ავტორიზაცია



Facebook Image






წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) - ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ

 

ყველა წმ. მამა, ვინც სულიერი ლოცვის შესახებ წერდა, არა მარტო ოცნების სურათების განზრახ დახატვას გვიკრძალავს, არამედ გვასწავლის, ჩვენი ნებითა და თანაგრძნობით არ მივიდრიკოთ იმ ოცნებებისა და ჩვენებების მისაღებად, რომლებიც ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად, მოულოდნელად გვეცხადება. ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს: ”ნურაფრით ნუ მიიღებ, თუკი რაიმეს იხილავ ხორციელი თვალით ანდა გონებით, შენს გარეთ თუ შიგნით, სულერთია ქრისტეს სახე ექნება მას, ანგელოზის თუ რომელიმე წმინდანის, ნურც იმას მიაქცევ ყურადღებას, რაიმე ნათელი თუ გეჩვენა . . . მღვიძარე იყავ და გაფრთხილდი, ნუ მისცემ თავს ნებას რაიმეს ერწმუნო, ნუ გამოხატავ თანხმობასა და თანაგრძნობას, ნუ იჩქარებ, ენდო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი ჭეშმარიტი და კეთილი იყოს, განურჩეველი და გულგრილი იყავი მის მიმართ, დაიცევ გონება შენი ხილვებისაგან, ნურავითარ გამოსახულებას ნუ შეათხზვევინებ და ნურავითარ გამოსახულებას ნუ დაამჩნევ მას. ვინც რაიმეს დაინახავს გონებით ან ხორციელის თვალით, თუნდაც ეს ღმერთისგან იყოს და ნაჩქარევად მიიღებს მას, იოლად ვარდება ხიბლში ან ხიბლისადმი თავის მიდრეკილებას მაინც ამჟღავნებს, რაკი ნაჩქარევად და განუსჯელად ღებულობს ხილვებს . . . ღმერთს ისიც კი არ განარისხებს, თუ კაცი მის მიერ მივლენილ ხილვას არ შეიწყნარებს. პირიქით, აქებს მას ასეთი გონიერებისთვის”.

 
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი - თვალყური უნდა ვადევნოთ თუ არა სიზმრებს და რამდენგვარი სიზმარი არსებობს?

 

გრიგოლი: გმართებს იცოდე, პეტრე, რომ სულში სიზმრეული ჩვენებანი ექვსი მიზეზით შემოდიან. ზოგჯერ სიზმარი კუჭის სისავსის გამო წარმოიშობა, ზოგჯერ, პირიქით, მისი სიცარიელის გამო; ზოგჯერ - ეშმაკის ცდუნებით, ზოგჯერ - ზრახვებით (ფიქრებით) და ცდუნებით ერთდროულად; ზოგჯერ - გამოცხადებით, ზოგჯერ - გულისთქმითა და გამოცხადებით ერთდროულად. პირველი ორი სახის სიზმრეული ჩვენებანი გამოგვიცდია, ხოლო დანარჩენი ოთხი სახის მაგალითებს წმიდა წერილი გვაძლევს.

 

სიზმრეული ჩვენებანი ხშირად ეშმაკის საცდური რომ არ იყოს, მაშინ ბრძენკაცი არასოდეს მიგვითითებდა ამაზე სიტყვებით: “რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი” (ზირ. 34, 7). აგრეთვე: “ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ სიზმრებით” (ლევ. 19, 26). ამ სიტყვებით ცხადად ჩანს, რომ უნდა ვერიდოთ სიზმრებით მარჩიელობას. სიზმრები ზოგჯერ ზრახვებისა და საცდურისაგან ერთდროულად რომ არ მოდიოდეს, ბრძენი არ გვეტყოდა: “როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი” (ეკლ. 5, 2).

 
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - წერილი გიორგის, მეფის ნაცვალს აფრიკაში

 

ჩვენი საქმეების მიხედვით მოგვეგება მარადისობაში, უფრო სწორედ ჩვენი სულიერი განწყობის მიხედვით, რომელიც ჩვენივე ნებით წარმოიქმნება ჩვენში, მივიღებთ ღირსეულ საზღაურს:  მწველი სიამოვნებისათვის - გეენის ცეცხლს, უმეცრებისა და ცთუნების სიბნელისათვის - მარადიულ წყვდიადს, გაუმაძღრობისა და სიცრუის ჭიისათვის, რომელიც განლევს და გარყვნის ჩვენს გულს - დაუძინებელ მატლს. ყბედობისა და სიცილ-ხარხარისათვის - კბილთა ღრჭენას. ამპარტავნულ ქედმაღლობასა და გართობისათვის - დაცემასა და საშინელი სევდის უფსკრულს.

 

უბრალოდ რომ ითქვას, თითოეული ჩვენი ნებაყოფლობითი მანკიერებისთვის სამართლიანად ვღებულობთ შესაბამის სასჯელს. ჰოი, რაოდენ საცოდავნი ვართ! რატომ არ დავაცხრეთ ჩვენი სხეულის სიმხურვალე მარხვითა და მღვიძარებით, საღმრთო სიტყვათა შესწავლით, - ისინი ხომ ვნებათა ცეცხლის მშვენიერი და ძლიერი დამშრეტელნი  არიან, - რათა შემდგომ არ გვეწიოს ცეცხლზე დაწვა! რატომ არ მივაჩვიეთ ჩვენი თვალები, ყურები და ენა ეცქირათ, ესმინათ და ელაპარაკათ ისე, როგორც ამას მათი ბუნება მოითხოვდა, რათა წყვდიადის დათმენა და გამოყრუებული სიჩუმის ატანა არ მოგვიხდეს. გავხადოთ ისინი ღვთაებრივი დიდების ჭვრეტის, სმენის და გამომეტყველების ორღანონი, რათა წმიდანებთან ერთად დავტკბეთ ღვთის ნათლის, სიტყვისა და სიბრძნის განცდით.

 
<< დაწყება < წინა 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 67 114-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge