მთავარეპისკოპოსი ამბერკი - რა არის მართმადიდებლობა? |
ჩვენთვის ფრიად ყურადსაღები და საწურთელია, რომ დიდი მარხვის პირველი კვირიაკე წმინდა მართმადიდებლობის დღესასწაულით მთავრდება; და ძალზე სამწუხროა, რომ ჩვენი მოუცლელობის ხანაში ეს დიდებული დღესასწაული ხშირად ისეთი შესაფერი პატივით არ აღესრულება, როგორსაც სამართლიანად იმსახურებს. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ჩვენს დროში ბევრს, მათ შორის მღვდელთმსახურთაც, და თვით უმაღლესი სამღვდელო ხარისხის მქონეთაც კი ნათლად არა აქვთ წარმოდგენილი, თუ რა არის მართმადიდებლობა – რატომაა ის ჩვენთვის ასე უსაზღვროდ ძვირფასი, რატომ უნდა დავაფასოდ და დავიცვათ იგი, როგორც უსაჩინოესი საუნჯე ჩვენი, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი საუნჯე ამა სოფლისა.
ჩვენს დროში ფართოდ გავრცელებული, „მოარული“ აზრია, რომ მართმადიდებლობა მხოლოდდამხოლოდ ერთ–ერთ რიგით მოძღვრებას წარმოადგენს ქრისტიანობის მრავალ სხვა სახეობათაგან, არსებობის სრული უფლების მქონეთა და მეტნაკლებად ტოლფასთაგან.
მაგრამ ამგვარი ფიქრი ან უმეცრებაზე დაფუძნებული უკიდურესი გულუბრყვილობაა, ანდა – სიმართლის ბოროტგანზრახული დამახინჯება.
თუკი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას გადავშლით და თავს–ვიდებთ შრომას – მშვიდად და პირუთვნელად, ყოველგვარი წინასწარგანსჯის გარეშე საფუძვლიანად გავეცნოთ მას, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა მხოლოდდამხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოებაა – უფლისავე სიტყვებით რომ ვთქვათ – ის ჭეშმარიტება, რომლის საწამებლადაც ამქვეყნად მოვიდა ხორცშესხმული მხოლოდშობილი ძე ღვთისა (იოანე, 18, 37).
როგორც ვიცით, ადამიანთა ცხონების უპირველესმა მტერმა – ეშმაკმა ჯერ ბაგაშივე მოინდომა მაცხოვრის მოსპობა, რათა წინააღდგომოდა მას ადამიანთა ცხონების საქმის აღსრულებაში. აქ რომ ხელი მოეცარა, მაშინ მთელი თავისი სიბოროტე თავად მასზე აღაზვავა და აირაღად იუდეველ მღვდელმოძღვართა, მოხუცებულთა ერისათა, მწიგნობართა და ფარისეველთა ამპარტავნება, მზვაობრობა, ხელმწიფებისმოყვარება და პატივმოყვარება გამოიყენა.
როცა ეს მზაკვრული ვერაგობანიც მარცხით დასრულდა და თავად მისი ხელმწიფებაც ქრისტეს აღდგომით დაითრგუნა, მაშინ ბოროტმა ჯერ იუდეველთა და მერმე წარმათთა ხელით ქრისტეს მიმდევართა უსასტიკესი დევნა დაიწყო, რათა ქრისტიანობა პირისაგან მიწისა აღეგავა.
მაგრამ მტრის არც ეს მანქანებანი დაგვირგვინებულა წარმატებით, არამედ პირიქით; ქრისტიანობა გაბატონებულ სარწმუნოებად იქცა იმდროინდელ კულტურულ ბერძნულ–რომაულ სამყაროში.
უკეთური მტერი მაინც არ დაეცა თავსატეხი დამარცხებებისაგან. მაშინ მან ახალი ბრძოლა წამოიწყო მისთვის საძულველი ქრისტიანობის წინააღმდეგ – იმ ღვთაებრივი ჭეშმარიტების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანთა საცხოვნებლად მოიტანა ამსოფლად ხორცშესხმულმა ძემ ღვთისამ. – ბრძოლა, ბევრად უფრო რთული და სახიფათო.
როგორც წინასწარგანჭვრიტა წმინდა მოციქულმა პავლემ (საქმე, 20,30), ამპარტავნებითა და პატივმოყვარებით ეშმაკისაგან მოხიბლულმა ადამიანებმა მისივე დარწმუნებითა და შეგონებით ქრისტეანთა შორის სარწმუნოებრივი დავა წამოიწყეს, და მრავალგვარი უთანხმოებანი და განყოფანი წარმოშვეს ღვთიგანცხადებული ჭეშმარიტების ადგილას საკუთარ წმინდა–ადამიანურ მსჯელობათა და მოსაზრებათა დაყენებით.
ასე აღმოცენდა მწვალებლობანი და განხეთქილებანი, რომლებიც ძირის გამოთხრას უქადოდნენ ქრისტეს მოძღვრების ცხოველმყოფელსა და მაცხოვნებელ ძალას ჭეშმარიტების სანაცვლოდ სიცრუის შეპარებით.
ამ ცრუმოძღვრებათა და განხეთქილებათა სამხილებლად და დასაგმობად იწვევდნენ ღვთაებრივი ჭეშმარიტების ებგურნი, წმინდა მოციქულთა მემკვიდრენი, ეკლესიის წმინდა მამანი – მღვდელმთავარნი ადგილობრივსა და მსოფლიო კრებებს, რათა მსოფლიო „კრებითი“ გონით ერთხელ და სამუდამოდ ნათელეყოთ და განესაზღვრათ ყველა ქრისტეანისათვის აუცილებელი და უცვალებელი სწავლება ეკლესიისა, და დაედგინათ, როგორ სწამდათ ყოველთაგან, რა სწამდათ ყოველთვის, რა სწამდა ყოველს. (წმ. ბიკენტი ლირინელი).
და მაშინ ეწოდა ჭეშმარიტ ქრისტეანულ სარწმუნოებას – მართალ აღმსარებლობას, – მართმადიდებლობა, სხვა „ქრისტეანულ“ სახელდობრ მწვალებლობათა და სექტათაგან განსხვავებით.
და ესრეთ, აი, რა არის მართმადიდებლობა!
მართმადიდებლობა უზადო და შეურყვნელი ჭეშმარიტებაა ქრისტე–მაცხოვრის მიერ ადამიანთა საცხოვნებლად ამსოფლად მოტანილი: ესაა – სრულ სიწმინდესა და უვნებლობაში დამარხული ნამდვილი მოძღვრება ქრისტესი რწმენასა და კეთილმსახურებაზე (სარწმუნოებრივ ცხოვრებაზე); გარდამოცემული საღვთო წერილში წმინდა მოციქულთაგან; დაწვრილებით ახსნილი და გამოთარგმანებული მოციქულთა სჯულიერ მემკვიდრეთა – მოციქულთა მოწაფეთა, წმინდა მამათა და ეკლესიის მასწავლებელთაგან აღმოსავლეთის კათოლიკე – მართმადიდებელი ეკლესიის საღვთო გადმოცემაში; ეკლესიისა, დღესაც ერთადერთი იგი რომ იწოდება სამართლიანად ეკლესიად მართლმადიდებლად როგორც ამ სწავლების უცვლელად დამცველი.
საუბედუროდ, დღეს იმდენად განქარდა სარწმუნოებრივი ამაღლებული ჭეშმარიტებებისადმი ცხოველი ინტერესი, მათი სწორი გაგება და განსაკუთრებით კი მათი ცხოვრებისადმი მისადაგება, რომელიც „კეთილმსახურებად“ იწოდება ჩვეულებრივ, რომ ბევრს მართლაც ჰგონია, რომ მართმადიდებლობასა და სხვა აღმსარებლობებს შორის სხვაობა მხოლოდ წეს–ჩვეულებებშია, და რადგანაც „წეს–ჩვეულებანი მეორეხარისხოვანი საქმეა, ღმერთი კი ერთია“, მაშ სულერთი არაა, რომელ სარწმუნოებას ეკუთვნი, საკმარისია „გწამდეს ღმერთი და იყო კარგი ადამიანი“.
ასეთია მოდური „მოარული“ აზრი.
მაგრამ ასეა კი ეს?
ერთია ღმერთი, ერთია ქრისტე, სარწმუნოება კი რატომღაც არაა ერთი: განსხვავებული სარწმუნოებანი ბევრია.
თუკი ერთია ღმერთი, შესაძლებელია კი, რომ ყველა ეს სხვადასხვა აღმსარებლობანი ერთგვარად – ჭეშმარიტნი და მაშასადამე ერთგვარად – მაცხოვნებელნი იყვნენ?
მართლაც, თუკი ერთია ღმერთი და ერთია ქრისტე, მაშინ ნუთუ ეს არ ავალდებულებს ყოველ წრფელადმორწმუნე ქრისტიანს, რომ ყოველივე, რაც მათ სარწმუნოებასა და კეთილმსახურებას ეხება, ჰქონდეთ ერთი: ერთგვარი და არა სხვადასხვა?
სწორედ ეს ჭეშმარიტება დაადგინა ღვთიურმა სიტყვამ, რომელიც ამბობს: „ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაჲ, ერთ ნათლის–ღებაჲ, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთა“
ნუთუ უფალმა მრავალი სხვადასხვა ეკლესიანი განაჩინა?
ნუთუ ნათლად და გარკვევით არ ბრძანა: „აღვაშენო ეკლესია ჩემი” – სწორედ ერთი და არა მრავალი სხვადასხვა ეკლესია! – „და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათ. 16,18).
ნუთუ შეგვიძლია მაცხოვრის სიტყვები ცრუდ და განუხორციელებლად მივიჩნიოთ და მკრეხელურად განვაცხადოთ, რომ „ბჭეთა ჯოჯოხეთისათა“ მაინც „სძლეს ეკლესიას“ და მრავალ სხვა ეკლესიებად დააქუცმაცეს?
ნუ იყოფინ!
ნუ მივცემთ თავს ნებას ძე ღვთისას ასე საშინელი გმობისას!
მხოლოდ ერთი – ერთადერთი ეკლესია დააფუძნა კაცთა საცხოვნებლად მხოლოდშობილმა ხორცშესხმულმა ძემ ღვთისა: მხოლოდ ერთადერთია ეკლესია, თავად უფლით დადგინებული და არა ჩვეულებრივ ცოდვილ კაცთა მიერ შექმნილი, არსებობდა მარად, არსებობს ახლაც და უცვალებლად იარსებებს სოფლის აღსასრულამდე.
რა შეიძლება აქ გაუგებარი იყოს?
ამის მტკიცედ რწმუნებაა მხოლოდ საჭირო, და არა ბოროტად ბრძნობა.
სწორედ ამ „ბოროტადბძნობამ“ წარმოშვა ამქვეყნად ესოდენ მრავალი ცრუ–ეკლესიები და „დომინაციები“ ჭეშმარიტების არმქონენი ასე სასტიკი თვითდაჯერებით რომ აცხადებენ პრეტენზიას მის მფლობელობაზე და მეტწილად ცხადი სიცრუის მქადაგებელნი ყოველგვარ ტყუილს რომ იგონებენ ადამიანის გარყვნილი გულის საამებლად.
ჭეშმარიტი ეკლესია ჭეშმარიტებაა მთლიანად და მას სიცრუისა და შეცდომების ერთიბეწო აჩრდილიც არ უნდა ეკარებოდეს. შესაძლოა ცდებოდნენ მხოლოდ საკუთარ გონებაზე დაყრდნობილნი ეკლესიის ცალკეული წევრები, და თვით უმაღლესი მღვდელმთავარნიც კი, მაგრამ მთლიანად ეკლესია – არასოდეს.
ერთი, მხოლოდდამხოლოდ ერთი – ჭეშმარიტი ეკლესიაა უცოდველი.
რადგან მასშია დადგრომილი სოფლის აღსასრულამდე თავი მისი – თავადი უფალი იესო ქრისტე (მათე, 28,20) და მადლს მიჰფენს მას და წინაუძღვის სულიწმინდა (იოანე, 14; 16-17).
ეს მტკიცება ფუჭისიტყვაობა არაა, რადგან ღვთიური სიტყვის ნათელ მოძღვრებაზეა დაფუძნებული: „ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ“ (I ტიმ. 3, 15) – ასე ამბობს წმინდა პავლე, დიდი მოციქული წარმათთა.
ტყუილსა და შეცდომილებაში ჩავარდნილი კაცი ღვთის უხილავი მსჯავრით მაშინვე განიკვეთება ეკლესიის სხეულისაგან, განეშორება მას და ამგვარად ცხონების გზასაც კარგავს, და ეკლესიასთან ხელახლა შეერთება მხოლოდ გულწრფელი მონანიებით ძალუძს.
ამიტომაც ვერ ეთვისება ეკლესიას ვერანაირი სიცრუე, ვერ ისადგურებს მასში ვერანაირი ტყუილი.
ამიტომაც ვერ იქნება მასში ვერც აზრთა სხვაობა, ვერც უთანხმოება, ვერც განყოფილება.
ამის შესახებ ნათლად ამბობს პავლე მოციქული, როცა პირველ ქრისტიანებს არიგებს: „გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი–იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან. რამეთუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი (ე.ი ალერსობითა და მჭერმეტყველებით ხიბლავენ უმანკოთა გულებს) (რომ. 16, 17- 18)“
„მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ–სულ და ერთ–ზრახვა იყვენით ( ე.ი ერთი აზრი გქონდეთ, იგივე სიყვარული და ერთსულნი და ერთაზროვანნი იყავით); ნურარაჲთ ჴდომით გინა ზუაობით, (ნურაფერს იქმთ პაექრობითა და მზვაობრობით), არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრახცდით თჳთოეული თავისა თჳსისასა“ (ფილმ. 2,2-3).
როგორღა გამოიყურება ახლა ასრერიგად მოდური „ეკუმენისტური“ მოძრაობა ღვთიური სიტყვის ესოდენ ცხადი და კატეგორიული მოძღვრების შუქზე?
განა სრული სიცრუე არაა იგი, ჭეშმარიტი ეკლესიისთვის არაბუნებრივი და შეუწყნარებელი?
ღვთიური სიტყვა სრულ ერთაზრობასა და ერთსულოვნებას მოითხოვს ქრისტიანეთაგან, და ასევე ცხადად და კატეგორიულად გაუწყებს, თუ როგორ უნდა მოეკიდონ ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუმოძღვარ–მწვალებელთ, ეკლესიის სწორი სწავლების განმრყვნელთ: „რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურება არა მოაქუნდეს (ე.ი მოციქულთა მიერ ქადაგებული მოძღვრება), ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას“ (ე.ი ნუ მიესალმებით – 2, იოანე, 10). „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე“ (პირველი და მეორე შეგონების მერმე გასცილდი – ტიტ.3. 10).
იქცევიან კი ამრიგად თანამედროვე „ქრისტეანები“ – თუ მათ ღვთიური სიტყვის მოთხოვნის „ერცხვინებათ“, როგორც „მოძველებულისა“, „დრომოჭმულისა“ და „არასაკმაოდ პროგრესულისა“ ?
აი, რატომ ეცრუვებიან ჭეშმარიტებას ყველა ეს „ეკუმენისტები“ და თანამედროვე „გამაერთიანებლები”, შეუერთებელის შეერთებას რომ ცდოლობენ: სიმართლისა უსჯულოებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ბელიართან, მორწმუნისა ურწმუნოსთან (2, კორ. 6, 14-15).
ამის შემდეგ რაღა გვეთქმის იმ მღვდელმთავრებზე, თანამედროვე ადგილობრივ მართმადიდებელ ეკლესიათა მამამთავრებსა და სულიერ მოძღვრებზე, „ეკუმენურ“ მოძრაობაში რომ ჩაებნენ და „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ სრულუფლებიანი წევრები და აქტიური მოღვაწენი გახდნენ?
თუღა აქვთ უფლება თავს მართმადიდებლები უწოდონ?
უკვე აღარაფერს ვამბობ მართმადიდებელი ეკლესიის მთელ რიგ სჯულის კანონებზე, რომლებიც მწვალებლებთან ლოცვას კრძალავენ. ამგვარი ქმედებისათვის ხომ ეკლესიიდან განკვეთაა დადგენილი, ხოლო ეპისკოპოსთა და სასულიერო პირთათვის სამღდელო ხარისხის აყრა (იხ. მოც. კან. 45, 56, 65; ლაოდიკ.კან. 32, 33, 37). ახლა ბევრს მიაჩნია, რომ კანონები უკვე „ჩამორჩნენ“ შორს „წინწასულ“ ცხოვრებას, და ისინი ან უნდა გავაუქმოთ, ანდა ისე გადავაკეთოთ, რომ მოიხსნას ყველანაირი შევიწროვებები და თავისი სიამოვნებისამებრ ყველამ ისე იმოქმედოს, როგორც სწორად მიიჩნევს.
თუკი იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ ეკლესიათა ბევრი მამამთავარი, უმაღლესი იერარქიის და სამღვდელოების წარმომდგენელნი, უბრალო ერისკაცებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დღეს ანტიქრისტიანულ ორგანიზაციებშიც კი შედიან ანდა ხმამაღლა აღიარებენ ათეისტურ ღვთისმგმობ ხელისუფლებას „ღვთივ მონიჭებულ ხელმწიფებად“, რომელსაც „შიშით კი არა, სინდისით“ უნდა დაემორჩილო, და ქრისტეს მტერთა სრულ მსახურებაში მყოფნი მათ მორჩილ იარაღად გარდაიქცევიან, უკვე ძლიერი შიში მოგვიცავს!
რას მოვესწარით?!
შეიძლება კი ყველაფერ ამაზე თვალი დავხუჭოთ და უზრუნველად ვუნანავოთ თავსაც და სხვებსაც, და ვარწმუნოთ რომ თითქოსდა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და რომ თითქოსდა ასე „იყო ყოველთვის“?
რაღაც–რაღაც შეიძლება მართლაცდა იყო, მაგრამ არა ასე, არა ამგვარი უზარმაზარი, შეიძლება ითქვას, ყოვლისმომცველი მასშტაბებით, თითქოს რომ აღარ რჩება ჯანსაღი ადგილი და პატიოსანმა წრფელმა ქრისტეანმა აღარც კი იცის, საით და ვისთან წავიდეს, ვის დაენდოს.
ბნელმა სატანურმა ძალებმა ხანგრძლივი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგაც რომ ვერ შესძლეს ეკლესიის განადგურება, ჩვენს დროში მთელი ძალისხმევით გამძვინვარებული იერიში მიიტანეს ეკლესიაზე. შიგნიდან ცდილობენ მის აღებას და თავისი მიზნებისათვის გამოყენებას ეკლესიის დამყოლ მსახურთა თანადგომით. ამას რწმენისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის დაკნინებაც უწყობს ხელს, რეკლამასა და ამაო დიდებას გამოდევნებულნი და მატერიალური სარგებლის მაძიებელნი კი ხომ სატანურ გეგმათა პირდაპირი შემწენი ხდებიან.
და აი, საბოოლოოდ ჩვენს თვალწინაა დარდისმომგვრელი სურათი: მარილი განქარდება.
ჩვენს დროში ბევრს ავიწყდება, რომ ეკლესია არის ეკლესია: არა რაიმე მიწიერი, ადამიანური დაწესებულება, არამედ ღვთაებრივი სახლი, რომლის უმაღლესი დანიშნულება სულის ცხონებაა. ვიწყდებათ, რომ ეკლესიაში „პოლიტიკასა“ და „დიპლომატიას“ არაფერი ესაქმება და დაუშვებელია მკრეხელობა სინდისის ხმის ჩახშობით მიწიერი მიზნების განსახორციელებლად, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, თუნდაც შენიღბულნი ცრუ, ყალბი ლოზუნგებით, „მსოფლიო მშვიდობის“, „საყოველთაო კეთილდღეობის“ და თვით „ქრისტეანული სიყვარულისა“ და „სიმდაბლისაც“ კი, დღეს ასე რომ შემოვიდა მოდაში.
ყველა ამ თანამედროვე სიყალბეს, აყალმაყალს და რაღაც „უმაღლესი პოლიტიკითა“ და „ფარული დიპლომატიით“ გატაცებას გაძლიერებულად ესწრაფვიან დღეს არა მხოლოდ მორწმუნენი, არამედ უმაღლესი მღვდელთმსახურნიც; და ყველაფერი ეს სხვა არაფერია, თუ არა მომავალი მსოფლიო ბატონობის გზის განმზადება ანტიქრისტესათვის, რომელიც ერთიან (მსოფლიოს ყველა რელიგიებით გაერთიანებულ ცრუ ეკლესიასა და ერთიან მსოფლიო (ყველა ეროვნებისგან შემდგარ)) სახელმწიფოს უნდა ჩაუდგეს სათავეში.
ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ დღევანდელ დღეს ოდენ „მართმადიდებლის“ სახელი აღარაა საკმარისი და სრულად გამომხატველი მისი შინაარსისა; და ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენს წამებულ ქვეყანაში ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე უკვე „ჭეშმარიტ მართმადიდებელს“ უწოდებს თავს...
მხედველობაში თუ მივიღებთ, რა ემართება ახლა „მართლმადიდებელ ქრისტიანებს“ ე.წ. „თავისუფალ სამყაროში“, სადაც „ეკუმენიზმი“ ბატონობს, და სადაც თითქმის ყველანი „მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს“ შემადგენლობაში გაერთიანდნენ, მაშინ არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, რომ ჩვენთვისაც უპრიანია ასეთი უფრო ზუსტი დასახელება – „ჭეშმარიტი მართმადიდებლობა“ – განსხვავებით იმ „მართლმადიდებლებად“ წოდებულთაგან, რომლებმაც სინამდვილეში უკვე დაუტევეს იგი და მხოლოდ გარეგნულ იერსახესღა ინარჩუნებენ.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ: ჭეშმარიტ ქრისტეს ეკლესიას არანაირი სიცრუის, ქადაგება და მტკიცება არ ძალუძს, არ ძალუძს მეგობრობა და თანამშრომლობა დაამყაროს ქრისტეს მტრებთან!
და ამიტომაც ის ეპისკოპოსნი, სამღვდელო დასი და ერისკაცნი, რომელნიც ამ სიცრუეში იღებენ მონაწილეობას, – ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მტერთან მეგობრობენ და თანამშრომლობენ – ოდენ სახელითღა არიან „მართმადიდებელნი“.
და ისევ და ისევ უნებლიედ გვაგონდება ჩვენი წმინდა მღვდელმთავრის თეოფანე დაყუდებულის ნამდვილად წინასწარმეტყველური სიტყვები ბოლო დროის შესახებ:
„თუმცა საყოველთაოდ გაისმება ქრისტიანობის სახელი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით ტაძრებს და ვნახავთ საეკლესიო მსახურებს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მირაჟია, შინაგანად კი განდგომა უტყუარი“
რაღაც ამგვარს ხომ არ ვხედავთ უკვე?
მართმადიდებლობა ხომ რაღაც განყენებული რამ არაა. მართმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება კი არა, სარწმუნოებრივი ცხოვრებაა – ცხოვრება შეთანხმებული სარწმუნოებასთან, კეთილმსახურებად რომ იწოდება ჩვეულებრივ.
და აი; ძალზე დამახასიათებელი ფაქტია, რომ ყველა ეს მოდერნისტ-ეკუმენისტები, თავს ჯერ კიდევ რომ „მართლმადიდებლებად“ მიიჩნევენ, რაღაც თვითკმაყოფილი ქარაფშუტობით უარყოფენ წმინდა ეკლესიის სამოღვაწეო დაწესებებს, ასე სრულად და ნათლად რომ გამოხატავენ მართლმადიდებელი კეთილმსახურების სულს, როგორიცაა მაგალითად – მარხვის ღვაწლი, მარხვა სულიერი და ხორციელი.
ჩვენთვის, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ერთგულთათვის არ შეიძლება განსაკუთრებით ყურადსაღები და საწურთელი არ იყოს ის, რომ მართლმადიდებლობის დღესასწაული თითქოსდა აგვირგვინებს პირველ, მძიმე, კვირიაკეს დიდი მარხვისას.
მოდით, ვისწრაფოთ სამოღვაწეოდ, ამ ღვაწლში ხომ ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების არსი გამოიხატება, ღვაწლი ქრისტეს მიბაძვისა ჯვრისტვირთვასა და თვითჯვარცმაში (იხ.I პერტ., 2, 21; I კორ. 9, 25-27, გალ. 5, 24) - მოღვაწეობრივ სარწმუნოებაში. ვიღვაწოთ სჯულიერად, როგორც გვასწავლის ღვთის სიტყვა, ყოველივე ვიტვირთოთ ჭეშმარიტებისათვის, განუშორებლად მისგან და ნუ მივბაძავთ მათ, ვინც სულმოკლეობითა და ანგარებით დაუტევა იგი.
მყარად დავიხსომოთ: სადაც არაა ღვაწლი, სადაც არაა დადგომა ჭეშმარიტებაზე, იქ არაა მართლმადიდებლობა – ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა და ქრისტესი. ამინ.
თარგმნა რუსუდან კობახიძემ
|
E-mail: info@qadageba.ge