წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი და რომაულ-კათოლიკური პაპიზმი |
აი, მაგალითად, რას წერს წმ. მართალი იოანე კრონშტადტელი თავის “ფიქრებში ეკლესიის შესახებ”.
“ქრისტიანული რწმენის არცერთ აღმსარებლობას, მართლმადიდებლობის გარდა, არ შეუძლია მიიყვანოს ქრისტიანული ცხოვრების სრულყოფილებამდე, ანუ სიწმინდემდე და ცოდვათაგან
სრულ განწმენდამდე და უხრწნელებამდე, რადგან სხვა არამართლმადიდებლური აღმსარებლობები იმარხავენ ჭეშმარიტებას სიცრუით (რომ. 1,18), მათ ამაოდბრძნობა და ტყუილი შეურიეს ჭეშმარიტებას და არ ფლობენ იმ ღვთივმონიჭებულ საშუალებებს განწმედისა, კურთხევისა, აღორძინებისა და განახლებისა, რომლებსაც ფლობს მართლმადიდებელი ეკლესია. საუკუნოვანმა გამოცდილებამ, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა ეკლესიების ისტორიამ განსაცვიფრებელი სიცხადით გვიჩვენა ეს და გვიჩვენებს დღესაც. გაიხსენეთჩვენი ეკლესიის წარსული და აწინდელი დროის უამრავი წმიდანი, - და მათი არარსებობა, ეკლესიათა განყოფის შემდგომ, სხვა არამართლმადიდებლურ ეკლესიებში, როგორიცაა კათოლიკური, ლუთერანული, ანგლიკანური ეკლესიები”.
აი, წმ. იოანეს გასაოცარი ფიქრები, რომლებშიც სწორედ ვატიკანის კრების უკანასკნელი “ეკუმენური” დადგენილების წინააღმდეგ არის მიმართული:
“არსებობენ ქრისტიანობის ცალკეული აღმსარებლობანი, განსხვავებული შინაგანი და გარეგანი მოწყობით, განსხვავებული აზრებითა და სწავლებებით, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებიან სახარების ღვთაებრივ ჭეშმარიტებასა და წმ. მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმ. მამათა სწავლებას. არ შეიძლება ყველა მათგანი ჭეშმარიტად და მაცხოვნებლად ჩავთვალოთ: რწმენაში გულგრილობას, ანუ ყოველგვარი რწმენის ერთნაირად მაცხოვნებლად აღიარებას, მივყავართ ურწმუნოებამდე, ან რწმენაზე გულის აცრუებამდე, სარწმუნოების წესებისა და გაგულგრიკებამდე. “სომონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი” (ლუკ. 22,31). ეს მან, ეშმაკმა, ჩაიდინა და სჩადის, ანუ შვა განხეთქილებანი და წვალებანი. მტკიცედ მოეჭიდე ერთ, ჭეშმარიტ რწმენასა და ეკლესიას: “ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ” (ეფ. 4,5-6).
რაში მდგომარეობს ჩვენი წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის განუზომელი უპირატესობა?
“მართლმადიდებელი ეკლესია აღემატება ყველა არამართლმადიდებელ ეკლესიას, პირველ რიგში, თავისი ჭეშმარიტებით, თავისი მართლმადიდებლობით, რომელიც მოციქულთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, ღირსთა და ყოველთა წმიდათა სისხლით დაიცვა და მოიპოვა; მეორეც, იმით, რომ სარწმუნოდ ხელმძღვანელობს ცხინებისკენ მიმავალ გზაზე, სარწმუნოდ განწმენდს, აკურთხებს და განაახლებს იერარქიის, ღვთისმსახურების, საიდუმლოებებისა და მარხვის მეშვეობით; მესამეც, იმით, საუკეთესოდ ასწავლის ღვთის წინაშე სათნოყოფისა და სულის ცხონებას, საუკეთესოდ ხელმძღვანელობს სინანულის, გამოსწორების, ლოცვის, მადლიერებისა და დიდების-მეტყველებისაკენ - სად არის ასეთი ლოცვანი, დიდებისმეტყველებანი, მადლიერებანი, და თხოვნა-ვედრებანი, ასეთი საკვირველი ღვთისმსახურება, როგორიც არის მართლმადიდებელ ეკლესიაში? - არსად”.
რა ძლიერად საუბრობს წმ. იოანე პაპიზმის დოგმატური სისტემის ქვაკუთხედზე - ცრუ-სწავლებაზე რომის პაპის, როგორც “ქრისტეს უცდომელი ნაცვლის” მეთაურობის შესახებ:
“აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა” (მათ. 28,20). თავად უფალი მუდამ მყოფობს თავის ეკლესიაში - რაღა საჭიროა ნაცვალი, პაპი? და შეუძლია კი ცოდვილ ადამიანს იყოს უფლის ნაცვალი? - არ შეუძლია. შეიძლება იყოს და არის კიდევაც მეფის ან პატრიარქის ნაცვალი რომელიმე ქალაქში, მაგრამარავის შეუძლია იყოს უფლის, დაუსაბამო მეფისა და ეკლესიის თავის ნაცვალი, მოადგილე. დიახ. კათოლიკენი ცდებიან. შთააგონე მათ, უფალო, რომ უგუნურებაა ამის მტკიცება; ისინი შემკულნი არიან ამპარტავნებით, ვითარცა სამკაულით”.
მამა იოანეს აზრით, ამ დამღუპველი, მცდარი “დოგმატიდან”, როგორც ფესვიდან, სათავეს იღებს ყველა ბოროტება პაპიზმში:
“ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ქრისტიანობაში, ამ ღვთივგამოცხადებულ, ზეციურ, რელიგიაში არის ადამიანის მეთაურობა ეკლესიაში, მაგალითად - პაპისა და მისი ყალბი უცდომელობა. სწორედ მისი უცდომელობის დოგმატში მდგომარეობს უდუდესი შეცდომა, რადგან პაპი ცოდ-ვილი ადამიანია, და უბედურებაა, თუ მას საკუთარ თავზე შეექმნება წარმოდგენა, რომ უცდომელია. რამდენი უდიდესი, ადამიანთა სულებისათვის დამღუპველი შეცდომა გამოიგონა კათოლი-კურმა, პაპისტურმა ეკლესიამ - დოგმატებში, წეს-ჩვეულებებში, კანონიკურ წესებში, ღვთისმსახურებაში, მართლმადიდებლებისადმი კათოლიკეთა უსულგულო, ავ დამოკიდებულებაში, მართლმადიდებელი ეკლესიის გმობასა და ცილისწამებაში, მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი მიმართულ ლანძღვა-გინებაში! და ყოველივე ამაში დამნაშავეა ვითომდა უცდომელი პაპი, მისი იეზუიტების დოქტრინა, მათი სული სიცრუისა, ორგულობისა და ყოველგვარი არსწორი საშუალებისა “ად მაჯორემ Dეი გლორიამ” (ღვთის უმეტესი დიდებისათვის).
