ავტორიზაცია



Facebook Image






კალენდარი - მსოფლმხედველობა და დროის ფილოსოფია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

ძველი აღთქმის ფილოსოფოსთან, ფილონთან, რომელიც ბიბლიური მონოთეიზმისა და პლატონის მოძღვრების ერთიან სისტემაში გაერთიანებას ცდილობდა, დროის საგულისხმო მეტაფორას ვხვდებით; შესაქმეში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ადამი და ევა სამოთხიდან იქნენ გაძევებულნი, ღმერთმა ედემის კარის მცველად „დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახვილი იქცევისი“ (შესაქმ. 3.24.). ფილონი ამ სახეს შემდეგნაირად განმარტავს: ქერუბიმი მატერიალური კოსმოსია ხოლო მოტყინარე (ცეცხლოვანი) იქცევისი (მბრუნავი) მახვილი - დრო. მატერია და დრო დაცემული ადამიანისაგან სულიერი არსებებისა და ღმრთაებრივი ნათლის სამყაროს ფარავენ, რომელიც მას ცოდვით დაცემის გამო წაერთვა.

 

ბიბლიის ამ ადგილის ფილონისეულ ინტერპრეტაციას ატყვია კვალი ნეგატივიზმისა, რომელსაც პლატონი მატერიისა და დროის ცნებებთან დამოკიდებულებაში იჩენს. იგი იმ კოსმოლოგიას ასახავს, რომელიც სივრცეში განფენილ სამყაროს მწირობის ქვეყანად, დაცემულობის უფსკრულად და სულის საპყრობილედ წარმოადგენს. ქრისტიანობამ კი განგვიცხადა, რომ პირველმამათა სამოთხიდან განგდება ღვთის სიყვარულის მოქმედებაა: მტკივან თვალზე აფარებულ სახვევზე ხომ არ ვამბობთ, მზის ჭვრეტას გვიშლისო - ადამიანს სახვევი კი არა, ავადმყოფობა უხშობს თვალისჩინს. როგორც ჩვილს სჭირდება აკვანი და ჩვრები, რომელშიც მის სუსტ სხეულს გაახვევენ, ისე სჭირდებოდათ სამოთხიდან გაძევებულებს კოსმოსის აკვანი და დროის ჩვრები, რათა მარადიულობისთვის, დაბრუნებული სამოთხისთვის მომზადებულიყვნენ. რომ არ ყოფილიყო მატერია და დრო, ადამიანი ღმერთთან კავშირის დარღვევის შემდეგ მყისვე დემონურ ძალად იქცეოდა და ანგელოზთა მწყობრს კი არ შეემატებოდა, ბოროტი სულების რიგს შეავსებდა.

 
<< დაწყება < წინა 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 66 114-დან
კონტაქტი: გიორგი 551-75-07-80;
                    E-mail: info@qadageba.ge