ავტორიზაცია



Facebook Image






წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) - ლუთერანიზმი
Share

 

კითხვა: რა არის ლუთერანიზმი?

 

პასუხი: ლუთერანიზმი არის ლუთერისა და მისი მიმდევრების სწავლება ქრისტიანულ აღმსარებლობაზე.

 

კ. როდიდან დაიწყო ლუთერანიზმი?

 

პ. ლუთერმა თავის შეხედულებების გამოცხადება დაიწყო ქრისტეშობიდან 1517 წელს.

 

კ. საჭირო იყო ლუთერანიზმის დამკვიდრება ადამიანთა საცხოვნებლად?

 

პ. თავად მისი დამკვიდრების დრო გვიჩვენებს, რომ არ იყო სწორი. თუ ქრისტეს სწავლება 15 ასწლეულის განმავლობაში კმაროდა ადამიანთა საცხონებლად, ლუთერანიზმი რაღა აუცილებელი იყო?! და თუ ლუთერანიზმს საჭირო სწავლებად მივიჩნევთ, მაშინ იძულებულნი ვიქნებით, ვაღიაროთ, რომ თავდაპირველი სწავლება ქრისტეს ეკლესიისა არასაკმარისი ყოფილა საცხონებლად, რაც სრული აბდაუბდა და ღვთის გმობაა.

 

კითხვა: მაგრამ თავად რომის ეკლესია, რომელსაც ლუთერი ეკუთვნოდა, ცდომილებაშია... რა დააშავა ლუთერმა, თუ რომის ცდომილებანი უარყო?

 

პასუხი: ეს მართალია - რომის ეკლესიაში მრავალმა ცდომილებამ შეაღწია. ლუთერი კარგად მოიქცეოდა, რომ უარეყო ლათინთა შეცდომები და ისინი ქრისტეს წმინდა ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლებით ჩაენაცვლებინა. მაგრამ მან რომის ზოგი ცდომილება თავისით შეცვალა, ზოგის, ფრიად მნიშვნელოვანის მიმდევრად დარჩა და ზოგი გააღრმავა კიდეც.

 

კ. მაგალითად, რას მიჰყვა და რა გააღრმავა?

 

პ. კონსტანტინოპოლის პატრიარქ იერემიას გამოთქმით, მიჰყვა სწავლებას წმინდა სამების შერწყმის შესახებ, სარწმუნოების სიმბოლოში დატოვა რომის მიერ IX  საუკუნეში შეწყნარებული სწავლება ლათინებისა სულიწმინდის გამომავლობის შესახებ მამისაგან და ძისაგან. მაშინ, როდესაც ეს ცრუსწავლება იქცა მიზეზად დასავლეთის მოკვეთისა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიიდან, რომელიც მთელი სიწმინდით შემოინახა და დაიცვა აღმოსავლეთმა. ლუთერი  აგრეთვე მიჰყვა ლათინთა ცდომილებას წმინდა ნათლისღების შესახებ, რომელიც დასავლეთში, თავად ლათინთა აღიარებით, XII  საუკუნემდე აღესრულებოდა სამჯერადი შთაფლვით და არა დასხმით. მათეს სახარებაში (28,19), სადაც უფალი უბრძანებს მოწაფეებს, განსწავლონ ყოველი ერი და ნათელსცენ მათ, გამოყენებულია სიტყვა, რაც რუსულად შთაფლვას ნიშნავს. ეს სიტყვა გვხვდება ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის სხვა ადგილებშიც, სადაც საუბარია ნათლობაზე.

ლუთერმა გააღრმავა ლათინთა ცდომილებანი, რაც ეხებოდა საღვთო ევქარისტიის საიდუმლოს. ლათინებმა  XII საუკუნეში შეცვალეს თავიანთი თავდაპირველი ლიტურგია, საიდანაც ამოიღეს სულიწმინდის მოხმობა და ღვინის და პურის ხორცად და სისხლად გადაქცევის ლოცვა. ლუთერმა კი მთლიანად ლიტურგია უარყო და განაცხადა : „პური მაზიარებლის პირში გარდაიქმნება რწმენის ძალით“

ლუთერმა ლათინთა ცდომილებანი საკუთარით შეცვალა: იგი გაანჩხლებით ებრძოდა პაპის უკანონო ძალაუფლებას, მაგრამ უარყო კანონიკურიც: თავად ეპისკოპოსის ხარისხი, ქიროტონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთიც და მეორეც, უეჭველია, უფლის ანდერძისამებრ დაადგინეს თვით მოციქულებმა.

მან უარყო ინდულგენციები, მაგრამ ასევე უარყო აღსარების საიდუმლო, თუმცა მთელი წმინდა წერილი ადასტურებს, რომ ცოდვების მიტევება შეუძლებელია მათი აღიარების გარეშე.

ლუთერმა საერთოდ უარყო კეთილ საქმეთა ქმნა და ირწმუნებოდა, რომ გადარჩენისთვის საკმარისია მხოლოდ სარწმუნოება, თუნდაც იგი საქმით არ დასტურდებოდეს. ამით ლუთერმა საერთოდ უგულებელყო იაკობ მოციქულის კათოლიკე ეპისტოლეც, სადაც განსაკუთრებული სიცხადით არის გადმოცემული, რომ გადარჩენისთვის აუცილებელია საქმით დამოწმებული რწმენა.

ლუთერი თავის ერთ-ერთ წერილში ამბობს: „სული საერთოდ არ მონაწილეობს ტკბობისმოყვარეობაში, რასაც სხეული ეძლევა; „სულს ეს არასდროს ბილწავს“. მან ერთხელ თავის მეუღლეს ჰკითხა, თუ შეიძლება ცოლ-ქმრული ეწოდოს გაკრეჭილი მონაზვნების კავშირს? მიიჩნევს თუ არა თავს წმინდანად? რომესაც კატერინამ მიუგო, რომ იგი ვერ ჩათვლის თავს წმინდანად, რადგან ცოდვილია, ლუთერმა შესძახა: „აი რას ნიშნავს პაპიზმის წყეული გავლენა! ჩვენ ყველანი რწმენით ვართ წმინდანნი!“

 

კ. სხვა ცდომილებას არის ლუთერის სწავლებაში?

 

პ. საკმაოდ ბევრი; მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი არ ეკუთვნის საკუთრივ ლუთერს, ისინი მანამდე არსებული ძველი და ახალი ერესების გამეორებას წარმოადგენენ. მაგალითად, ლუთერი უარყოფს წმინდა ხატთა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემას, წმინდა ღვთისსათნოთა და თავად ღვთისმშობლის მოხმობას; არ ცნობს არც ერთ საიდუმლოს, გარდა ნათლისღებისა და ზიარებისა, რაც თავადვე დაამახინჯა, და საერთოდ ნებისმიერ გადმოცემას; არასწორად განმარტავს წმინდა წერილს - თითოეულ ადამიანს ნებას რთავს, საკუთარი შეხედულებისა და სურვილისამებრ გაიგოს იგი, თუმცა პეტრე მოციქული ცხადად ამბობს: ყოველი წინასწარმეტყველებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების. რამეთუ არა ნებითა კაცთაჲთა მო-სადამე-იწია წინასწარმეტყველებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმინდისაჲთა, იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი (2 პეტ. 1,20-21).

ყველა ეს ცდომილება, ერთად აღებული, არათუ  ეწინააღმდეგება ერთ ჭეშმარიტ  წმინდა ეკლესიას, არამეს შეიცავს სულიწმინდის მრავალ, მძიმე გმობასაც.

 

კ. შეიძლება თუ არა გადარჩეს ლუთერის სწავლების მაღიარებელი?

 

პ. ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით ეს უკვე ცხადია, მაგარამ პასუხად წავიკითხოთ წმინდა ათანასე დიდის მიერ შედგენილი სიმბოლოს დასაწყისი სიტყვები: „რომელსა უნდა ცხოვრებად, პირველ ყოველთასა თანა აძს მას პყრობად კათოლიკისა სარწმუნოებისა, რომელი უკუეთუმცა არა დაიმარხოს სრულად და უბიწოდ თვინიერ ყოვლისავე რაიმე მიეზისა, საუკუნოდ წარწყმდების იგი“.

 

კ. რამ უბიძგა ლუთერს ასეთი ღრმა ცდომილებებისკენ და რატომ გავრცელდა მისი სწავლება ესოდენ ფართოდ?

 

პ. ლუთერი, ერთი მხრივ, ებრძოდა პაპის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მეორე მხრივ, მას ჰქონდა დაუცხრომელი, ბობოქარი ხასიათი. პაპთან  დაპირისპირება ექცა მისდამი შეურიგებელ სიძულვილად - მან ლათინთა დოგმატები გაუგებარი და მოუთოკავი ლანძღვა-გინებით უარყო. ლუთერის თხზულებანი აუტანელია არა ღვთისმოსავი, არამედ წესიერი მკითხველისთვისაც. ისინი ტლანქი გარყვნილებითა და ანგარიშმიუცემელი ღვთისმგმობელობით სუნთქავენ. თუ მის სწავლებას ბევრი მიმდევარი ჰყავდა, ზოგს საამისოდ პირადი მიზეზი ჰქონდა, ზოგს - პოლიტიკური, ბრბოს კი ეს უმეცრებით დაემართა.

თუ დღეს ბევრი განათლებული ადამიანი ემხრობა ლუთერის სწავლებას, ეს იმიტომ, რომ მათ არასოდეს განუხილავთ ქრისტიანული სარწმუნოება, არ წაუკითხავთ თავიანთი ეკლესიის დამაარსებლის ნაშრომები, ან ამის მიზეზია მათი უკიდურესი გაჯიუტება. უნდა ითქვას, რომ ლუთერანიზმი მეტად ხელსაყრელია ადამიანისათვის, ვისაც სურს, რაც შეიძლება იშვიათად მიმართოს ღმერთს, და შეძლებისამებრ ნაკლებად შეზღუდოს საკუთარი ხორციელი სურვილები.

 

კ. შესაძლოა თუ არა ლუთერანიზმის უსაფუძვლობის დამტკიცება და ჭეშმარიტი ეკლესიის შეცნობა მეცნიერული მსჯელობით?

 

პ. სავსებით შესაძლებელია. ღმერთკაცის მიერ ქრისტიანული ეკლესიის დაარსება და მოციქულთა მიერ მისი მანვრცობა დედამიწაზე ფაქტიურად დასტურდება. ვინც მიუკერძოებლად განიხილავს მათ, დარწმუნდება, რომ  ყოველი მათგანი ცხადყოფს უმწიკვლოებას აღმოსავლური ეკლესიისა, რომელმაც მთელი სისავსით შემოინახა უპირატესი ეკლესიის დოგმატებიც და წეს-ჩვეულებებიც; დაინახავს დასავლეთის ცდომილებებსა და განდგომას, რაც თანდათანობით მოხდა და მიხვდება მიზეზს. ეს არის, ერთი მხრივ, პაპების ამპარტევნება, მეორე მხრივ - ბარბაროსების (რომლებიც IX ასწლეულის შუა ხანებიდან დაეპატრონენ რომის სამღვდელმთავრო ტახტს) მომძლავრება და მათი უმეცრების გაბატონება დასავლეთზე; [დაინტერესებული პიროვნება] პაპის ბაქია, მახინჯ ხელისუფლებაში, მის ბოროტად გამოყენებაში, მაშინდელი ევროპის ტლანქ უმეცრებაში შენიშნავს რეფორმაციის თესლს; გააცნობიერებს უგუნერებას პროტესტანტული სარწმუნოებებისა, მათ შორის კი ლუთერანიზმისა, რაც იძულებით წარმოშვა სისასტიკემ, შვა ვნებათა შეჯახებამ და შექმნა პოლიტიკისა და უმეცრების შერწყმამ. ლუთერანიზმი ჰგავდა ადამიანს, რომლის ცოდნას არამდგრადი საფუძველი აქვს და მუდამ ცვალებადია, ბოლოს მეტწილად ნეოლოგიზმად გადაკეთდება.

ვინმე ზერნინკამპფმა, სწავლულმა გერმანელმა,  რომელმაც განათლება მიიღო ლეიპციგისა და გოტინჰემის უნივერსიტეტებში, ლუთერანმა, მოინდომა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის შეცნობა. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ამ თემაზე კვლევას მიუძღვნა, რისთვისაც მასალები მოიძია ინგლისისა და გერმანიის საუკეთესო ბიბლიოთეკებში. უკვე ხანდაზმული ჩავიდა კიევში, სადაც იცხო წმინდა მირონი. მან დაგვიტოვა ნაკრები ძვირფასი ფაქტებისა, რომლებიც ადასტურებენ, რომ აღმოსავლეთის ეკლესია არის ქრისტეს ერთადერთი ეკლესია.

 

წიგნიდან: სიტყვა ნუგეშინისცემისა

მთარგმნელები: რუსუდან ბუაჩიძე, ნინო ბელთაძე, ლონდა ჯიქია

Share
 
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge