ავტორიზაცია



Facebook Image






წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - წერილი 202 (წმინდა მამათა სწავლების განუხრელად დაცვის, ცრუსწავლებათა მომრავლებისა და ღვთისმსახურ მოძღვართა შემცირების შესახებ)
Share

 

გულსა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებლად - თქვა მოციქულმა (რომ. 10,10). საჭიროა სიმართლის აღიარება პირით და, როცა შესაძლებელია, თავად საქმეებითაც. სიტყვითა და საქმით აღიარებული სიმართლე თითქოს არსებობას იძენს და ადამიანის კუთვნილება ხდება. ის არსებითია, ამიტომაც არის ცხონების საიმედო საწინდარი. თქვენ დარწმუნდით, რომ ცხონებისკენ მიმავალი ერთადერთი შეუმცდარი გზა - განუხრელად დაიცვა წმინდა მამათა სწავლებანი, თანაც გადაჭრით განუდგე ყოველგვარ უცხო მოძღვრებას, უარი თქვა საკუთარ შეხედულებებზე, სანამ გონება არ განიკურნება და ხორციელ-მშვინვიერის ნაცვლად არ გახდება სულიერი. გონებითა და გულით ამ სიმართლის აღიარების შემდეგ ის პირითაც აღიარეთ: აღუთქვით ღმერთს, რომ იხელმძღვანელებთ წმ. მამათა  სწავლებით, განუდგებით ყოველგვარ მოძღვრებას, რომელიც არ დაუმოწმებია სულიწმიდას და არ მიუღია აღმოსავლეთის წმინდა ეკლესიას. პირით საღვთო სიმართლის აღიარების შემდგომ ის საქმითაც აღიარეთ: დადეთ აღთქმა და აღასრულეთ იგი. ნუ შეგეშინდებათ ამ აღთქმისა! მისი დადება ჰმართებს ეკლესიის ყოველ მართლმადიდებელ შვილს; მას ეს უნდა მოსთხოვოს სულიერმა მამამ აღსარების საიდუმლოს აღსრულებისას (შეკითხვათაგან, რომელბიც უნდა დაესვასს აღმსარებელს, პირველ ადგილზეა: 1. მითხარ მე შვილო: გწამს, რომ ეკლესია არის კათოლიკე, სამოციქულო, აღმოსავლეთში დამკვიდრებული და აღორძინებული, აღმოსავლეთიდან მთელ მსოფლიოზე განფენილი და ღმოსავლეთში აქამომდე შეუძვრელად და უცვალებელად მყოფი? 2. ხომ არდაეჭვებულხარ გადმოცემაში? 3. მითხარ, შვილო, ხომ არ ყოფილხარ ერეტიკოსი ან განდგომილი? 4. ხომ არ მიმხრობიხარ მათ, ყოფილხარ მათ სამსხვერპლოებში, მოგისმენია მათი სწავლება ან წაგიკითხავს მათი წიგნები?)

           

ერეტიკოსთა წიგნების კითხვა და მათი სწავლების მოსმენა მძიმე ცოდვაა სარწმუნოების წინაშე. ეს არის ცოდვა გონებისა, რომელიც ამპარტავნებით არის დაავადებული; გონებისა, რომელმაც ამის გამო მოიშორა ეკლესიის უღელი მორჩილებისა და ეძიებს უგუნურ, ცოდვით თავისუფლებას. დღეს ეს უკვე აღარ მიაჩნიათ ცოდვად! თავს უფლებას აძლევენ, იკითხონ ყველა ჯურის ერეტიკოს მწერალთა ნაწერები, რომელთაც ეკლესიამ ანათემა გამოუცხადა. მაგრამ დაბრმავებული ცოდვილნი ყურს არ ათხოვებენ ეკლესიის გრგვინვას და თუ მოუსმენენ - მხოლოდ იმიტომ, რომ სასაცილოდ აიგდონ დაღუპვის საშიშროების მაუწყებელი ხმა ეკლესიისა, დაუფიქრებლად უწოდონ ცრურწმენა და ბარბაროსობა მის სამსჯავროსა და განჩინებას.

           

რუსულ ენაზე უამრავი ერეტიკული წიგნია თარგმნილი და ერთ მათგანს, მსოფლიო ეკლესიის მამათა ყველა ნაწერის გვერდის ავლით უთმობენ პირველ ადგილს წმინდა წერილის წიგნების შემდგომ. რა განუზომელი და წარმოუდგენელი უტიფრობაა. და ეს აზრები დაბეჭდილია კიდეც...

           

ყველა დროის ჭეშმარიტი ქრისტიანები უდიდესი გულმოდგინებით იცავდნენ თავს ერესისა და სხვა ცრუსწავლებათა სიკვდილის მთესველი შხამისგან. ისინი განუხრელად მისდევდნენ ეკლესიის დოგმატურ და ზნეობრივ გადმოცემას. მათ არათუ ჰქონდათ მართლმადიდებლური რწმენა წმინდა სამებისა, არამედ საკუთარ ცხოვრებას, ღვაწლსა და ზნე-ჩვეულებებს საეკლესიო გადმოცემის თანახმად წარმართავდნენ. ყველა წმინდა მამას გამოარჩევდა ეკლესიის ზნეობრივი გადმოცემის განუხრელად დაცვა. მათი მითითებით ჭეშმარიტ სულიერ მოძღვრად მხოლოდ ის უნდა ჩავთვალოთ, ვინც გულდასმით მიყვება აღმოსავლეთის ეკლესიის მამათა მოძღვრებას, მათი ნაწერებით ამოწმებს და ბეჭდავს საკუთარ სწავლებას. ის კი, ვინც ფიქრობს მოყვასის დამოძღვრას მიწიერი სიბრძნით - დაცემული გონების საფუძვლებით - რაოდენ ბრწყინვალეც უნდა იყოს ეს პიროვნება, თავად არის ცდუნებული და საკუთარი მიმდევრებიც თვითცდუნებისკენ მიჰყავს.

           

ცხონების მსურველს წმინდა მამებმა უცვალებელ წესად დაუდგინეს ეკლესიის ზნეობრივი გადმოცემის დაცვა. ამიტომაც მიუთითებენ მონდომებულ ადამიანებს, იცხოვრონ ღვთისმსახურებითა და ღვთისსათნოდ, იხელმძღვანელონ ჭეშმარიტი მასწავლებლის ან წმინდა მამათა იმ შეგონებით, რაც მიესადაგება თითოეული მათგანის ყოფას.

           

ქრისტეშობიდან რვა ასწლეულის შემდგომ ეკლესიის წმინდა მწერლებმა დაიწყეს ჩივილი სულიერ მოძღვართა შემცირებასა და უამრავ ცრუმასწავლებელთა გამოჩენაზე. ისინი გვირჩევენ - მოძღვართა სიმცირის გამო ჩვენ თავად ვიკითხოთ მამათა ნაწერები და ვერიდოთ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს მიღმა დაწერილ წიგნებს.

           

რაც მეტი დრო გადიოდა საღვთო ნათლის დედამიწაზე მოვლინებიდან, მით უფრო იგრძნობოდა ჭეშმარიტ წმინდა მოძღვართა რიცხვის შემცირება და ცრუმასწავლებელთა მატება. მათ, წიგნის ბეჭდვის გამოგონების დროიდან, წარღვნასავით წალეკეს დედამიწა, როგორც მწარე აპოკალიფსურმა წყლებმა, რომელთა გამოც უამრავი დაიღუპა სულიერი სიკვდილით. მრავალნი ცრუწინასწარმეტყველნი აღდგენ და აცდუნებდნენ მრავალთა. და განმრავლებითა უსჯულოებისათა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ - გვაუწყა უფალმა (მთ. 24,12). აღსრულდა ეს წინასწარმეტყველება: ჩვენს თვალწინაა მისი შედეგი;. არსებობს კიდევ მრავალი წინასწარმეტყველება უფლისა იმ დროის თავისებურებებზე, როდესაც მოხდება მისი მეორე, საშინელი მოსვლა ამსოფლად. მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქვეყანასა ზედა? (ლკ. 18,8) - გვითხრა უფლმა და ამით მიგვანიშნა სარწმუნოების სამომავლო ხვედრზე, როდესაც სარწმუნოებაზე იბატონებს ღვთისა და რწმენისადმი მტრად მოკიდებული გაუკუღმართებული აზროვნება და ადამიანური სიბრძნე.რას ნიშნავს სამონაზვნო სათნოება - მორჩილება? ეს ნიშნავს, ადამიანის გონება დაცემულად აღიარო და ამიტომ განაგდო იგი მგზნებარე რწმენით. რწმენიდან მოდის მორჩილება, მორჩილებიდან - თავმდაბლობა, თავმდაბლობიდან - სულიერი აზროვნება, რომელიც ნაუწყები რწმენაა.

           

სამონაზვნო მორჩილება ყვაოდა სულიერ მოძღვართა სიმრავლის დროს. მათი შემცირებით შესუსტდა მორჩილების უდიდესი ღვაწლიც, რითაც მოღვაწენი მალე აღწევდნენ სიწმინდეს. ამ ღვაწლის არსი არის სარწმუნოება - ის უნდა იყოს ჭეშმარიტი და სულიერი, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიყვანს იგი პიროვნებას ღმერთთან. ადამიანის მიმართ რწმენა კი გაუაზრებელი ფანატიზმით მთავრდება. წმინდა მამათა ნაწერების მიხედვით სვლა გაცილებით ნელია და სათუთი. ამ გზაზე ბევრად მეტია დაბრკოლება. ქაღალდზე დაწერილი ვერ შეცვლის ადამიანის ცხოვრების ცოცხალ წიგნს. საოცარი წიგნია სულიწმინდით დაწერილი გონება და გული! იგი სიცოცხლით სუნთქავს და მასვე რწმენის საშუალებით გადასცემს მსმენელთ!

           

მოძღვართა საბოლოოდ შემცირების შემდგომ წმინდა მამათა ნაწერები იქცა ცხონების ერთადერთ სახელმძღვანელოდ. ვინც მას დაემორჩილება, შეიძლება უკვე გადარჩენილად ჩაითვალოს, ხოლო ვინც საკუთარი ჭკუით ან ცრუმოძღვართა სწავლების თანახმად  მოქმედებს, ის წარწყმედილად უნდა იქნეს მიჩნეული. თუ როგორ მსჯელობენ ამ საკითხზე წმ. მამები, ამის მაგალითს ამოვწერ წმინდა კალისტესა და ეგნატეს თხზულებებიდან: ,,რამ გამოიწვია ჩვენი შემუსვრილება და კვდომა, ჩვენ ხომ თავდაპირველად ასეთებად არ ვიყავით შექმნილნი? და რა იქცა მიზეზად განახლებისა და უკვდავებისა? ვფიქრობთ, რომ კვდომის ანუ ხრწნადობის მიზეზი იყო პირველი ადამის თავდაჯერებულობა, თვითნებობა და ურჩობა, რამაც საღვთო მცნების უარყოფასა და დარღვევამდე მიიყვანა; მეორის, ანუ უხრწნელობის, მიზეზია მეორე ადამის - ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს - მორჩილება მამისადმი, რომელთანაც მას ჰქონდა ერთი ნება. ამიტომაც იცავდა ის მამა ღმერთის მცნებებს. რამეთუ მე თავით თვისით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი. და უწყი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხოვრება საუკუნო არს. და რომელსა ვიტყჳ მე, ვითარცა მამცნო მამამან, ეგრეცა ვიტყჳ - ამბობს მაცხოვარი (ინ. 12, 49-50)

           

როგორც პირველი მამისა და მისი მოდგმის ყველა განსაცდელის დედა და ფესვი იყო ქედმაღლობა, ისე ახალი ადამიანის - ღმერთკაც იესო ქრისტეს და მისებრ ცხოვრების მსურველთა საფუძველი არის თავმდაბლობა - სათავე ყოველი სიკეთისა. ვხედავთ, რომ ასეთ მდგომარეობასა და წესრიგს იცავს ჩვენ იერარქიაზე მაღალი, წმინდა იერარქია ღვთისებრი ანგელოზებისა - მათ მაგალითს მისდევს მიწიერი ეკლესიაც. ჩვენ საიდუმლოდ ვსწავლობთ და გვწამს, რომ ვინც უგულებელყოფს ამ კანონმდებლობას და კადნიერად გადაწყვეტს თვითნებურად და ურჩობით ცხოვრებას, მოიკვეთება და განიგდება ღმერთისგან, ნათელი ზეციური სამკვიდროდან, კათოლიკე სამოციქულო ეკლესიიდან და წავა უკუნეთსა და გეენას ცეცხლში. ღვთივსულიერ სიტყვათა სწავლების თანახმად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს წილად ხვდათ ეშმაკის ცბიერ და ბოროტ მსახურთ, ბოროტმეტყველ ერეტიკოსებს, რომელბმაც თავმოთნეობისა და სიამაყის გამო დაკარგეს საღვთო დიდება და ტკბობა; ისინი განგდებულ იქმნენ წმინდა კრებულიდან”.

           

მუხლს, საიდანაც ეს ამოვწერე, წმინდანები ასე ამთავრებენ: ,, ჩვენ ვამბობთ ამას, ვეყრდნობით რა წმიდა მამათა და სულიწმინდის გამონათქვამებს, როგორც შეუძვრელ სვეტებს” (სათნოებისმოყვარეობა, ნაწილი 2, კალისტე და ეგნატე მდუმარებისა და ლოცვის შესახებ, თავი მე-15).

           

როგორც კი შეიცნობთ გადარჩენის გზას, ნუ დააყოვნებთ მასზე შედგომას. დადეთ წმინდა აღთქმა, შეკარით კავშირი წმინდა ჭეშმარიტებასთან. სულში დაიმარხეთ - მთელი სიცოცხლე უერთგულოთ ჭეშმარიტებას. მარტო ამ სახიერი განზრახვის წყალობით მოგეშვებათ გულზე, შეიგრძნობთ სიხარულსა და ძალას - ისინი წმინდა ჭეშმარიტების შეწყნარებას დაამოწმებენ. რამეთუ გულსა გრწამს სიმართლედ (რადგან ის სიმართლეა), ხოლო პირითა აღიარებ საცხორებლად (რომ 10,10).

 

            წიგნიდან: სიტყვა ნუგეშინისცემისა

მთარგმნელები: რუსუდან ბუაჩიძე, ნინო ბელთაძე, ლონდა ჯიქია

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge