|
მამა თამაზ, თქვენს წერილში, რომელიც შეეხებოდა 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, გმობთ ძალადობას, რომელიც, თითქოს, ეკლესიამ გამოავლინა უწყინარი ცოდვილების მიმართ, და გვთავაზობთ წმიდა წერილზე დაფუძნებულ შეგონებას.
თქვენს მსჯელობაში ვამჩნევთ სამწუხარო მოვლენას, როდესაც ეკლესიის მსახური ცდილობს შეგნებულად დაამახინჯოს ეკლესიის სწავლება ცოდვაზე, ცოდვილებთან ურთიერთობაზე, ეკლესიისა და სახემწიფოს ურთიერთობაზე, რითაც ცდილობთ აამოთ ამა სოფლის ძლიერთ და შეურაცხყოთ წმ. ეკლესია. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, გვეპასუხა თქვენთვის და წარმოგვეჩინა თქვენი არაგულწრფელობა.
1. თქვენ ამბობთ: „რატომ სდევნი ძალადობით განსხვავებულ, თუნდაც ცოდვილ ადამიანს? განა ასე იქცეოდა უფალი შენი, პირველი მღვდელთავარი და მოძღვარი იესო ქრისტე?განა სდევნიდა იგი ვინმეს? მახარებლები მოგვითხობენ მაცხოვრის ასვლას იერუსალიმის ტაძარში: „და შექმნა შოლტი საბლისა და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაი და ცხოვარი, კერმისმსყიდველთა მათ დაუთხია კერმაი და ტაბლები იგი დაუმხუა“ (იოანე 2.15). გაიხსენე წმიდა ნიკოლოზი, როდესაც მან კვერთხი დაჰკრა ღვთისმგმობ არიოზს, რის გამოც საპყრობილეში მოათავსეს იგი. თუმცა ღმერთმა საღმრთო გამოცხადებით გამოაჩინა (მაცხოვარი და ღმრთისმშობელი გადასცემენ მას სახარებას და ომოფორს), რომ წმიდა ნიკოლოზის ეს საქციელი იყო ღვთისაგან. და ბოლოს, კვლავ ცილი რომ არ დასწამოთ ეკლესიის იქ გამოსულ ნაწილს ზემოთქმულის გამო, თითქოს და მომხრენი ვართ ადამიანთა შეურაცხყოფისა და დარბევისა, შეგახსენებთ წმიდა გარეჯელის ცხოვრებიდან შემდეგს: წმიდა მამამ ვერ შეაჩერა ქაშვეთთან შეკრებილი ხალხი, რემლებმაც ქვით ჩაქოლა მისი ცილისმწამებელი ქალი, რის გამოც დატოვა თბილისი და წავიდა გარეჯის უდაბნოში.
|