“აუცილებელია ეკუთნოდე ქრისტეს ეკლესიას, რომლის თავიც არის ყოვლადძლიერი მეუფე, ჯოჯოხეთის შემმუსვრელი იესო ქრისტე. მისი სამეფო არის ეკლესია, რომელიც ებრძვის მთავრობებსა და ხელმწიფებებს, სოფლისმპყრობელთ და ცის ქვეშეთის ბოროტ სულებს, რომლებიც ძალიან კარგად ორგანიძებულ სამეფოს შეადგენენ და მეტისმეტად გამოცდილად, გონირულად და ძლიერად ებრძვიან ყველა ადამიანს, კარგად აქვთ შესწავლილი მათი ყველა ვნება და მიდრეკილება. ადამიანი მარტო აქ უძლურია; თუმცა დიდი საზოგადოებაც, მაგრამ არამართლმადიდე-ბელი, თავის - ქრისტეს არმქონე, ვერაფერს გახდება ისეთ ცბიერ, დახელოვნებულ და მარად მღვიძარე მტრებთან, რომლებმაც ჩინებულად შეისწავლეს თავიანთი ბრძოლის მეცნიერება. მართლმადიდებელ ქრისტიანს ძლიერი შეწევნა სჭირდება ზეგარდანო ღვთისაგან და ქრისტეს წმ. მხედართაგან, რომლებმაც ქრისტეს მადლის ძალით დაამარცხეს ცხონების მტრები, და მიწიერი მართლმადიდებელი ეკლსესიისგან, მწყემსთა და მოძღვართაგან, შემდგომ - საზოგადო ლოცვისა და საიდუმლოთაგან. ქრისტიანი კაცის ამგვარი შემწე უხილავ და ხილულ მტერებთან ბრძოლაში არის სწორედ ქრისტეს ეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენ ღვთის წყალობით კიდეც ვიმყოფებით. კათოლიკეებმა გამოიგონეს ახალი თავი და დაამცირეს ეკლესიის ერთადერთი ჭეშმარიტი თავი - ქრისტე; ლუთერანები ჩამოშორდნენ და თავის გარეშე დარჩნენ; ასევე ანგლიკანებიც: მათ არა აქვთ ეკლესია, თავთან კავშირი გაწყვეტილია, ყოვლადძლიერ შეწევნას მოკლებული არიან, ბელიარი კი მთელი ძალ-ღონით და მზაკვრობით იბრძვის და ყველას ამყოფებს თავის ხიბლსა და წარწყმედაში. მრავალნი წარწყმდებიან უღვთოებასა და გარყვნილებაში”.
რა სიღრმისეულად და მოწესრიგებულად განმარტავს წმ. იოანე რომაულ-კათოლიკურ პაპიზმში ბოროტების პირველმიზეზს:
“რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ყველა სიყალბის მიზეზი არის ამპარტავნება და პაპის აღიარება ეკლესიის ნამდილ თავად, და თანაც -უცდომელად. აქედან იღებს სათავეს დასავლეთის ეკლესიაზე დადგმული უღელი - უღელი აზროვნებასა და რწმენაზე, ჭეშმარიტი თავისუფლების წართმევა რწმენასა და ცხოვრებაში; პაპმა ყველაფერს თავისი მძიმე ხელი დაადო; აქედანაა ცოდების აღსარებისას სხვადასხვა მცდარი წესი და დადგენილება, აქედანაა ინდულგენციები, დოგმატების დამახინჯენა, ფაბრიკაცია დასავლეთის ეკლესიის წმიდანებისა და არარსებული წმიდა ნაწილებისა, რომლებიც ღმერთ არ განუდიდებია; აქედანაა ღვთის წინააღდგომა კეთილმსახურებისა და ღვთის უმეტესი დიებისათვის მოშურნეობის საბაბით”.
“პაპი და პაიპსტები იმდენად გაამპარტავნდნენ და აღიმაღლეს თავი, რომ გაბედეს თავად ქრისტეს, თავად ღვთის იპოსტასური სიბრძნის გაკრიტიკება. თავიანთი ამპარტავნებით იქამდე მივიდნენ (დოგმატების განვითარების საბაბით), რომ დაამახინჯეს უფლის ზოგიერთი სიტყვამ, მცნება და განწესება, რომელიც სოფლის აღსასრულამდე არ უნდა შეიცვალოს, მაგალითად, სიტყა სულიწმიდის შესახებ, მცნება მის ყოვლადწმიდა სისხლზე, რომელიც მათ მოაკლეს ერისკაცებს და ამით არად ჩააგდეს პავლე მოციქულის სიტყები: “რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკვდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ, ვიდრემდის მოვიდეს” (I კორ. 11,26); ლიტურგიაზე საფუარით გამომცხარი პურის ნაცვლად ხმარობენ ხმიადს”.
ეს ამპარტავნება შეიქნა კიდეც წყარო უსაზღვრო ფანატიზმისა და ყველა სხვაგარად მოაზროვნისადმი მომაკვდინებელი სიძულიილისა, რომლითაც ასე განითქვა სახელი რომაულ-კათოლიკურმა პაპიზმმა ისტორიის მანძილზე:
“მართლმადიდებლობისადმი სიძულვილი, ფანატიზმი და მართლადიდებელთა დევნა, მკვლელობები - წითელ ზოლად გასდეენ კათოლიციზმის ცხორების ყველა ხანას. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. ასეთი სული გვემცნო ქრისტეს მიერ? ვის, და კათოლიკეებს, ლუთერანებსა და რე-ფორმატორებს შეიძლება ყოველთვის უთხრა: “არა იცითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ” (ლუკ. 9,25).
აი, სადამდე მიიყვანა რომაელი კათოლიკენი ეკლესიის თავის, ქრისტეს, პაპით შეცვლამ!
“კათოლიკეებთან ეკლესიის თავი, სწორედ რომ ვთქვათ, ქრისტე კი არ არის, არამედ პაპი, და კათოლიკენი მოშურნეობენ პაპისთვის, და არა ქრისტესთვის, იბრძვიან პაპისთვის, და არა ქრისტესთვის, და მათი სარწმუნოებრივი მოშურნეობა მუდამ გადაიზრდება ვნებიან, კათმოძულე და გაშმაგებულ ფანატიზმში, სისხლისა და მახვილის (კოცონები), შეურიგებლობის, ორგულობის, სიცრუისა და მზაკვრობის ფანატიზმში”.
“ყოველი საეკლესიო ღვთისმსახურებისას - იქნება ეს საშინაო, კერძო თუ საზოგადო - მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერ მზერას წარმოუდგება აზრი, იდეა ერთიან სულიერ სხეულზე, რომელიც არის სხეული ქრისტესი, სვეტი და საფუძველი ჭეშმარიტებისა, რომლის თავიც თავად ქრისტე ღმერთია; ეს ეკლესია ქრისტესი, ანუ სულიერი სხეილი ქრისტესი შედგება სამი - ზეციური, მიწიერი და ქვესკნელის ტომისგან; ამიტომ მიწიერი წმ. ეკლესია (ანუ მიწიერი ტომი) ყოველდღიურად შუამდგომლობს თავის თავის - ქრისტეს წინაშე რწმენასა და სინანულში გარდაცვლილთა ცოდვენის მიტევებისა და მათი ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისათვის, და თავისი შუამდგომლობისას მეოხად მოუხმობს ზეციური ეკლესიის წევრებსა და თავად დასაბამს ეკლესიის გონიერი შენობისა - ღვთისმშობელს, რათა მათი ლოცვით უფალმა დაფაროს გარ-დაცვლილთა ცოდვები და არ დააკლოს ზეციური სასუფეველი. ჩვენ ღვთის ეკლესიის მიწაზე მცხოვრებ წევრებს, მუდამ ნუგეშით გვავსებს რწმენა იმისა, რომ ჩვენი სულიერი დედა, წმ. ეკლესია განუწყვეტლივ საიდუმლოდ დღე და ღამ ლოცულობს ჩვენთვისაც, რომ ჩვენ მუდამ ვიმყოფებით თავად უფლის, ღვთისმშობლის, წმ. ანგელოზების, ნათლისმცემლისა და ყოველი წმინდანის მადლმოსილი მფარველობის ქვეშ. კათოლიკეებთან ეკლესიის თავი პაპია, შემცოდე ადამიანი (თუმცა კი იგი მცდარად უცდომელად გამოაცხადეს) და, როგორც ასეთმა, უამრავი შეცდომა დაუშვა ქრისტეს ეკლესიაში, თავად საქმეებით გამოავლინა თავი ასეთად, დაამახინჯა თვით გაგება ღვთის ეკლესიისა და შებოჭა ქრისტიანი კათოლიკეების სულიერი თავისუფლება და სინდისი, იმავდროულად კი წმ. მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ, რომელიც არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა, მიმართა კათოლიკეთა მცდარი გმობა და მტრობა. პროტესტანტებთან - გერმანელებთან და ინგლისელებთან, სავსებით შერყვნილია გაგება ეკლესიისა, რადგან მათ არა აქვთ კანონიერი მღვდლობის მსადლი; არა აქვთ საიდუმლონი, გარდა ნათლობისა და (უმთავრესის) ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარებისა; მათთან არ არის ზეციურო ტომი - ზეციური ეკლესია; არ აღიარებენ წმინდანებს; არ არის ქვესკნელის ტომიც - გარდაცვლილებს არ აღიარებენ და არ ლოცულობენ მათთვის, რადგან ამას საჭიროდ არ თვლიან. დიდება მართლმადიდებელ ეკლესიას! დიდება ქრისტე ღმერთს - უწმინდეს თავს, ერთადერთ თავს ღვთის ეკლესიისას მიწაზე! დიდება ღმერთს სამებით, რომ ჩვენ არ ჩავცვივდით ღვთის გმობაში, არ ვაღიარეთ და უკუნისამდე არ ვაღიარებთ ეკლესიის თავად ცოდვილ ადამიანს!”
აი, როგორ უყურებდა წმ. იოანე ყველას, ვინც არ ეკუთვნოდა ჩვენს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას:
“ვმადლობ უფალს, რომელმაც შეისმინა და ისმენს ყოვლადმაცხოვნებელი და საშინელი მსხვერპლის (ქრისტეს ხორცისა და სისხლის) ხილვისას აღვლენილ ჩემს ლოცვებს რწმენაში ქრისტიანულად წოდებული, მაგრამ თავისი არსით განდგომილი, გზააბნეილი დიდი საზოგადოებების, კათოლიკური, ლუთერანული, ანგლიკანური და სხვათათვის”.
“სხვადასხვა რწმენიდან და აღმსარებლობიდან მოქცევისა და მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთების წესი რას გვიჩვენებს? აუცილებლობას - დაუტეო მცდარი რწმენა და აღმსარებლობა, უარყო ცდომილებები, აღიარო ჭეშმარიტი სარწმუნოება და შეინანო ყველა წარსული ცოდვა, აღუთქვა ღმერთს უბიწო რწმენის დაცვა და მტკიცედ აღიარება, მოერიდო ცოდვებს და იცხოვრო სათნოებებით”.
აი, წმ. იოანე კრონშტადტელის მიერ მკაფიო და კატეგორიული დაგმობა დღეს ესოდენ მოდაში შემოსული “ეკუმენიზმისა”, რომელმაც თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მოიცვა, აი ძლიერი და მტკიცე პასუხი ყველა “ეკუმენისტს”, რომლების ვითომდა “ქრისტიანული სიყვარულის” საბაბით, პროპაგანდას უწევენ სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ტოლფასიანობასა და თანასწორუფლებიანობას!
დასასრულს, აუცილებელია ვახსენოთ, როგორც თვალსაჩინო და ხატოვანი ილუსტრაცია წმ. იოანე კრონშტადტელის სიტყვებისა რომაულ-კათოლიკურ პაპიზმში გამეფებული “სიცრუის სულის” შესახებ, თუ რა გაძლიერებით ავრცეკებდნენ რომაელ-კათოლიკე ქსენძები რუსეთის დასავ-ლეთ მხარეებში ცილისწამებას წმ. იოანეზე, რომ თითქოს იგი კათოლიკობაზე გადავიდა და ამიტომაც განადიდა ასე თავისი წინასწარჭვრეტითა და სასწაულთმოქმედებით. ამ ცილისწამებას, მთელი მისი უაზრობის მიუხედავად, შემდგომშიც იმეორებდნენ. 1932 წელს ქ. ვილონში იეზიტურ ჟურნალში “შეერთებისაკენ” ვინმე ქსენძმა სემიაცკიმ ურცხვად დაბეჭდა შემდეგი სიტყვები: “მამა იოანე კრონშტადტელი მრავალ სასწაულს აღასრულებდა, სანამ კათოლიკე იყო, მაგრამ როგორც კი უარყო კათოლიკობა, სასწაულთმოქმედების ძალამ დატოვა იგი”.
აი, როგორ პასუხობს ასეთ ფანტასტიკურ მონაგონს თავად წმ. იოანე 1906 წლის 7 აპრილს ქ. ვიტებსკში პეტრე-პავლეს ეკლესიაში წარმოთქულ სიტყვაში:
”დიდი სიყვარული მქონდა, ძვირფასი მამანო, ძმანო და დანო, თქვენთან აქ თქვენს ქალაქსა და ტაძარში მესაუბრა ღვთის, ჩვენი წმიდა, უბიწო რწმენისა და ეკლესიის სადიდებლად და მაცხოვნებელ გზაზე თქვენს განსამტკიცებლად. რატომ მქონდა განსაკუთრებული სურვილი თქვენთან საუბრისა? აი, რატომ, მე უკვე ორმოცდათერთმეტი წელია ვცხოვრობ და ვმსახურობ მღვდლად კრონშტადში; ბოლო ხანებში მე მრავალი წერილი მივიღე დასავლეთ პოლონეთის მხარეებიდან, განსაკუთრებით კი გროდნენისა და ვილენის გუბერნიებიდან. ამ, ასე ვთქვათ, სისხლიანი ცრემლებით დაწერილ წერილებში ხალხი მწარედ უჩივის კათოლიკე პატრებსა და მათ დამქაშ კათოლიკე ერისკაცებს, რომ ისინი დევნიან მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ყოველგვარი ძალდატანებით აიძულებენ კათოლიკობაზე გადასვლას; ამასთან ერთად პატრები უსინდისოდ მწამებდნენ ცილს, რომ თითქოს მე კათოლიკურ რწმენაზე გადავედი, და თავად მეფეც ვითომდა კათოლიკე გახდა და ყველას უბრძანებს, მიიღოს კათოლიკური რწმენა. ჩემსა და მეფის მიმართ ასეთი უსინდისო ცილისწამებით კათოლიკეებმა ბევრი მართლმადიდებელი გლეხი აიძულეს, მიეღო კათოლიკური რწმენა. განა ეს არის ქრისტესმიერი სული? პატრები თავიანთი ყოფა-ქცევით ხომ არ ამტკიცებენ იმას, რომ კათოლიკურ რწმენას თავის თავში არა აქვს სასიცოცხლო ძალები, რომლებიც იპყრობენ ადამიანის გონებას, გულსა და ნებას და აღძრავენ მასში ამ რწმენის ნება-ყოფლობით შედგომის წადილს, და რო მისი მიმდევრები მხოლოდ ძალადობითა და ტყუილით იტყუებენ მართალი აზროვნრბის მქონე ადამიანებს?
ძვირფასო მამანო და ძმანო! თქვენ იცით, რომ აი, უკვე ორმოცდაათი წელია, მყარად ვმყოფობ მართლმადიდებელ ეკლესიაში და ვემსახურები მას; შესაძლოა, იცით მართალი რწმენისათვის ჩემი გამუდმებული მოშურნეობის შესახებაც, იგი ჩემი მრავალრიცხოვანი წერილობითი ნაშრომების შესახებაც ღვთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სადიდებლად და ღვთის ძალის მრავალრიცხოვან ნიშანზე, რომელიც აღსრულდა არა მარტო მართლმადიდებელ ქრისტიანებზე, არამედ კათოლიკეებსა და ლუთერანებზეც, ებრაელებსა და მაჰმადიანებზეც კი, როდესაც ისინი რწმენით მომმართავდნენ ლოცვისათვის? ამის შესახებ მოწმობდნენ და მოწმობენ საგაზეთო ქრონიკები, და თვითმხილველთა მართალი, და არა ცრუ ჩვენებები. ვმოწმობ მეც ახლა თქვენსა და ყოვლისმხედველი ღმერთის წინაშე, რომ ჩვენთან დღემდე არ წყდება კურნებათა სასწაულები. ნიშნავს ეს, რომ მართლმადიდებლური რწმენა მკვდარი რწმენაა, როგორც ცილს სწამებდნენ მას კათოლიკეები? განა განუწყვეტლივ არ მოწმობს იგი, რომ ცოცხალი და მაცხოვნებელია, რომ სათნოა ღვთისთვის?
მე არ მსურს კათოლიციზმის ყოველგვარი სიცრუის მოწმედ მოვიყვანო მიუკერძოებელი ისტორია: იგი საკმაოდ ცნობილია მთელი განათლებული მსოფლიოსათვის. ჩვენთან რუსეთში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ მეჩვიდმეტე საუკეუნის ბედუკუღმართი უნია, კარგად ახსოვთ ფანატიკური სიძულვილი, რომლითაც კათოლიკეები ანადგურებდნენ მართლმადიდებლურ ტაძრებს დასავლეთ მხარეებში; ახსოვთ ყველა ის საშინელი ლანძღვა-გინება და დამამცირებელი სიტყვები, რომლები-თაც მოიხსენიებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ ქრისტიანებს. დღეს კვლავ განახლდა უნიის დროება, და ეს როდის? როცა კათოლიკეებს მიცემული აქვთ სრული თავისუფლება, თავისუფლება, რასაკვირველია, არა მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელთა დევნისათვის, არამედ მართლმადიდებელ თანამოქალაქეებთან მშვიდი თანაცხოვრებისათვის.
დასაწყისში მე მოვიყვანე პავლე მოციქულის სიტყვები იმის შესახებ, რომ ეკლესია სხეულია იესო ქრისტესი, ქრისტე კი თავია ეკლესიისა, “აღვსებაჲ იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინ აღავსო” (ეფ. 1,23).
ჩვენ მტკიცედ გვწამს ეკლესიის ამ ერთი თავისა და სხვა, ხილულ და უცდომელ თავს ვერ აღვიარებთ, რადგან არ შეიძლება ორ ბატონს ემსახურო. ჩვენთვის სავსებით საკმარისია ერთი თავი, ყოვლადმართალი, ყოვლისმცოდნე, ყოვლადძლიერი, ყოვლისაღმავსებელი (რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო). ეს თავი გვხელმძღვანელობს, გვიცავს და განგვამტკიცებს რწმენაში სულიწმიდის მადლით, მღვდელმსახურებს, განანათლებს, აცხოვნებს, მიჰყავს სრულყოფილებამდე.
და თუ გსურთ, იხილოთ ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის დიდებული და ღვთივსათნო ნაყოფი, - ჩვენს მტრებს მივუთითებთ იმ მრავალრიცხოვან ზეციურ არწივზე, რომელივ ამ ჩვენი მიწიდან აღფრინდა ზეცაში თავად სიმართლის მზესთან - იმ ყველა ჩვენს ძველსა და ახალ წმიდანს, ანგელოზთასწორი ცხოვრებით, სხეულის უხრწნელებითა და უთვალავი სასწაულით რომ განდიდდა.
დასასრულს ვიტყვი, რომ ჭეშმარიტება ჩვენი რწმენისა მდგომარეობს თავად მასში, თავად მის არსებაში: მასშია “დიახ”, და მასშია - “ამინ”.
და მეც ვასრულებ ჩემს სიტვას სიტყვით - ამინ”.
დაბოლოს, მოგვყავს წმ. იოანეს სიტყვები, რომლებიც მიგვითითებენ ერთადერთ მართალ გზას ჩევენს მზაკვარ და ყოველგვარის სიცრუით აღსავსე დროში: ”ებრძოლე ყოველგვარ ბოროტებას, დაუყოვნებლივ მოსპე იგი, ეომე მას ღვთისგან შენთვის მოცემული წმიდა სარწმუნოების, სიბრძნისა და სიმართლის საჭურველით, ლოცვით, კეთილმსახურებით, ჯვრით, სიმამაცით, თავდადებითა და ერთგულებით!”
(მთავარეპისკოპოსი ამბერკი: წმ. მართალი მამა იოანე კრონშტადტელი და რომაულ-კათოლიკური პაპიზმი”, ნ. ვოეიკოვის წიგნიდან: “სიმართლე უნიატობაზე”, მოსკოვი, 1992 წ.)
|
E-mail: info@qadageba.ge