ავტორიზაცია



Facebook Image






კომენტარები დაგეგმილი მსოფლიო კრების საკითხთა წრესთან და თავად კრების ჩატარებასთან დაკავშირებით
Share

 

მსოფლიო მართმადიდებლობა შეშფოთებით ადევნებს თვალს მართლმადიდებელთა “მსოფლიო კრებისათვის” მზადებას. განგაშის წერილები იწერება მრავალ ადგილობრივ ეკლესიაში (იხ. დანართები1-4), რასაც ჩვენც ვუერთებთ ჩვენს ხმას. თუ რა იწვევს ჩვენს შეშფოთებას, ამის შესახებ მოგახსენებთ ჩვენს წერილში.

 

მსოფლიო კრების მოსამზადებელი კომისიის თავმჯდომარემ, პერგამის მიტროპოლიტმა იოანემ მსოფლიო კრების გამართვის “აუცილებლობის” შემდეგი მიზეზები დაასახელა1):

• კრების მოწვევა მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითობის პრინციპიდან გამომდინარე;

• ღმრთის ხალხის მოთხოვნა;

• არამართლმადიდებელთა მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის გაკიცხვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უუნაროა მოიწვიოს სრულიად მართლმადიდებელთა კრება მსოფლიო კრების სახით;

• რიგი შიდასაეკლესიო საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა.

 

ყველა ამ დასახელებულ მოტივს, სინამდვილეში, არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია. პირველი, მეორე და მესამე აშკარად გამოგონილი და ხელოვნური ხასიათისაა. მეტიც, იმის მტკიცება, რომ მსოფლიო კრებას ღმრთის ხალხი სულმოუთქმელად ელის, აშკარა ტყუილია, რადგან სწორედ ერისა და კლიროსის მიერაა მტკიცედ გაცნობიერებული, რომ კრება განდგომილებისა იქნება. ეს მოსაზრება რომ არც თუ უსაფუძვლოა, დავრწმუნდებით, თუ განვიხილავთ საკითხთა იმ წრეს, რომელიც განხილული იქნება მსოფლიო კრებაზე და რომელთა შესახებ პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის გაგზავნილ წერილში გვაცნობა:

 

1. მართლმადიდებლური დიასპორა. მართლმადიდებლური გაერთიანებების იურისდიქციის განსაზღვრა ეროვნულ საზღვრებს გარეთ. დღეს არსებული კანონებით – გვიხსნის პატრიარქი ბართლომე – თავის სამშობლოს გარეთ მყოფი მორწმუნეები ეკუთვნოდნენ მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციას”;

 

2. საეკლესიო ავტოკეფალიის სტატუსის ცნობის პოცედურა;

 

3. საეკლესიო ავტონომიის სტატუსის ცნობის პოცედურა;

 

4. დიპტიხი. მართლმადიდებლური ეკლესიების კანონიკური ურთიერთცნობის წესები;

 

5. დღესასწაულების საერთო კალენდრის დადგენა;

 

6. წესები და წინააღმდეგობები ქორწინების საიდუმლოს შესრულებისათვის;

 

7. მარხვის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში;

 

8. სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან კავშირის საკითხები;

 

9. ეკუმენისტური მოძრაობა;

 

10. მართლმადიდებლობის წვლილი ქრისტიანული იდეალების – მშვიდობის, ძმობისა და თავისუფლების – განმტკიცების საქმეში.

ის, თუ რა იგულისხმება ამ საკითხებში, უკვე ცნობილი გახდა (მაგალითად, ერთიანი კალენდრისა და ახალი პასქალიის შემოღება, კლირიკოსებისათვის განმეორებითი ქორწინების ნებართვის დადგენა და სხვა).

”მსოფლიო კრების” მოსამზადებელ თათბირებში მონაწილეობა უნდა შეფასდეს ეკლესიის კანონებისა და ეკლესიის სისავსის იგნორირებად. ამის საფუძველს გვაძლევს ეკლესიის წმიდა გადმოცემა, კანონები და ტრადიციები:

 

1. განსახილველი “კრება” არ იქნება მსოფლიო კრება, რადგან მსოფლიო კრების ბუნება და მისი მოწვევის კანონიკური წინაპირობები განსხვავებულია და შეეხება მხოლოდ უმნიშველოვანეს, - დოგმატურ და ეკლესიის მოწყობის საკითხებს. ეს საკითხები უკვე განხილულია წინა მსოფლიო კრებების მიერ, დადგენილია ეკლესიის მოწყობის საკითხი, ჩამოყალიბებულია სარწმუნოების დოგმატური საფუძვლები, ანათემირებულია წვალებანი.

 

2. ყველა მსოფლიო კრება, აღარაფერს ვამბობთ ადგილობრივ კრებებზე2), ყოველთვის უნდა მოქმედებდეს წინამორბედი კრებების მემკვიდრეობითობის ჩარჩოებში (იხ. დანართი1). ეს ძალიან კარგად ჩანს თავად ოროსებიდან. ხალკიდონის კრების ძეგლისწერა ასე იწყება: წმიდათა მამათა მიერ თითოეულსა კრებასა შინა ვიდრე აქამომდე დასსხმულთა კანონთა მტკიცედ პყრობაჲ განვაჩინეთ”. კონსტანტინოპოლის კრების ძეგლისწერის დასაწყისში წერია: შემოკლებული საზღვარნი დავსხენით, სარწმუნოებაჲ ნიკეას შეკრებილ მამათაჲ დავამტკიცეთ და წინააღმდგომნი მისნი წვალებანი შევაჩუენეთ. ამათ გარდა კეთილად წესიერებისათსცა ეკლესიათაჲსა სიტყკანონნი განვსაზღვრენით, რომელნიცა აქა წიგნსა ამას ჩუენსა შეუდგინეთ”. ჩატარებულ მსოფლიო კრებათა დადგენილებების შეცვლა იკრძალება და ისჯება: დაე, ნურავინ იქნება ნებადართული ზემოაღნიჩნულ კანონთა შეცვლა, ანდა გაუქმება”. . . ხოლო თუ ვინმეს ემხილოს, რომ ზემოთქმულ კანონთაგან რომელიმეს შეცვლა, ან გარდაქმნა დააპირა, ასეთი ვალდებულია მის მიერ ხელყოფილი კანონით განსაზღვრული ეპიტემია იტვირთოს”1).

 

3. ხსენებული მემკვიდრეობითობა და დადგენილებათა უცვალებლობა განაპირობებს საეკლესიო კრებაზე სულიწმიდის შემოქმედებითად მყოფობას და კრებას “ღმრთის თანამოქმედად” აქცევს. კრებებზე ადამიანები ამოწმებენ იმას, “რასაც იტყვის სული ეკლესიათა” (გამოცხ. 2,7.), ანუ ღმრთის ნებას. “უნდა გვწამდეს, რომ ყოველივე, რაც წმ. მამებმა დაადგინეს ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებაზე2), წარმომდინარეობს სულიწმიდისაგან, ვითარცა მოციქულებმაც თავიანთ კრებაზე თქვეს: “ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა (საქმე 15:28). მათი მაგალითით შემდგომმა მართლმადიდებელმა კრებებმაც მსგავსი დასკვნით თავიანთი დადგენილებები დაამტკიცეს”3). თუ ეპისკოპოსები, რომლებიც შედაგენენ კრებას, არ თანამოქმედებენ სიმდაბლით ღმერთთან, რათა მათი ბაგეებით აუწყოს წმიდა სულმა, ცვლიან წინა კრებების დადგენილებებს, მაშინ ასეთი კრებები არ აუწყებენ ჭეშმარიტებას, და ეკლესია შემდგომში არ მიიჩნევს მათ ეკლესიის უცოდველ ბაგეებად” და სულიწმიდის საყვირებად” და, მეტიც, ასეთ კრებებს ავაზაკთა” კრებებს უწოდებს. ასეთ კრებებზე არ არის ღმერთისა და კაცის სინერგია და ამიტომ არ არის ჭეშმარიტება. მხოლოდ მაშინ, როდესაც კრების გადაწყვეტილება სათნოა ღმრთისთვის”, სათნო იქმნება კაცთათვის”.

 

4. კრება უნდა იყოს მართლმადიდებლური. ეკლესიიითვის აუცილებელია ის თვალსაზრისი, რომ ეკლესიის მამათა რწმენა კრებების დადგენილებების უმცდარობის შესახებ ვრცელდება არა მარტო უკვე ჩატარებულ კრებებზე, არამედ იმ კრებებზეც, რომელთა ჩატარებაზეც შეიძლება იყოს საუბარი. კრების მართლმადიდებლურობა აუცილებლად უკავშირდება ისიეთ პრინციპულ დებულებებს, როგორიცაა:

• კანონიკური ერგულება ეკლესიის მოწყობისადმი, რომელიც დაფიქსირებულია წმინდა კანონებში;

• უსიტყვო მიდევნება მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებისა, რომლებზეც აგებულია მართლმადიდებელი სარწმუნოების სწავლება;

• უკანასკნელი ასევე გულისხმობს წმიდა გადმოცემებისადმი მკაცრ მიდევნებას.

 

5. მხოლოდ გარეგნული მხარე, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატის მოწვევა კრებაზე იმ რიცხოვნობით, როგორც ეს მსოფლიო კრებებზე ხდებოდა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს კრება თავისი არსით მსოფლიოა და მისი გადაწყვეტილებები სავალდებულო ხასიათისაა. ასეთ კრებაზე თვით ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა დასწრება ჯერ კიდევ არ იძლევა იმის მტკიცებას, რომ შემდგარი კრება მსოფლიოა. მსოფლიოობისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს კრებაზე წარმოდგენილი საკითხები და დადგინდეს მიღებული გადაწყვეტილებების ჭეშმარიტებასთან შესაბამისობის ხარისხი.

თუ გადავხედავთ იმ საკითხებს, რომლებიც განხილულ უნდა იქნენ ზემოთხსენებულ მსოფლიო კრებაზე – ყველა ისინი თავისი არსით ან შეეხებიან სარწმუნოებას (კონფესიათა და რელიგიათა შორის დიალოგი, ერთობლივი ლოცვები), ან ეკლესიის კანონებს (პასქალიისა და კალენდრის, სასულიერო პირების მეორედ ქორწინების, მარხვების შემცირებისა და შესუსტების, დიასპორისა და ა.შ. შესახებ საკითხები). და წინასაკრებო კომისია, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს მსოფლიო კრებებზე მიღებული და დამტკიცებული კანონიკური კანონების გადახედვას. უკვე ამიტომ არ შეგვიძლია ვუწოდოთ მოსალოდნელ მსოფლიო კრებას მართლმადიდებლური. თავისი მიზნებითა და სულით ის უცილობლად იქნება რეფორმატორული სულის მატარებელი. ამიტომ საკრებო ფრაზა ჯერ-უჩს წმიდასა სულსა და ჩუენცა” იქნება მხოლოდ ყალბი საფარველი უკანონო ქმედებებისათვის. უეჭველია, რომ ასეთი კრების გადაწყვეტილებები უარყოფილი იქნება ეკლესიის სისავსის მიერ.

 მოკლედ მოვიყვანოთ ეკლესიის სწავლების, კრებათა კანონების ჩამონათვალი, რომლებიც დაკავშირებულია განსახილველად წარმოდგენილ საკითხებთან და რომელთა ჩვლილებებიც იგეგმება, რაც გამომდინარეობს წინასწარი განხილვებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე.

დიასპორის საკითხს ქვემოთ შევეხებით, ხოლო 2-4 საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სხვა საკითხებს:

 

5. დღესასწაულების საერთო კალენდრის დადგენა.

ეკლესიის სწავლების, 1583 წლის კრების, მსოფლიო პატრიარქ კირილე V-ის 1756წ. მრგვლივ მოსავლელი ეპისტოლს, ასევე მსოფლიო პატრიარქ ანთიმოზ VI-ისა და სხვა აღმოსავლელი პატრიარქების (მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქების) 1848წ. მრგვლივმოსავლელი ეპისტოლეს საფუძველზე ვთვლით, რომ დაუშვებელია პასქალიისა და თთვენის შეცვლა ერეტიკოსების საამებლად.

 

6. წესები და წინააღმდეგობები ქორწინების საიდუმლოს შესრულებისათვის.

ქრისტეს ეკლესია კრძალავს შერეულ ქორწინებებს მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის, რადგან ასეთ კავშირს არა აქვს მთავარი თვისება, – სულიერი ერთობისა ქრისტეში. ამით კი იგი უგულებელყოფს ქორწინების საიდუმლოს, რომელიც საერთო რწმენას გულისხმობს. ამ საკითხისათვის მთავარი სახელმძღვანელო დებულებებია ტრულის კრების 72-ე კანონი, ლაოდიკიის კრების მე-10 კანონი. ქორწინებისა და ჯვრისწერის ჩატარების, განქორწინებისა და ჯვრის აყრის და ქორწინების ჩატარებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების საკითხები დადგენილია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებით და ჩვენ, მართლმადიდებლები, განუხრელად უნდა მივდევდეთ და არ უნდა ვცვლიდეთ მათ.

 

7. მარხვის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში.

ეკლესიის წმიდა გადმოცემა ადასტურებს, რომ მარხვის დაცვა აუცილებელია და რომ ეს არა რის ადამიანის გამოგონება, არამედ დადგენილია საეკლესიო კრებების მიერ სულიწმიდის თანაქმედებით. მარხვას ახალი აღთქმის ეკლესიაში თავად მაცხოვარმა, იესო ქრისტემ დაუდო საფუძველი, იმარხულა რა 40 დღე უდაბნოში, რითაც მოგვცა როგორც მარხვის მაგალითი, ასევე მარხვის საზომი. სახარებაში კი მაცხოვარი მცნებად გვიდებს: ხოლო ნათესავი ესე არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა” (მათე, 17, 21). მარხვის შემსუბუქება, შემცირება ან გაუქმება იქნება ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო ქმედება.

 

8. სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან კავშირის საკითხები.

წმ. მოციქულთა კანონები (10, 45, 64, 65), ლაოდიკიის კრების 33-ე კანონი, მეექვსე მსოფლიო კრების მე-2 კანონი, ასევე წმიდა მამათა სწავლებები მიუღებლად მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლებმა იქონიონ მწვალებლებთან და სქიზმატებთან ლოცვითი, ან სხვა სარწმუნოებრივ კავშირი, ხოლო დამრღვევთათვის აწესებენ სასჯელს, ეკლესიიდან განკვეთის ჩათვლით.

 

9. ეკუმენისტური მოძრაობა;

ეკუმენიზმი დაგმობილია თანამედროვე ეკლესიის მამების (ნიკოლოზ სერბი, იუსტინე პოპოვიჩი, სერაფიმე როუზი, პაისი ათონელი და სხვ.) მიერ, რომლებიც ეკუმენიზმს მწვალებლობათა მწვალებლობას უწოდებენ. ამიტომ ეკუმენიზმის მიმართ ვრცელდება ყველა ის კანონი და სასჯელი, რომელიც წინა პუნქტში მოვიყვანეთ. ამას გარდა, რიგი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისა მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ეკუმენიზმთან (მაგ. რუსეთის, 1948წ). ეკუმენიოსტურ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოსთან (საქართველოს, ბულგარეთის ეკლესიები, ასევე ამერიკაში ანტიოქიის იურისდიქციაში მყოფი საკრებულო) დაკავშირებით. თვით ის ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც ჯერ კიდევ მონაწილეობენ ეკუმენისტურ დიალოგებში, დაუფარავად გმოხატავენ ამ დიალოგების უპერსპექტივობას ჭეშმარიტების დამოწმების თვალსაზრისით.

 

10. მართლმადიდებლობის წვლილი ქრისტიანული იდეალების – მშვიდობის, ძმობისა და თავისუფლების – განმტკიცების საქმეში.

ეს საკითხიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წმიდა წერილს, წმიდა გადმოცემას და ეკლესიის სწავლებას. მართლმადიდებლობას მოაქვს ჭეშმარიტების სინათლე სხვა ხალხებისათვის და არ უნდა ექვემდებარებოდეს ამ სოფლის ადამიანთა მსოფლმხედველობას, არ უნდა მიდიოდეს კომპრომისზე ერეტიკოსებთან. ჩვენ ვემხრობით აზრს, რომ მართლმადიდებელი მოძღვრები უნდა ამხელდნენ თანამედროვე მსოფლიოს ცოდვებს და, სახარებაში ხსენებული “შიშისათჳს ჰურიათაჲსა” (იოანე, 20,19) არ უნდა მიდიოდნენ სინდისთან გარიგებაზე.

 

რაც შეეხება დაისპორის საკითხს, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო განიხილავს როგორც ახალ მოვლენას მართლმადიდებელი ეკლესიისათვის”, ასევე გამოგონილი პრობლემაა. და მისწრაფება, გადაწყვიტოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მსოფლიო საპატრიარქო დაავადებულია კოსმოპოლიტიზმის სულით. შესაძლოა ეს სიტყვები რამდენადმე მკვეთრია, სამაგიეროდ ზუსტად გამოხატავს კონსტანტინოპოლის დღევანდელ საეკლესიო ამბიციებს. დიასპორის საკითხი, მაშინაც კი, თუკი იგი იარსებებდა როგორც პრობლემა, სრულებითაც არ მოითხობს მის განხილვას უმაღლეს საეკლესიო დონეზე. ბევრი საკითხი, თუნდაც კანონიკური რიგისა, სავსებით შეიძლება განიხილებოდეს ეკლესიათა წარმომადგენლებს შორის მიმოწერის დონეზე, რომელთა პოზიციები საგანგებოდ იქნებოდა მომზადებული კანონიკური სამართლისა და სარწმუნოების საკითხთა სპეციალური კომისიის მიერ ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიაში.

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქთა შეფასებით4): მართლმადიდებელ ეკლესიას უნდათ რომ თავს მოახვიონ ის მოდელი, რომელიც არსებობს კათოლიკურ ეკლესიაში – ეს არის მაქსიმალურად ცენტრალიზებული საეკლესიო ძალაუფლების მოდელი, რომლის თავში ერთი ეპისკოპოსია და რომელიც არის მსოლიო ეკლესიის თავი. ამ მოდელით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უნდა მართოს ე.წ. დიასპორის ყველა ეკლესია. ანუ გაერთიანებები, რომლებიც არ იმყოფებიან ისტორიული, კანონიკური, ეროვნული ეკლესიის საზღვრებში, უნდა შევიდნენ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში. მართლმადიდებლურ ტრადიციაში არასდროს არ არსებობდა ასეთი მოდელი. ჩვენ არა გვაქვს უფლება, შევცვალოთ ჩვენი სწავლება ეკლესიის შესახებ”.

 

1961 წლის შემდეგ ჩატარებული მართლმადიდებელთა თათბირების ანალიზი ცხადყოფს მათ სრულიად არამართლმადიდებლუე ხასიათ, რადგან მათზე მიღებული გადაწყვეტილებები არსობრივად მიიღება ეკლესიის სისავსის იგნორირებითა და ღირსეული და სარწმუნოების ხელუხლებლობის მიმართ სიფრთხილის გამოჩენასთან დაკავშირებით” პატივცემული პირების რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე4)

 

ამგვარად, თუ გადავხედავთ განსახილველად შემოთავაზებულ საკითხებსა და შევაფასებთ მათი განხილვის ხერხებსა და პრინციპებს, მივხვდეთ, თუ როგორი საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ჩვენ ჩვენს ეკლესიას, თუკი მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო კრების მომზადებასა და ჩატარებაში. ასეთი კრება აუცილებლად მიგვიყვანს განხეთქილებათან და არა ეკლესიის ერთობისათან. კალინდრის ტრაგიკული, თვითნებური რეფორმის გატარების შედეგად თავისი სამწყსოს დაკარგვის სამწუხარო მაგალითს თავად კონსტანტინოპოლის ეკლესია იძლევა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მისი წინამძღოლების რეფორმატორული განწყობილება, სავსებით გვაძლევს უფლებას უარვყოთ პატრიარქ ბართლომეს თეზისი მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც “მართლმადიდებელი ეკლესიის საკოოპდინაციო ცენტრის” შესახებ. 1923 წლიდან მსოფლიო საპატრიარქო ხდება მართლმადიდებლობის რღვევისა და განადგურების ცენტრი. ამიტომ თავად იდეა სრულიად მართლმადიდებლთა კრების მოწვევის შესახებ წარმოადგენს არა მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობის განმტკიცებისაკენ

 

სწრაფვას, არამედ გვევლინება მთავარ ნაბიჯად მართლმადიდებლი ეკლესიის ნგრევის გეგმის განხორციელების გზაზე. თუ მსოფლიო კრება შედგა, ჭვი არ არის, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ შემოთავაზებული საკითხები განხილულ იქნება სეკლესიო ცხოვრების სეკულარიზაციისა და ლიბერალიზაციის სიბრტყეში, და, შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიის კნონიკური წყობის დანგრევის მიმართულებით.

 

ჩვენი წერილის დასარულებლად თანადროულად მივიჩნიეთ ღირსი იუსტინეს (პოპოვიჩი) სიტყვების შეხსენება: ჩემი სინდისი მაიძულებს ისევ მივმართო ვედრებით სერბეთის მოწამებრივი ეკლესიის წმიდა სინოდს: დაე, სერბეთის ეკლესიამ თავი შეიკავოს ე.წ. სრულიად მართლმადიდებელთა კრების მომზადების საქმეში და თავად მასში მონაწილეობისგან. რადგან, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი კრება ჩატარდება, მისგან მხოლოდ ერთს უნდა მოველოდეთ: განხეთქილებებს, მწვალებლობებსა და მრავალი სულის დაღუპვას. და ეკლესიის ისტორიული სამოციქული-წმიდამამობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი კრება კურნების ნაცვლად ახალ ჭრილობებს გააჩენს ეკლესიის სხეულზე და შექმნის მისთვის ახალ პრობლემებსა და გაჭირვებებს”

 

შენიშინები, მითითებული პუბლიკაციები

1. მე-6 წმ. მსოფლიო კრება, კანონი 2 (იხ. Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, Еп. Далматинско-Истрийского; стр. 435; СПБ, 1911 г)

2. ადგილობრივი საეკლესიო კრების საკითხთა წრისა და მოქმედების ხასიათის შესახებ გამოჩენილი და ავტორიტეტული კანონისტი ეპისკოპოსი მილაში (ნიკოდიმოსი) წერეს: “ადგილობრივი კრებების კანონშემოქმედებითი მოღვაწეობის მიმართ კანონები მიუთითებენ, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ამ კრებათა კანონები არა მხოლოდ არ უნდა არღვევდნენ საეკლესიო მოწყობის მსოფლიო საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტ სულს, სიწმიდეს, ზნეობრივ სისუფთავესა და ეირარქიულ უფლებებს, არამედ ეხებოდნენ მხოლოდ კანონების კერძო მხარეებს. . .…ამიტომ ადგილობრივი კრებების კანონმდებლობას არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია ეხებოდეს შიდა საეკლესიო მოწყობის, დოგმატურ, საღვთისმსახურებო და საზოგადო სულიერ-ზნეობრივ საკითხებს. ადგილობრივმა ეკლესიებმა თავიანთ ადგილობრივ კრებებზე ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ მათ მიერ გამოცემული კანონები გამომდინარეობდნენ უშუალოდ საზოგადო კანონიკური დადგენილებებიდან და არ იყვნენ გამოწვეულნი ვნებებით, უცოდინარობით ან რაიმე გარეგანი არასაეკლესიო გავლენით” (Никодим, епископ Далматинский. Православное церковное право. СПб 1897, с. 454)

3. აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ დამტკიცებული “მართლმადიდებლური აღსარება აღმოსავლეთის საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა (იხ. Православное исповедание кафолической и Апостольской Церкви Восточной; ч. 1, отв. 72; ციტ. Правила Православной Церкви... стр. 20)

4. Πρωτοπρ. Φεώδορος Ζήση/Ομολογία πίστεως. Ηύφρανε τούς Ορθοδόξους και κατήχυνε τούς κακοδόξους./ Ορθόδοξος Τύπος. 7 Aυγούστου, σελ.5η

 

წყარო: http://religia.ge/

 

 

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge