ავტორიზაცია



Facebook Image






მღვდელოწამე ირინეოს ლიონელი - სად არის ჭეშმარიტება?

 

ჭეშმარიტება მხოლოდ მსოფლიო ეკლესიაშია. არ ეგების სხვებთან ძიება ჭეშმარიტებისა, რისი შეძენაც იოლია ეკლესიაში, რადგან მოციქულებმა, როგორც მდიდარმა საგანძურს, სრულად შესძინეს მას ყოველივე, რაც ჭეშმარიტებას უკავშირდება; 

 

ასე რომ, ყველა მსურველი მისგან იღებს სასმელს ცხოვრებისას. სწორედ ის არის კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა დანარჩენი „მასწავლებელი“ ქურდი და ავაზაკი. ამიტომაც უნდა ვერიდოთ ამ უკანასკნელთ, უდიდესი გულმოდგინებით ავირჩიოთ ის, რაც ეხება ეკლესიას, და შევიწყნაროთ გადმოცემა ჭეშმარიტებისა. რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე დავის დროს ნუთუ არ გვმართებს, მივმართოთ უძველეს ეკლესიებს, - მოციქულთა სამყოფელს - და იქიდან მივიღოთ სარმწუნო და ცხადი პასუხი?!

       

მოციქულებს რომ არ დაეტოვებინათ  ჩვენთვის ნაწერები, ნუთუ არ უნდა მივყოლოდით განაწესს გადმოცემისა, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ მათგან, ვისაც მოციქულებმა ანდეს ეკლესია?!

 
კაცთა მოდგმაში ხომ არავის აქვს ის, რაც აქვს ქრისტეს მღვდელმსახურს - წმიდა იუსტინე პოპოვიჩი

 

ძვირფასო ძმაო! გიხაროდენ უფლისაგან, გიხაროდენ ყოველ შენს მწუხარებაში, ყოველ შენს იწროებაში, ყოველ შენს სიკვდილში მისი გულისთვის, რადგან მის გარეშე ამ სევდიან წუთისოფელში არ არსებობს ჭეშმარიტი სიხარული. რამდენჯერ იგი, ყოვლადმოწყალე, ჩასულა ჩემს ჯოჯოხეთში და აღმოუყვანივარ იქიდან ჩემი ყველაზე საშინელი უეჭველი სიკვდილისაგან. იგივე ალბათ შენთანაც მრავალჯერ მოუმოქმედებია და საოცარი სიხარული ჩაღვრილა მაშინ შენსა და ჩემს სულში. ამგვარად გვისწრებს იგი საშველად ყველგან და ყოველთვის ადამიანთა ამ სამყაროში; მოდის იგი ჩვენთან თავისი ღვთაებრივი ჭეშმარიტებით, ღვთაებრივი სიმართლით, ღვთაებრივი სიხარულით და ვინ არის მაშინ ჩვენზე მდიდარი? და ჭეშმარიტად, ღვთაებრივ მოციქულთან ერთად ”არაფრის მაქნისი ვართ, მაგრამ - ყოვლისმფლობელნი”. და მართლაც თუ გყავს უფალი ისეო ქრისტე, ყველაფერს ვფლობთ. ამიტომ მოგვეცა კეთილი ნება ამ პატარა და ვიწრო სამყაროში; და ჩვენც მასთან ერთად ვართ ტანჯვასა და იწროებაში, დევნასა და მწუხარებაში, ყველა განსაცდელში, რადგან სახიერი და კეთილი უფალი დადის ჩემი გულიდან შენს გულამდე, ყველა ტანჯულის გულთან მიდის, ვისაც თვალი აქვს, ის ხედავს, ვისაც ყური აქვს, ის ისმენს ყოველთვის. არ ყოფილა ისეთი ჩემი მწუხარება, ისეთი ჩემი ავადმყოფობა, ისეთი ჩემი სიკვდილი, კაცთმოყვარე ღმერთს თავისი ყოვლდამოწყალებით რომ არ აეღოს თავის თავზე. ასევე იქნებოდა შენთანაც, შენ ეს უნდა გეგრძნო.

 
როგორ უნდა მოვინანიოთ - წმიდა იოანე კრონშტადტელი

 

უპირველეს ყოვლისა, მონანიება უნდა ხდებოდეს კეთილი ნებით და არა დროის, ჩვეულების ან მოძღვრის იძულებით. „მოინანიეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 4.17).

 

აღსარება უნდა იყოს აუცილებლად გულწრფელი, ყოველგვარი თვალთმაქცობისა და თავის მართლებისაგან თავისუფალი.

 

გვეშინოდეს ჩვენი ცოდვებისადმი გაქვავებული უგრძნობლობისა, გვაშინებდეს ამპარტავნება ჩვენი გულისა, რომელიც გვეუბნება: „არ მჭირდება ცოდვათა მიტევება, არა ვარ დამნაშავე, არა ვარ ცოდვილი“, ან: ჩემი ცოდვები მსუბუქია, ადამიანური“. თითქოს აუცილებელია, დემონური ცოდვები გვქონდეს: ან: „ცოდვების მიუტევებლადაც მშვენივრად ვგრძნობ თავს“. ეს სატანური სიამაყეა... ღრმად, მთელი გულით შევიგრძნოთ ჩვენი ურცხვი ცოდვები, ვიოხროთ, ვიტიროთ და გული მოვულბოთ განრისხებულ მეუფეს. ნუ დავიწყებთ ფარისევლებივით თავის მართლებას, რადგან „არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (ფს. 142.3), მხოლოდ ცოდვათა გულწრფელი მონანიებით შეგვიძლია მოვიზიდოთ ღმერთი. ნუ ვიქნებით გულგრილნი, მხურვალედ ვემსახუროთ უფალს.

 
<< დაწყება < წინა 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 69 114-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge