ავტორიზაცია



Facebook Image






ჭეშმარიტი ეკლესია - მართლმადიდებლურია
Share

 

მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ღვთისშემეცნება და ღვთისთაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არის ღმერთის სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არის ღვთის განდიდება მისი ჭეშმარიტი შეცნობითა და მისდამი თაყვანისცემით, მართლმადიდებლობა არის ღვთის მიერ ადამიანის განდიდება, ჭეშმარიტი, ღვთის - მსახურისა, ყოვლადწმიდა სულის მინიჭებით. სულიწმიდა არის ქრისტიანთა დიდება, სადაც არ არის სულიწმიდა, იქ არ არის მართლმადიდებლობა.

 

მართლმადიდებლობა - სულიწმიდის სწავლებაა. ღვთისგან მონიჭებული ადამიანთა საცხოვნებლად. „ვისაც ცხონება სურს, უპირველესად უნდა ეპყრას  კათოლიკე (საყოველთაო) სარწმუნეობა, ხოლო ვინც მას მთლიანად და უცვლელად არ იცავს, საუკუნოდ დაიღუპება“ - ამბობს ათანასე დიდი (წმ. ეგნატე ბრიანჩნინოვი.) წმ. მართლმადიდებელი ეკლესია არის  მაცხოვნებელ ნიჭთა საგანძური. ყოველივეს, რაც ცხონებისთვის გჭირდება - მხოლოდ მართლმადიდებლობაში იპოვი. თვით უფალი მის გარეშე მადლს არ გვანიჭებს. ღმერთმა ინება ამგვარად მოწყობა. გახდა რა თავი ეკლესიისა, იგი მოქმედებს ჩვენს საცხოვნებლად მხოლოდ მისი სხეულის საშუალებით. და ნუ ეძებ ცხონების საგანძურთან სხვა მიმყვანებელ გზას. იგი არ არსებობს.

 

უფალმა მაცხოვარმა, როგორც ჰიპოსტასურმა სიბრძნემ, ჰიპოსტასური ღვთაების საიდუმლოთაგან, თვითონ მოიტანა დედამიწაზე სრული მაცხოვნებელი სიბრძნე. მაგრამ საკუთარ თავში კი არ ეპყრა დაფარულად მისი სწავლება, არამედ თავდაპირველად უქადაგა იგი მოციქულებს, რომელთაც ყველა ერისთვის უნდა ექადაგად ღვთაებრივი სიბრძნე. მოციქულებმაც გადასცეს იგი მთელ მორწმუნე სამყაროს, თავიანთ მემკვიდრეებს კი მცნებად დაუტოვეს მისი უცვლელად დაცვა. და გახდა ეკლესია სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა, რომელიც არის ეკლესიაში და იქნება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. გსურს შეიცნო ჭეშმარიტება? წადი მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელმაც უცვლელად დაიმარხა მოციქულთა სწავლება - და მისგან ისწავლე ჭეშმარიტება “ (წმ. თეოფანე დაყუდებული).

 

„ყოვლადსახიერი ღმერთი მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულების ხსნას მართლმადიდებელი სარწმუნოერბით, კეთილის საქმეებითა და თავისი მადლით ახორციელებს. მართლმადიდებელი სარწმუნოება არის რწმენა, რომელიც ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას უპყრია. და ამ რწმენის გარეშე ვერავინ ცხონდება. კეთილი საქმენი სახარებისეული მცნებებია,  რომელთა გარეშე, ისევე როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოების გარეშე, შეუძლებელია ადამიანის ცხონება: მართლმადიდებელი სარწმუნოება კეთილ საქმეთა გარეშე მკვდარ არს, ისევე როგორც, კეთილი საქმენი მართლმადიდებლობის გარეშე მკვდარია. ცხონების მსურველმა უნდა შერწყას ერთიცა და მეორეც. და ამგვარად  ქრისტე ღმერთის მადლით, რომელმაც ბრძანა: „რამეთუ თვინიერ ჩემსა არარა ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოან. 15, 5) - მივაღწიოთ ცხონებას“ (ღირსი პაისი პელიჩკოვსკი).

 

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შემეცნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე“. მართლმადიდებელ ეკლესიაში ისწავლება სწორედ ის სწავლება, რომელიც ღვთისაგან არის განცხადებული, როგორც წმიდა წერილში, ასევე წმიდა გადმოცემაში; რომელიც გამჟღავნდა და განმარტებულია ეკლესიის  წმიდა მამათა მიერ შვიდ მსოფლიო და ცხრა ადგილობრივ კრებებზე, და რომელსაც ყოველთვის უცვლელად ეპყრა და დღესაც უპყრია მართლმადიდებლური სწავლება სრული სიწმინდითა და შეუცვლელად.

                                                                                     

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

                                                                                        წიგნიდან: „რა უნდა იცოდეს თანამედროვე       

                                                                                    მართლმადიდებელმა ქრისტიანმა“

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge