სიტყვისგება ბერისა ექვთიმე გრძელისა სოსთენის მიმართ - სომეხთ მოძღვრისა (სომეხთა სწავლების მხილება) |
ღვთისმსახური მეფის, ბაგრატის დროს, შედგა კრება ღრტილას, რომელიც ერისკაცთა კრება უფრო იყო, ვინემ სამღვდელო.
იყო ვინმე მონაზონი, ნათესავით სომეხი, მათი მოძღვარი და წინამძღვარი სჯულისა, სახელად - სოსთენი - კაცი ენამანქანა და მათი განდრეკილი სარწმუნოებისა და სწავლათა დიდადმცოდნე. ერთხელ იგი, ჩვეულებისამებრ, მივიდა ბაგრატ მეფესთან და ზვაობითა და ამპარტავნებით დაიწყო თავისი სჯულის ქება, ხოლო ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების გმობა და ძაგება. იმხანად არავინ გამოჩნდა იქ ძლიერი სიტყვისმგებელი მისი. და, თუმც კი მრავალმა სცადა მასთან პაექრობა, მაგრამ იმათი სწავლა-მოძღვრების უმეცრების გამო ვერ შეძლეს სოსთენის წინააღმდეგობა. მაშინ მეფეს ურჩია მისმა ბიძაშვილმა დავითმა, რომ სხვა ვერავინ შეძლებდა სოსთენის სიტყვისგებას, გარდა ექვთიმე გრძელისა, რომელიც იმჟამად იერუსალიმიდან ჩასულიყო და ანჩის მთავარეპისკოპოსთან იმყოფებოდა, და კარგს იზამდა მეფე, თუ მას მოიხმობდა. გახარებულმა მეფემ უმალ მოუწოდა ანჩის მთავარეპისკოპოსს, რათა მათთვის წარედგინა იერუსალიმიდან ჩამოსული ბერი ექვთიმე.
მწუხრისას მთავარეპისკოპოსი ანჩისა მამა ექვთიმესთან ერთად მოვიდა სასახლეში, ხოლო მეფესთან წარდგინებამდე ექვთიმე ბერმა მთავარეპისკოპოსის ძმისაგან შეიტყო, რომ სომხეთის სახელგანთქმული მოძღვარი სოსთენი, თავისი დისწულითა და მხლებლებითურთ, მეფესთან იმყოფებოდნენ და წინაშე მეფისა გამოიძიებდნენ რჯულსა ჩვენსა და მათსა; ხოლო წინააღმდგომი მისი ვერავინ ჰპოვეს და აწ ექვთიმეს იმედი აქვთ, რომ ძლევს მას. იერუსალიმელი ბერი შეძრწუნდა, ეს რომ გაიგო - პირველად უცხოობისთვის და მერმედ განუმზადებლობისათვის. და გამოისახა ჯვარის სახე პირსა თვისსა და გულსა და ემთხვია ეპისტოლეს უფლისას, რომელიც ხელითა თვისითა მიუწერა ავგაროზ მთავარს, და აღიხილა ზეცად გონების თვალნი, სულთითქუნა სულითა და თქუა:
„უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, თანაარსო და თანასწორო მამისა და წმიდა სულისა შენისაო, რომელმან გამოუთქმელითა განგებულებითა შენითა ხორცხშესხმისა შენისათა განაგე ცხოვრება ჩუენი, რომელმან უბრძანე ქადაგთა შენთა წმიდათა მოციქულთა და მთავართა: სახელისა ჩემისათვის ნუ წინასწარ იწურთით, ვითარცა რა სთქუათ, ანუ რა სიტყვა მიუგოთ, რამეთუ მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღმდგომად და სიტყვისა-გებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენდა. და, აჰა, მივყავ მე სიტყვის საგებლად სამსჯავროსა ამას და არა უწყი, რა ვთქვა, ანუ რასა ვიტყოდე, არამედ შენ მასწავლე, ჰოი, სახიერო, აღთქმისა შენისაებრ უტყუელისა და ნუ იყოფინ, ვითარცა უმეცრებისა ჩემისა მიერ შეურაცხ იქმნა სიმტკიცე მართლისა აღსარებისა შენისა წინაშე ურწმუნოთა”.
ასე ილოცა ბერმა მწვალებლებთან სიტყვისგების წინ და შევიდა და წარსდგა წინაშე მეფისა. მეფემ ჯერისამებრ მოიკითხა იგი და უბრძანა დაჯდომა წესისამებრ. მაშინ ამაყად ჰკითხა სოსთენმა მეფეს:
- მაშ, ეს არის სიტყვისმგებელი ჩემი, რომელიც მომიყვანე?! დიახ, ნამდვილად ეგ არის.
- უპასუხა მეფემ. და კვლავ ნაცვალი უგო სოსთენმა მეფეს:
- თუ არის ვინმე სჯულისმცოდნე, ყველას ერთად მოუწოდე, რათა ყველა ერთად, ვითარცა ცოცხითა, მოვგავო, და მაშინ გეუწყოს ძალა სარწმუნოებისა ჩვენისა და უძლურება თქვენი. და კიდევ ამას ვთხოვ თქვენს მეფობას, რათა ამგვარი ბრძანება გასცე: უკეთუ მე მძლიონ შენმა სჯულისმეცნიერებმა, მაშინ შიშველი გამიყვანონ შენი სასახლიდან, ხოლო, უკეთუ მე ვძლიო მათ, მაშინ ისინი გაიყვანონ შენგან განძარცვულნი და შიშველნი (იგულისხმება სასულიერო შესამოსელი - მ.ნ.). ქართველთა მეფემ კი ყოვლითა სიმშვიდითა მიუგო სოსთენს:
- საღმრთო სჯულის და მართლის სარწმუნოების სიტყვისგებისა სჯეროვნად არ მიმაჩნია საქმე ხუმარათა და მეზობელთა და მახლობელთაი; არამედ ყოვლითა დაწყნარებითა ჯერ არს გამოძიება საღმრთო სჯულისა და მართლის სარწმუნოების განრჩევად ღუარძლისაგან წვალებისათა.
მაშინ სოსთენს ურჩია მეფის მწიგნობართუხუცესმა, რომელიც მათი ბოროტი მწვალებლობის თანაზიარი იყო, მართლმადიდებლობის შინაგანმცემი, რომ: წიგნთაგან სიტყვისგების დაწყებამდე, ბერი ექვთიმე ცუდი რამ სიტყვით, საერო და გარეწარი მეტყველებით შეაშინოს და განკიცხოს, რადგან ბერი უდაბნოთა შინა იყო აღზრდილი და იქ იყო მისი ცხოვრება, ხოლო კაცობრივი სიტყვისგება არა რა იცისო; ამასვე ჩასჩურჩულებდა გვერდით მჯდომი მისი დისწული.
მაშინ ამგვარი სიტყვით მიმართა სოსთენმა იერუსალიმელ ბერს - ექვთიმეს:
- პირველად მსურს, მამაო, გვითხრა, თუ როგორ მოაღწიე აქამდე; ანუ რა გზით მოხველ; გზას შედგომილმა პირველ დღეს რა საზრდელი მიიღე და დღის რომელ ჟამს ისერე, ან სად დაისვენე, სად დაიდე სავანე; ანუ რამდენ ხანს გეძინა ღამით, ან თუ იფხიზლებდი და რას ფიქრობდი გზადმომავალი?...
ბერმა ექვთიმემ მიუგო სოსთენს:
- პავლე მოციქული იტყვის: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმა და შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმა, ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისა იგი”. და რასაც ახლა შენ ამბობ, მაგნაირი მღერება სიყრმეშივე დაუტევე მე; ხოლო აწ შენ სრული ასაკისა ხარ, მაგრამ სიტყვით და გონებით ყრმეებრი. მაგრამ მე შენ ცბიერი და განმრყვნელი სიტყვით კი არ გიპასუხებ, არამედ ჭეშმარიტებით:
მე ჯერ პირველად მოვდივარ უფლის აღდგომის წმიდა ქალაქ იერუსალიმიდან, უფლის ძმის - წმიდა იაკობ მოციქულის საყდრითგან, და ანტიოქიიდან და რომიდან - წმიდა პეტრე მოციქულთა თავის საყდრიდან და, მერმე - ალექსანდრიიდან წმიდა მარკოზ მახარებლის საყდრითგან, და მერმედ - კონსტანტინეპოლით და საყდრით წმიდა იოანე მახარებლისა. ამ საპატრიარქოს საყდართაგან მოვდივარ და მსოფლიო კრებათა მართალი აღსარება მისწავლია, მტკიცე და ჭეშმარიტი სარწმუნოება მისწავლია და აწ მოვსულვარ, რათა ვამხილო ბოროტად მადიდებლობა თქვენი; ხოლო შენ არ იცი, საიდან მოდიხარ. არგიანით და მარმაშენით მოხვალ და მოგაქვს წვალება ნესტორისა და სევიროზისა და პეტროზ მკაწრველისა, და იკადრებ ყვედრებად ერსა ღუთისასა და წინაგანწყობად წმიდისა მართლისა სარწმუნოებისა.
სოსთენი შეაშინა მამა ექვთიმეს ძლიერმა სიტყვამ და ცოტა დაუტკბა ბერს:
- შემინდე, მამაო, განცხრომით თქმული სიტყვისათვის; ახლა კი აღსდეგ, განემზადე და წამომიდექი. ამიერიდან მე შეგეკითხები და შენ პასუხს გამცემ. ექვთიმე იერუსალიმელმა მიუგო:
- არა ეგრეთ განაგო ჭეშმარიტებამან ღვთისამან, რათა მართლმადიდებელნი წარვსდგებოდეთ მწვალებელთა წინაშე, არამედ შენ უფრო გმართებს წარმოსდგე, ვითარცა განსაკითხავი და დასასჯელი, და, რამეთუ ესრეთ არს წესი, რომ მეფენი თქვენნი წინაშე მეფეთა ჩვენთა და მღვდელთმოძღვარნი მღვდელთმოძღვართა ჩვენთა წინაშე წარმოსდგებიან და შიშით და ძრწოლით თაყვანისცემენ; ხოლო, თუ ესე არ გსურს, მაშინ ვისხდეთ აქ და მკითხე და მე მოგაგო პასუხი. და იწყო ექვთიმე იერუსალიმელმა წარმოთქმა მართლაღსარების სარწმუნოებისა ერთარსისა და განუყოფელი სამებისათვის და წმიდა სამების მეორე პირის - ძე ღმერთის - განკაცებისათვის და მასში ორი ბუნების შეერთებისათვის: განუყოფელად, განუყრელად, შეურევნელად, უქცეველად, როგორც იქადაგა წინასწარმეტყველთაგან და მოციქულთაგან გვეუწყა განცხადებულად და რწმენა სოფელსა და წმიდათა მღვდელთმოძღვართა და დამტკიცდა კრებითა მსოფლიოითა.
და შეახსენა ექვთიმე გრძელმა სომეხთა მოძღვარს - სოსთენს, რომ ისინიც თანაეზიარებოდნენ მართლმადიდებელ მოძღვრებას, ვიდრე მეოთხე მსოფლიო კრებამდე, ხოლო მას მერე, რაც უღალატეს მათ საკუთარ მეფეს და სომხეთის განმანათლებელ წმიდა გრიგოლს, აღერიენ სპარსთა თანა და დვინის საეკლესიო კრებაზე „დასჩხაბეს განდრეკილი სარწმუნოება მათი... და ესრეთ აღასრულეს ნება ეშმაკისა”. შემდეგ მამა ექვთიმე ბრალს სდებს სომხებს: „და უღალატეთ მეფეს თქვენსას, განუდექით ბერძნებს და შეუერთდით სპარსთა და გამართეთ კრება დვინში და დასჩხაბეთ განდრეკილი სარწმუნოება წვალებისა იაკობიტთა... სომეხთა განმანათებლის შესახებ, რომელსაც ღმერთმა წინასწარ გამოუცხადა ცხოველსმყოფელი სარწმუნოებიდან თქვენი გარდაქცევის შესახებ, და, რომ ცხვრები მგლებად იქცევიან და სხვა ცხოვართ შეუტევენო”.
შემდგომ მამა ექვთიმე იმოწმებს სომეხ ქალკედონიტთა - მართლმადიდებელთა პაექრობას მონოფიზიტ სომხებთან, რომელსაც სომხები პატმოთინს3 უწოდებდნენ.
სომეხთა მოძღვარი სოსთენი პატმოთინის ხსენებამ განარისხა და შესძახა:
- წყეულ იყავნ, რომელმაც გასწავა შენ პატმოთინი და აღგჭურვა მით ჩვენთან საბრძოლველად!
იერუსალიმელმა ბერმა კი წარსთქვა შეჩუენება ყოველთა ერთბუნებიანთა და სამწმიდაოს გალობის შემრყვნელთათვის.
- წყეულ იყავ პეტროზ მკაწრველი, რომელმან გასწავა ხაჩეცარი და განწვალა გალობა სამწმიდაარსობისა.
- რატომ არის მწვალებლობა ჩვენეული წესი?!
ბერმა მიუგო:
- წერილთა ძალსა ვერ გულისხმაყოფთ და ფრიად სცდებით უგულისხმოებით. მაგის შესახებ გეტყვით წმიდა წერილის სწავლებით და წმიდა კრებათა მიხედვით, რომლითაც მამებმა ფრიად შეაჩვენეს სიტყვა ეგე თქვენი და გმობად შერაცხეს პეტროზ მკაწრველის მიერ ხელყოფა სამწმიდაო გალობისა, რომელმაც ლოცვას: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ - დაუმატა: „რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი”. და განყო და ცალკე დააყენა ძე ღმერთი - გვამოვანი იგი ძალი მამისა და ცალკე - ჯვარცმული, თითქოსდა ძლიერთაგან კიდევ სხვა იყო ვინმე, ანუ ვნებულად შერაცხა უკეთურმან მან ძისა თანა მამა და სულიწმიდა.... წარვედინ მგმობარი თქვენი მოძღვრება და შეჩვენებულ იყავნ....
შემდგომ ექვთიმე იერუსალიმელი იმოწმებს წმიდა გრიგოლის, წმიდა ღმერთშემოსილი ათანასი და ნეტარი ვასილის მოწმობებს და განუმარტავს, რომ სამწმიდაობით ლოცვა მხოლოდ ძის მიმართ არ არის გამოთქმული, არამედ წმიდისა ერთარსისა სამებისათვის ითქმის და რომ წმიდა სერაბიმნი სამგზის „წმიდაოთი” გვამცნობენ სამ ჰიპოსტასს - ყოვლად არსს ღმრთეებისას, ხოლო საერთო სიტყვით - უფალი - გვაძლევენ ყოვლადწმიდა სამების ერთიანი არსისა და მეუფების გულისხმისყოფას.... ბერი შეახსენებს სოსთენს საეკლესიო გარდამოცემას, რომლის მიხედვითაც განსაცდელის ჟამს ზეცადაყვანილი ყრმა დამოძღვრეს ანგელოზებმა სამწმიდაო გალობით ესრეთ: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დასასრულ კი ასე დამოძღვრა ექვთიმე ბერმა სომეხთა მოძღვარი:
- საკვირველია, როდესაც ვინმე ცვლის იმ გალობას, რომელსაც სერაბიმები გალობენ და სასწაულითა სარწმუნო ქმნილა, წინასწარმეტყველთაგან ქადაგებულა, მოციქულთაგან დამტკიცებულა, წმიდა მღვდელთმოძღვართა და კრებულთაგან განცხადებულა. და ახლა კი ვინ უნდა იყოს ესრეთ გონმიხდილი, რომელმაც ყოველივე ეს წესი და მოძღვრება დატოვა და პეტროზ მკაწრველის მოძღვრებას შეუდგა?! - დიდი სიცოფე და უგნურებაა ეს. და ვინც წმიდაო ღმერთოსთან ჯვარცმას ამბობენ, ანუ სამებასა ოთხობა შემატონ - ფრიად შევაჩვენებთ ჩვენ და ეშმაკთა თანა შევრაცხთ...
.... მაშინ სოსთენს მისმა დისწულმა იერემიამ უთხრა: - ადექი, წავიდეთ, რამეთუ ვიძლიენით. მაგრამ სოსთენმა კვლავ გააგრძელა მამა ექვთიმესთან კამათი და პეტროზის მოძღვრების ქება.
ექვთიმე ბერმა კვლავაც დაუყო პირი:
- სამართლიანად და ჯეროვნად განიდევნა და შეურაცხყოფილ იქმნა და დაემხო უკეთური პეტროზ მკაწრველი მღვდელმთავრის პატივისაგან და განიდევნა, რადგან, ზემოთქმულთან ერთად, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი არ აღიარა ღვთისმშობლად, რაც უსჯულონესტორისაგან ისწავლა, და შემდგომ მივიდა და შეაცდუნა ერი ეგე თქვენი უსწავლელი, და რომლისა სახსენებელი და მიმდევარნიც მისნი წარწყმიდა უკუნისამდე.
მაშინღა წარმოსდგა სოსთენი და წასვლა დააპირა.
ქართველთა მეფემ ჰკითხა:
- გაქვსღა-რა სიტყვად ჩვენდა ანუ სრულიად იძლიე?
სოსთენმა უპასუხა:
- მე არა თუ კაცთაგან ვიძლიე, არამედ ჭეშმარიტებისაგან.
ხოლო მეფემ კვლავაც ჰკითხა:
- რატომ არ მოიქცევი მართლმადიდებლობაზე?
- მარმაშენი როგორ დავტოვო? - მიუგო სოსთენმა.
- მის ნაცვლად ჩვენ მოგცემთ სხვას, -შესთავაზა მეფემ.
- ასე ადვილად ვერ დავტოვებ მე მარმაშენს! - სთქვა სოსთენმა და შერცხვენილმა დატოვა კრება.
... ხოლო უთაოთა სომეხთა მარცხვენელისა და პირის დამყოფელის - წმიდისა და ღმერთშემოსილი მამისა, ექვთიმე იერუსალიმელისა (გრძელის) მიერ ესრეთ იდიდა წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენი, რომელ იქმნა ძეგლ მართლისა სარწმუნოებისა. და მეფე ბაგრატ და ყოველი საერონი და სასულიერონი ადიდებდნენ და აკურთხებდნენ ცხოვლისმყოფელსა ღმერთსა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, რომელსა შვენის დიდება და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ.
4 არგინი და მარმაშენი – სომეხთა მონასტერი, რომლის წინამძღვარი იყო სოსთენი (კ. კეკელიძე, „სამოთხე“, ტ. 1).
|
E-mail: info@qadageba.ge