პეტროს მკაწრველისათვის, ალაჯორის მარხვისა და სუბსარქისისათვის |
კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტი პეტროს მკაწრველი, რომელიც V ს. II ნახევარში ანტიოქიის პატრიარქი გახდა, მაგრამ ამ მონოფიზიტობისათვის გააძევეს ამ კათედრიდან, სომხეთში გადავიდა, სადაც ამავე მწვალებლობას დაუდო სათავე, რომელიც „ხაჩეცარის“ სახელით გავრცელდა სომხეთში და მას კერძო – სომხური მრავალი წვალება დაემატა. მათ შორის არის ალაჯორის, ანუ სუბსარქისის მარხვა, რომლის შესახებაც გადმოგვცემს „საქართველოს სამოთხე“ (გვ. 629-633) და რომელსაც სომეხი მონოფიზიტები მართლმადიდებლური „მეზვერისა და ფარისევლის“ კვირაში ინახავენ
სომხეთის ქვეყანაში პეტროს მკაწრველი მონოფიზიტურ მწვალებლობას ქადაგებდა; ყოვლითურთ გმობდა ღმერთს და სჯულს – წმიდათა და დიდთა კრებათა და ღმერთშემოსილთა მამათაგან დამტკიცებულთა. პეტროს მკაწრველი ყოველგვარ საცდურს იქმოდა ეშმაკის მიერ და წვალებაში განსწავლიდა სომეხ ერს. პეტროსს ჰყავდა გაწვრთნილი ძაღლი ალაჯა, რომელიც გრძნებით რათმე ჰყავდა განსწავლილი და ეშმაკის თანადგომით ყოველგვარ საოცრებას იქმოდა. ერთხელ სამისნოდ წარგზავნილი ეს ძაღლი ერთმა ხუცესმა და მისმა მოწაფეებმა მოკლეს, ხევში ჩააგდეს და ქვა მიაყარეს. პეტროსმა ახლო-მახლო სოფლებში მძებნელი დააგზავნა და, რომ ვერსად იპოვა გრძნებით აღკაზმული თავისი ძაღლი, იმ მხარის მოსახლეობას განუწესა, ემარხათ და ელოცათ, რათა „ღმერთს მისთვის გამოეცხადებინა“, რა შეემთხვა მის ძაღლ ალაჯას. მაშინ ორშაბათიდან შაბათამდე იმარხა ყოველმა იქაურმა მკვიდრმა და პეტროსს ეშმაკის მანქანებით ეჩვენა ალაჯა ძაღლი, რომელიც მას უხმობდა: „ხევს შინა ვარ მე მკვდარიო“. პეტროსმა ხალხს აუწყა, რომ ეს „დიდი სასწაული“ იყო და რომ ამიერიდან სრულიად სასომხეთში ყოველი წლის იმდროისათვის მარხვა განაწესა. ეს მარხვა არის პეტროს მკაწრველის (მისნის) მიერ დადებული სჯული, რომელიც მოციქულთა მიერ არის შეჩვენებული და წმიდა მსოფლიო კრებათა მიერ განგდებული და „შემცა იჩვენების ყოველი მმარხველი ალაჯისათვის და სუბსარქისისათვის” („აწინდელ სომეხთა სუბსარქისის მარხვა, ალაჯა ძაღლის მარხვა არის“ – მიქაელ საბინინი – გვ. 631; „სუბსარქისის კვირა, რომელიც ფარისევლისა და მეზვერის კვირას ემთხვევა, მკვდარი ძაღლის სახელზე მარხვაა” – „პიდალიონი“; ალაჯორის მარხვა სომხებმა დვინის საეკლესიო კრებაზე დააკანონეს –მ.ნ.)
მოგვიანებით, პეტროს მწვალებლის მიერ აგებულ გაიდას ტაძარში გადმოასვენეს სომეხი ბერის სუბალ სარქისის ძის ცხედარი, რომელიც მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა და არაბებმა აწამეს. იგი მონოფიზიტებმა წმიდანად გამოაცხადეს და ალაჯორის მარხვას მისი სახელი უწოდეს. მას შემდეგ სომხები სუბალ სარქისისათვის ლოცულობდნენ და ალაჯორის მარხვას ინახავდნენ. ხოლო პეტროს მკაწრველის ყოვლადმწვალებლობა და მის მიერ სომხეთის ქვეყნის რჯულგადახდომა მთელ მართლმადიდებელ სამყაროს განივრცო. იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის პატრიარქებმა და რომის პაპამა შეაჩვენეს პეტროსი და ყოველი, ვინც ალაჯორის მარხვას ინახავდა, ვინც სუფსარქისისათვის ლოცულობდა და მონოფიზიტურ სჯულს მისდევდა, ან ვინც ისმენდა მათ სწავლას და არ შეაჩვენებდა მათ სჯულს – ანათემირებულყვეს და წართქვეს: „კრულ იყავნ საუკუნოდ, რამეთუ მან, ღმრთივმოძაგებულმა პეტროსმა სამწმიდა არსობის დიდებისმეტყველებას დაურთო „წმიდაო უკვდაო, რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი, შეგვიწყალენ ჩვენ“ და „საშუალ ჯუარისა სამსჭუალისა განწონა“ (ჩაარჭო – მ.ნ.) და მანვე, პეტროსმან დააკანონა მონათვლა ჯვრისა. განა ვინ უნდა იყოს ესოდენ გონებამახვილი, რომ ზეციურ ძალთაგან მოცემული დიდებისმეტყველება წმიდა სამებისა დაუტეოს და უსჯულო პეტროსის სწავლას შეუდგეს?! იმ პეტროსის – რომელიც წვერს ოქროსფრად იღებავდა, რომელიც წმიდა მამათაგან შეიჩვენა და განიკვეთა ანტიოქიის საყდრიდან და მანვე წყეულმან არა თქვა წირვასა შინა „უმეტესად ყოვლადწმიდისა“ და არ აღიარა ღვთისმშობლად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი, და დაგმო, როგორც ეს მან ბილწი ნესტორისაგან ისწავლა.
ხოლო ეს ღვთისმგმობელი პეტროსი შემაღლებულ რამ საყდარზე იჯდა ბრჭყვიალა სამოსლით და გრძელ სამკლავეს (სახელოს) მაჰმადიანთა წესისამებრ მიუგდებდა ხოლმე თაყვანისცემად მისულებს და, ისინიც, როგორც ხალიფას, ემთხვეოდნენ მასზედ. მისი ამპარტავნება საქართველოსაც მოწვდა და შემოუთვალა ქართლის ეპისკოპოსს, ნეტარ მიქაელს, რათა მისი მწვალებლობის აღმსარებელი გამხდარიყო და ზიარებოდა მის სჯულს, ხოლო ურჩობისათვის – საყდრიდან გადააყენებდა. ეს ყოველივე მიწერა ეპისკოპოსს ქართლისას და იხმო თავისთან.
ხოლო მიქაელ ეპისკოპოსი შეჭურვა სულმა წმიდამ, როგორც დავითი გოლიათის წინააღმდეგ, და მცხეთიდან გავიდა ეპისკოპოსთა, მღვდელთა და მორწმუნე ერის თანხლებით. გზად ნეტარ მიქაელს ეუწყა ანგელოზთაგან ჩვენებით, რომ მათზე ძალადობას აპირებდნენდა რომ საზღვართან, სადაც პეტროსი ელოდათ, ხევში, მახვილით აღჭურვილი მტერი იდგა. ამისთვის მიქაელ ეპისკოპოსმა ყოველითურთ განამზადა მხლებელნი. და როდესაც წარსდგა ღვთისსათნო მწყემსი პეტროს მკაწრველის წინაშე, ამ უკანასკნელმა ჩვეულებრისამებრ „შთაუგდო სახელო შესამოსელისა მის, რათა ემთხვიოს იგიც ჩვეულებისამებრ მისისა“, ხოლო ღმრთივგანბრძნობილმა მიქაელმა „უპყრა მის სახელოს და შთამოზიდნა ძლიერად და შთამოითრია მიწაზე და დაანარცხა“. მაშინ მისმა მხლებელმა ერმა ქვა დაკრა და „მოკლეს მგელი იგი”. პეტროსის ყოველ მიმდევარს შიშის ზარი დაეცა და ვერც ხელის განძრევა და ვერც ბრალობის სიტყვა ვერავინ შეძლო, არამედ უკვირდათ, თუ როგორ მოკვდა ასე უბრალოდ და სამარცხვინოდ მათი ესე „დიდი მთავარი სჯულისა“ და წინამძღვარი ერისა.
პეტროს მწვალებლის სჯულის მიმდევარმა მისმა ერთგულმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, იმ ღამით შეკრებილიყვნენ და ლოცვით ღამე ეთიათ „ამ წმიდა გვამის“ წინაშე და იმედოვნებდნენ, რომ იხილავდნენ რასაც ღმერთი გამოუცხადებდა. ჰყვეს ეგრეთ და, როცა შუაღამე ჩამოდგა, „იხილეს მგლების სახით შეკრებილი ეშმაკები, რომლებიც მის გვამს დაჰყვიროდნენ“. ხოლო ყველა იქ მყოფმა მწვალებელმა შერაცხა, რომ ესე ანგელოსნი არიან, რომელნი უგალობენ მას (პეტროსს) და მას შემდეგ „ავაჯას“ „მომაღლო და გრძელი ხმით“ (მ. საბინინი) და თავადაც ამგვარად იწყეს შესრულება ჟამნ-გალობისა.
(მ. საბინინი, „საქართველოს სამოთხე“). [28].
|
E-mail: info@qadageba.ge