძიმე კაცთმოყვარებისა შენისა. ამისთვისაცა ყოვლადსაკვირველო მეუფეო, ძვირუხსენებელო უფალო, საკვირველ-ჰყავ წყალობაი შენი ჩემ ცოდვილსა ზედა. მიჩვენე ძალი სიტკბოებისა შენისაი, აწ შემიწყნარე მე ცოდვილი... უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გესავ, უკუეთუ არსღა ჩემდა სასოებაი ცხორებისა. სძლოს კაცთმოყვარებამან შენმან სიმრავლესა უსჯულოებათა ჩემთასა მეყავ მე მაცხოვარ, და მოწყალებისაებრ შენისა, და წყალობისა შენისა მილხინე, მომიტევე, შემინდევ მე ყოველი რაოდენნი გცოდე შენ, რამეთი მრავლითა ბოროტებითა აღივსო სული ჩემი და არა არს ჩემ შორის სასოება ცხორებისა“.

 

ჩვენ, ცოდვილნი, მუდამ ვეცემით, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფეხზე წამოდგომა და ვიზრუნოთ სიბრძნის მოხვეჭისათვის. ეს სიბრძნე კი შემდეგში მდგომარეობს: ვისწავლოთ ზეპირად ფსალმუნი: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა“, რომელიც მეფე დავითს სულიწმინდამ შთააგონა, ვიკითხოთ იგი გულწრფელი რწმენითა და სასოებით. მეფე დავითის სიტყვებით გამოთქმული გულწრფელი მონანიების შემდეგ უფალი მოგვიტევებს ცოდვებს და ჩენ შევიგრძნობთ ჩვენი სულიერი ძალების სიმშვიდეს.

 

ღირსეულად მომზადების, ცოდვების შეგნების, გამოტირებისა და საკუთარი ცხორების გამოსწორების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქრისტიანმა უნდა აღიაროს თავისი ცოდვები მღვდლის წინაშე. აღსარება უდავოდ აუცილებელია სულის განწმენდისთვის. მძიმე და მტკივნეულ ოპერაციას ადამიანი ითმენს ჯანმრთელობისთვის. ასევე, აღსარებაზე დამალვის გარეშე უნდა ვაღიაროთ ყოველი ჩვენი სამარცხვინო საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მტკივნეული, სამარცხვინო და დამამცირებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჭრილობა არ მოგვიშუშდება, შეარყევს ჩვენს სულიერ ჯანმრთელობას და გააღვივებს სხვა უძლულებებს, ცოდვილ ჩვევებსა და ვნებებს. მღვდელი სულიერი ექიმია, მაშ ვაჩვენოთ მას ჩვენი სულიერი ჭრილობები ყოველგვარი სირცხვილის გარეშე, ღიად, გულწრფელად, შვილური მინდობით: მოძღვარი ხომ ჩვენი სულიერი მამაა, რომელიც ვალდებულია, ვუყვარდეთ ხორციელ მშობლებზე მეტად, რადგან ქრისტიანული სიყვარული ხორციელ სიყვარულზე მეტია, მოძღვარი პასუხს აგებს ჩვენს გამო უფლის წინაშე. რატომ გახდა ჩვენი ცხოვრება ასეთი არაწმინდა, ვნებებითა და ცოდვილი ჩვევებით სავსე? იმის გამო, რომ ბევრი ჩვენგანი მალავს თავის სულიერ ჭრილობებსა თუ წყლულებს, ამიტომაც შეუძლებელი ხდება მათი განკურნება.

 

ვინც მიჩვეულია აღსარებისას თავის ცხოვრებაზე პასუხი აგოს, მას არც ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე გაუჭირდება პასუხის გაცემა. ამიტომაც არის დადგენილი აქ - მიწაზე მონანიების მცირე სამსჯავრო, რათა ჩვენ ამ გზით გამოსწორებულებსა და განწმენდილებს საშუალება მოგვეცეს არასამარცხვინო პასუხის გაცემისა ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე.

 

და ბოლოს, ყოველმა გულრწფელად მომნანიებელმა და აღსარევის მთქმელმა უნდა იცოდეს, რომ მისი მონანიება არა მარტო მას ანიჭებს სულიერ სიმშვიდესა და ცოდვათაგან განთავისუფლებას, არამედ არის დიდი სიხარულის მიზეზი ზეცაშიც. ზეციერი მამის სიხარული, დაკარგულისა და შემდეგ დაბრუნებული უძღები შვილის გამო იმდენად დიდია, რომ იწვევს მთელი მოყვარული და კეთილგანწყობილი ზეცაში სიხარულს: რადგან ზეცაზე დიდად ხარობენ თითოეული ცოდვილის მონანიებით.

 

დაღუპვის გზაზე შემდგარო ძმანო და დანო! დაუბრუნდით ზეციერ მამას! მოინანიეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა.

 

სათნო ცხოვრების გაკვეთილები

წმ. მამა იოანე კრონშტადტელის სახელმძღვანელო

დეკანოს გ. დიაჩენკოს წიგნიდან

„როგორ უნდა მოვინანიოთ“

გაზეთი: "მრევლი"

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge