წმ. იოანე ოქროპირი - მათ, რომელთაც ბედისწერის სჯერათ |
ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას რომ ვერ ახდენს მისი დაბადების წინ მკითხაობა, ეს ყოფითი გარემოებებიდანაც ჩანს და ამისთვის წმინდა წერილის მოხმობა საჭირო არ არის.
თუ კაცთა საქმენი დამოკიდებულია ბედისწერაზე, თუ ეს ხვედრი მას ბუნებამ არგუნა, მაშინ რატომ სჯი მონას, რომელმაც იქურდა? რატომ მიათრევ სამსჯავროზე მრუშ ცოლს? რატომ გრცხვენია, როცა ცუდს ჩაიდენ? თუ ცოდვაც გარდუვალია, მაშინ რატომ ვერ ითმენ საყვედურებს, რატომ გწყინს, როცა ვინმე გიწოდებს მემრუშეს, მეძავს ან კაცისმკვლელს?! თუ ეს ცოდვები შენს ნებაზე არ არის დამოკიდებული, მაშინ არც დამნაშავე იქნები და არც სხვათა ნათქვამი უნდა გწყინდეს. მაშასადამე, იმით: რომ კიცხავ სხვებს; რომ არ მიუტევებ შემცოდებლებს; რომ ცუდის ჩადენისა თავადვე გრცხვენია და დამალვას ცდილობ; რომ საყვედურის მთქმელთ მაჭირვებლებად მიიჩნევ - ყველაფრით - შენ აღიარებ, რომ კაცთა საქმეები არ ექვემდებარება გარდუვალობას და თავისუფალი ქმედების შედეგია. გარდუვალობით შებორკილთა მიტევება ჩვენ ხელგვეწიფება. მაგალითად, თუ ვინმე, ეშმაკის მიერ შეპყრობილი, გვეცემა, სამოსს გვახევს და გვირტყამს, ჩვენ მას არც დავსჯით და არც სამსჯავროზე წავათრევთ, პირიქით, შეგვეცოდება და მივუტევებთ. რატომ? იმიტომ, რომ მას ეს საკუთარი თავისუფალი ნებით არ ჩაუდენია, იგი აიძულა ეშმაკმა.
ზუსტად ასევე შევუნდობდით ადამიანებს დანარჩენ ცოდვებსაც, მათი ჩადენა რომ ბედისწერაზე იყოს დამოკიდებული. მაგრამ რაკი ვიცით, რომ ცოდვის ქმნა იძულებით არ ხდება, ამიტომ მას არ მიუტევებენ ბატონები მსახურებს, ქმრები - ცოლებს, ცოლები - ქმრებს, მამები - შვილებს, მასწავლებლები - მოწაფეებს, მთავრები - ქვეშევრდომებს, რჯულმდებელნი - რჯულის მაღიარებლებს... ჩვენ ვართ დანაშაულთა მკაცრი გამომეძიებელნი და დამსჯელნი, დავდივართ სამსჯავროებზე, მივმართავთ დასჯას - ყოველმხრივ ვცდილობთ, რომ მსახურსაც არ მივცეთ ბოროტების ჩადენის ნება და საკუთარი შვილებიც დავიცვათ მანკიერებათაგან. ამიტომ მივუჩენთ ხოლმე მათ დამრიგებლებს, ვაგზავნით მასწავლებლებთან, ვემუქრებით, ვცემთ... მითხარ, რატომ და რისთვის? თუ კაცს ბედმა განუსაზღვრა, იყოს ცუდი, მაშინ რა საჭიროა ეს მცდელობანი? მაგრამ ცხადია, რომ კაცს გარდუვალობა არ ბორკავს და ყველაფერი დამოკიდებულია მის თავისუფალ ნებაზე. ჩვენც იმიტომ მივმართავთ ზემოხსენებულ საშუალებებს, რომ ადამიანს უარი ვათქმევნოთ უზრუნველობაზე და წარვმართოთ სათნოებისკენ.
რატომ ვსერავთ ზღვას, ვამუშავებთ მიწას, ვაშენებთ ქალაქებს, ავადმყოფობის დროს გულმოდგინედ ვუვლით თავს: ვხარჯავთ ფულს, ვიწვევთ ექიმებს, ვიმზადებთ წამლებს, თავს ვიკავებთ ძღომისგან, ვითრგუნავთ გულისთქმას? თუკი, როგორც შენ მეუბნები, ბედმა განგვისაზღვრა - ვიცოცხლოთ თუ დავიხოცოთ, მაშინ სნეულნი თურმე ტყუილუბრალოდ ხარჯავენ ფულს, მიმართავენ ექიმებს, იჩენენ ზედმეტ სიფრთხილეს. დღეს ყველა პირადი გამოცდილებით ხედავს, რომ ამგვარი მცდელობანი ამაო არ არის; ბედი კი საერთოდ არაფერს წყვეტს, არც გარდუვალობა მართავს ჩვენს საქმიანობას - ყველაფერში იკვეთება ადამიანის თავისუფლი ნება...
საკითხავია, რა საჭიროა მთელი ეს შრომა და ძალისხმევა სათნოებათა აღსასრულებლად, თუკი ბედმა უკვე განსაზ- ღვრა - ვიღაც უნდა იყოს კეთილი და ის ასეთიც იქნება, თუნდაც ნიადაგ თვლემდეს ან ეძინოს. გამოდის, იგი იძულებულია, იყოს კეთილი, ამიტომ მას ეს სახელი არც შეიძლება ვუწოდოთ. რა საჭიროა ამდენი გარჯა და ჯაფა, თუკი კაცს ბედმა განუსაზღვრა, იყოს ბოროტი და ამას ვერაფრით შეცვლის, თუნდაც უდიდესი ძალისხმევა დახარჯოს ამისათვის. ისე კი, მას ბოროტი არ უნდა ერქვას, რადგან იძულებულია, ასეთი იყოს. მივმართოთ ასეთ მაგალითსაც: ეშმაკეულმა რომ შეურაცხგვყოს, ჩვენ მას არ ვუწოდებთ მაჭირვებელს, არც მისი ბოროტმეტყველება გვწყინს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამას ეშმაკი აიძულებს. გამოდის, ბოროტსაც, თუ მას ასეთად ყოფნას აიძულებს ბედის გარდუვალობა, აღარ უნდა ვუწოდოთ ბოროტი, არც კეთილს - კეთილი. მაგრამ თუ ასე მოვიქცევით, ყველაფერი აირ-დაირევა, მივიღებთ ცნებათა ქაოსს და გაუფასურებას - არც სათნოება ეღირება რამედ, არც მანკიერება, არც ხელოვნება, არც კანონები და საერთოდ არაფერი...
ხედავ, საით მიდის ეშმაკის ცდუნება. რას უპირებს მსოფლიოს და რა მიზანი აქვს? მაშ, რაკი ვიცით ეს და ამაზე მეტიც (კიდევ ბევრის ცოდნაც შეიძლებოდა, მაგრამ გონიერთათვის ესეც საკმარისია), ვერიდოთ მანკიერებას და მივემსჭვალოთ სათნოებას, რათა უწინარეს ყოვლისა, ლმობიერვყოთ ღმერთი, თავი დავაღწიოთ გეჰენიას და დავტკბეთ მარადიული სიკეთეებით. დაე, ღირსნი გავხდეთ მათი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და სულისა წმინდისა თანა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
საუბარი გოთების თანდასწრებით. თარგმნა ნინო ბელთაძემ წიგნიდან: Св. Иоанн Златоуст, Собрание поучений, издание Свято-Троицкой Сергиевой Лавры, 1993.
|
E-mail: info@qadageba.ge